26/07/2024 GIP

რიგით მე-10 შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი BSSU 2024

15-19 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, საფრანგეთის ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრთან CIFE-ესთან (Centre International de Formation Européenne), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თბილისში შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2024 გაიმართა, თემაზე – ცვალებადი გეოპოლიტიკა: კონფლიქტების დინამიკა შავი ზღვის რეგიონში.

2024 წლის საზაფხულო უნივერსიტეტი პროფ. კორნელი კაკაჩიამ (დირექტორი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), მარი ფრანს პერდიგონმა (დირექტორი – ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრი) და პროფ. გიორგი ბარკალაიამ (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი) გახსნეს. 

ერთობლივ ერთკვირიან პროგრამაში ჩართული იყო 29 ახალგაზრდა მკვლევარი პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რათა განეხილათ ის გამოწვევები, რომლებსაც შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები აწყდებიან რეგიონში დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და კონფლიქტების მიმდინარე დინამიკის ფონზე. გამორჩეულმა ლექტორებმა სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგინეს თემების ფართო სპექტრი – გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან და საზოგადოების მდგრადობიდან დაწყებული, კლიმატის პოლიტიკითა და ენერგოუსაფრთხოებით დასრულებული, რის შედეგადაც, პროგრამის მონაწილეებს შესთავაზეს შავი ზღვის რეგიონის რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ყოვლისმომცველ ანალიზი.

სესიების პირველ დღეს, პროფ. ბენედიქტ ჰარზლმა (ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლისა და ევრაზიის კვლევების ცენტრი და გრაცის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი) და პროფ. იურგენ პირკერმა (იურისპრუდენციისა და მმართველობა სრული პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი; ევროსაბჭოს ენების ქარტიის ფარგლებში ექსპერტთა კომიტეტის წევრი) ევროპაში უმცირესობების ენებისა და უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მათ ისაუბრეს ევროპის საბჭოს მიერ მოწოდებულ სამართლებრივ ჩარჩოებზე, როგორებიცაა – “ევროპული ქარტია რეგიონულ და უმცირესობათა ენებზე” და “ევროპული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ”. გარდა ამისა, პროფესორებმა მიმოიხილეს მონიტორინგის მექანიზმები და გარკვეული შემთხვევები, სადაც კონფლიქტის ინტერაქციულმა გადაწყვეტამ შეიძლება შეავსოს იურიდიული საშუალებები იდენტობის პოლიტიკის განხილვისას.  მეორე სესიაზე, პროფ. მაიკლ ლუკენმა (საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველო) ისაუბრა მედეგობის კონცეფციაზე შავი ზღვის რეგიონში. მან ხაზი გაუსვა ურთიერთკავშირს კლიმატის პოლიტიკას, გეოპოლიტიკურ დინამიკასა და მდგრადობის ასამაღლებლად პროაქტიული ზომების აუცილებლობას შორის და ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისა და ღია სამოქალაქო საზოგადოებების გაძლიერების მნიშვნელობაზე, როგორც მედეგობის გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯზე.

სესიების მეორე დღე ძირითადად საქართველოს საკითხს დაეთმო. პროფ. შალვა ძებისაშვილმა (ასოცირებული პროფესორი და საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი) ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირებების შესახებ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საზოგადოების მედეგობის როლს საქართველოსა და სომხეთში, განსაკუთრებით გარე ზეწოლისა და შიდა გამოწვევების კონტექსტში. პროფესორმა ძებისაშვილმა თავდაცვის პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ აღნიშნული ქვეყნები რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონულ ლანდშაფტზე. მეორე სესიის ფარგლებში, ელჩმა ივანე მაჭავარიანმა (ყოფილი ელჩი, საქართველოს საელჩო იაპონიაში/საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) აღმასრულებელი საბჭოს თანათავმჯდომარე) გააანალიზა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მრავალმხრივი გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ ომზე. მან ასევე ისაუბრა უკრაინის კონფლიქტის გავლენაზე საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთის საერთაშორისო აღქმაზე. გარდა ამისა, ელჩმა მაჭავარიანმა განიხილა საქართველოს სტრატეგიული ინტერესები და მათზე არსებული რეგიონული და საერთაშორისო პერსპექტივები. ბოლოს, მესამე სესიის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი და მმართველი საბჭოს წევრი; თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე) განიხილა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრინციპები და მისი სტრატეგიული ინტერესები შავი ზღვის რეგიონში. მან სიღრმისეულად მიმოიხილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ს საკანონმდებლო დღის წესრიგში. გარდა ამისა, მიხეილ დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა ნატოს ვაშინგტონის სამიტის ძირითად საკითხებზე. 

შემდეგ სასესიო დღეს, დოქტ. ფლორენტ მარკიაკმა (ევროპის საერთაშორისო დეფორმაციის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი) განიხილა შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ისაუბრა ისეთი დიდი სახელმწიფოების ჩართულობაზე, როგორებიცაა ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი. დისკუსია მიზნად ისახავდა რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევების გააზრებას, რომლებიც კიდევ უფრო გამწვავებულია ძალაუფლების გამძაფრებული მეტოქეობით. დისკუსია ასევე მოიცავდა რეგიონული უსაფრთხოების დინამიკის ანალიზსა და გავლენას ევროპულ უსაფრთხოებაზე. დოქტორ მარკიაკის სესიის შემდეგ, დოქტ. ფლორენ პარმენტიემ (გენერალური მდივანი, Centre de recherches politiques de Sciences Po (CEVIPