03/07/2020 magda

GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის #GEODEM2020 მე-2 პანელი

2020 წლის 1 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის #GEODEM რიგით მე-5 გამოშვების მეორე პანელს თემაზე საერთაშორისო აქტორები და არჩევნები. GIP-ის ყოველწლიური კონფერენციის 2020 წლის გამოშვების მთავარი თემაა არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? Კონფერენცია, რომელიც წელს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით იმართება, ტრადიციულად, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური დახმარებით ტარდება.

პანელი ძირითადად შეეხებოდა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის საერთაშორისო განზომილებას, განსაკუთრებით კი, დასავლეთის როლს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართა:

  • რა არის საერთაშორისო საზოგადოების როლი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში?
  • რამდენად და როგორ მოახდენს გავლენას ევროკავშირის  საგარეო და სამეზობლო პოლიტიკაში ბოლოდროინდელი პრაგმატული ცვლილებები ევროკავშირის მიდგომაზე საქართველოს მიმართ?
  • რამდენად და რა გზებით შეუძლიათ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა საერთაშორისო აქტორებს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენა?
  • რა არის საერთაშორისო ვოჩდოგებისა და არასამთავრობო აქტორების როლი საქართველოს საარჩევნო პროცესში?

 

პანელზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით GIP-ის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ გახსნა და რომლის მოდერატორიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, დოქტ. შტეფან მაისტერი იყო, მოხსენებებით წარსდგნენ

  • მისი აღმატებულება კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში
  • მისი აღმატებულება ჯასტინ მაკენზი სმიტი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში
  • ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის წევრი, ევროპის მწვანეთა პარტია
  • კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

 

პირველი მომხსენებელი გახლდათ მისი აღმატებულება კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მოხსენების დასაწყისში, მან კიდევ ერთხელ აღუთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მის მიერ დასახეული მიზნის – ძლიერი დემოკრატიის – მიღწევაში. Მისი თქმით, სწორად ძლიერი დემოკრატიაა ის, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის სტიმულირებას ახდენს. ამერიკის ელჩმა, ასევე, პოზიტიურად შეაფასა 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნებთან დაკავშირებით.

მისმა აღმატებულება კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ ამაყობს საქართველოსთან პარტნიორობით და თავის გამოსვლაში გამოყო ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელთა საშუალებითაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაში. მისი თქმით, აშშ საქართველოს თავდადებული პარტნიორია განვითარებაში, უსაფრთხოებაშ, აქვს ნეიტრალური არბიტრის როლი და, ამავე დროს, არის ობიექტური შემფასებელიც. Მან ყურადღება გაამახვილა სხვა საერთაშირისო აქტორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზეც. როგორც მან აღნიშნა, განვითარების კუთხით, აშშ საქართველოს ეხმარება ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების ამოცნობაში და საჭირო სტრატეგიების შემუშავებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს იმ შედეგს რაც დასახა. მან მაგალითად მოიყვანა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერა, რისი მეშვეობითაც აშშ განათლების სისტემის გამართვის კუთხით ეხმარება საქართველოს. მან, ასეთ ჩამონათვალში, ასევე, ახსენა  კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, საზოგადოებაში პოლიტიკური განათლების გაუმჯობესება. მეორე მიმართულება, რომელიც მან გამოყო არის უსაფრთხოება, რაშიც საქართველო აშშ-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, უსაფრთხოების გამართული სისტემა უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხით ამ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და ის რესურსები, რასაც აშშ გამოყოფს საქართველოსთვის. Მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხიების დაცვაში. მესამე მიმართულება, რაშიც იგი აშშ-ის განსაკუთრებულ როლს ხედავს არის ნეიტრალური არბიტრის როლი. აშშ-ს შეუძლია შეასრულოს საქართველოს პროგრესის ობიექტური შემფასებლის როლი. თუმცა, აშშ არ არის ერთადერთი ასეთი აქტორი. სხვა საერთაშორისო აქტორებიც საინტერესო უკუკავშირს აწვდიან სახელმწიფოს. Სიტყვის დასასრულს, ელჩმა აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის მოლაპარაკების დროს საერთაშორისო აქტორების მხრიდან მედიატორის როლის შესრულებაზეც. მისი თქმით, მკაფიოდ გამოხატული პოლარიზაციის პირობებში ასეთი როლის შესრულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს..

კონფერენციის მეორე სპიკერი გახლდათ მისი აღმატებულება ჯასტინ მაკენზი სმიტი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, რომელმაც ისაუბრა არჩევნების დროს საერთაშორისო საზოგადოების როლზე. მან დასაწყისში მოიშველია 1919 წლის საქართველოს პირველი რესპუბლიკის საპარლამენტო მოდელი და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იმ დროინდელ პარლამენტში ხუთი ქალი დეპუტატი იყო არჩეული. მისი დაკვირვებით, იმ დროს საქართველოს სახელმწიფომ თავად ითამაშა დიდი როლი და თავად მოახერხა ცვლილებების მოხდენა. 1991 წლის არჩევნების დროს კი საერთაშორისო საზოგადოებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მან ისტორიულ ჭრილში ქრონოლოგიურად მიმოიხილა ის ძირითადი გარდამტეხი ცვლილებები, რაც საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე მოხდა და 2020 წლის 29 ივნისის ორშაბათის საკონსტიტუციო ცვლილებებას ისტორიული უწოდა.  ელჩმა ეს წარმატება პირველ რიგში ქართველი ხალხის ძალისხმევას მიაწერა და ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფასილიტატორებს, რომელთაგან რამდენიმე ამავე პანელის მომხსენებელი იყო. ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების როლი კიდევ უფრო ნაკლები იქნება.

ელჩის გადმოსახედიდან, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, გამონათქვამი რომ “დროის გასვლასთან ერთად ვიხვეწებით”, არაა სწორი. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, დასახვეწად ყოველი არჩევნების დროს ახალი რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულებაა საჭირო. არჩევნები რეალურად არის იმ დემოკრატიული ფუნდამენტის დაცვა, რომელიც უკვე შექმნა საზოგადოებამ. კიდევ ერთ სფეროდ, რომელი მიმართუყლებითაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია იმუშავოს, მან რეფორმების განხორციელება დაასახელა და მათ შორის გამოყო საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, საჯარო სექტორს კი სახელმწიფოს ხერხემალი უწოდა. ჯასტინ მაკენზი სმიტმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მედიის ობიექტურობის აუცილებლობაზე და კრიტიკულ მნიშვნელობაზე, რათა მოსახლეობას ქონდეს წვდომა ავთენტურ ინფორმაციაზე.

 

პანელის შემდეგი სპიკერი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის წევრი და ევროპის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი იყო. ქალბატონმა კრამონმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთან თანამშრომლობის განსაკუთრებულობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ყოველთვის მზადაა ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ხარისხის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტი რეგიონში გამორჩეულია. გარდა ამისა, მან მაგალითად მოიყვანა მისი ვიზიტი უკრაინაში 2010-12 წლებში, სადაც მომსწრე გახდა, თუ როგორ საუბრობდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, იყო ეს საჯარო ადმინისტრირების, თუ საპატრულო პოლიციის რეფორმა, რომელიც უნიკალური ფორმით განხორციელდა ამ რეგიონში. უკრაინამ, საბოლოო ჯამში, აიღო საქართველოს პატრულის რეფორმის მოდელი აიღო მაგალითად, რაც სპიკერმა სიამაყით აღნიშნა და ახსნა, რომ ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა ქვეყნებს შორის საუკეთესი გამოცდილების გაზიარების. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2020 წლის არჩევნების წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე და ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასა. თუმცა, აქვე დასძინა რომ სამწუხაროდ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არ ისარგებლა ამ შანსით და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილების მხარდაჭერაში. მან განმარტა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ, საბოლოო გადასწყეტილება კი მხოლოდ საქართველოს პარლამენტზე, მთავრობასა და, ზოგადად,  ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული.

ღონისძიების ბოლო მომხსენებელი იყო კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში. კრისტიან ურსემ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან და ნატოსტან შედარებით, ევროსაბჭოს გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებელი საქართველოსთან მიმართებაში – კერძოდ, ის რომ საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი. მან თქვა, რომ საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მხარდაჭერა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, რომ აქტიური მუშაობა ხორხციელდება საქართევლოსთან ერთად და რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ევროსაბჭოს წევრებს არ უწევთ გარე დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა. Ამასთანავე, საქართველო უკვე აქტიურად არის ჩართული ევროსაბჭოშ პრიორიტეტებისა და სტანდარტების დანერგვის საქმეში. Საქართველო იუო მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარე ქვეყანა გასული ნოემბრიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით და მის მიერ ამ პერიოდში დასახაული ერთ-ერთი პრიორიტეტი – კერძოდ, კავშირი ადამიანის უფლებების დაცვასა და გარემოსდაცვით საკითხებს შორის – შენარჩუნდა ევროსაბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად და იქცა დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის წლევანდელი გამოცემის მთავარ თემად. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც საქართველომ შექმნა და რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან წარმატებით აიტაცა. კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ აუცილებელია შევაფასოთ საქართველოს განვითარება არჩევნებთან მიმართებაში ბოლო 20-30 წლის მანძილზე. მან ამოიკითხა 1994 წლის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, სადაც საუბარი იყო ევროსაბჭოს გაფართოვებაზე. 25 წლის წინანდელ ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეეძლოთ, გამხდარიყვნენ ამ კავშირის წევრები, თუ ექნებოდათ განცხადებულიი ნება ყოფილიყვნენ ევროპის ნაწილი. მაშინ, როცა ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან, მაგალითად, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი და მოლდოვა უკვე სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით ევროსაბჭოსგან. წლების მანძილზე გამოჩნდა, თუ როგორ განვითარდნენ ეს სახელმწიფოები და სად დგას საქართველოს მისი მკაფიო პროგრესით დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. Კრისტიან ურსემ, ასევე, ისაუბრა საქართველის პარლამენტის 29 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და საარჩევნო რეფორმა დადებითად შეაფასა. იდეა, რომ საქართველო გადასულიყო პროპორციულ არჩევნებზე წლების მანძილზე იდგა დღის წესრიგში და რეკომენდაციები ამის შესახებ ევროსაბჭოს დოკუმენტებში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩანს. მან ხაზი გაუსვა ამ ცვლილებების პროცესის ხანგძლივობასა და კომლექსურობას და კმაყოფილება გამოთქვა, რომ თუნდაც ნაწილობრივ პროპერციული სისტემის ამოქმედება უკვე შესაძლებელი გახდება 29 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად. მისი თქმით, ფაქტია, რომ დისკუსია შედგა მხარეებს შორის და, ასევე, ფაქტია, რომ ეს დისკუსია გაგრძელდება. დასკვნის სახით მან აღნიშნა, რომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პოლიტიკური კლიმატი არჩევნების დროს იყოს თანასწორი და პლურალისტური.

მოხსენებების შემდეგ, აუდიტორიის მხრიდან დაისვა საინტერსო შეკითხვები არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებზე, გარე ჩარევის საფრთხეებზე და არჩევნებზე დაკვირვების მექანიზმებზე, რაზეც სპიკერებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხეს. საბოლოო ჯამში, კონფერენციის მეორე პანელს 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ქართულ ენაზე ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია აქ >>  

ინგლისურ ენაზე ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია აქ >>

კონფერენციის მესამე პანელი, ასევე ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, 14 ივლისს, გაიმართება თემაზე – ელექტორატის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. 

მესამე პანელის შესახებ სრულ ინფორმაციას მალე გამოვაქვეყნებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალური მედიის პლატფორმებს!

უფრო დეტალურ ინფორმაციას კონფერენციის სამივე პანელის შესახებ კი GIP კონფერენციის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ ანგარიშში გამოაქვეყნებს.

, , , ,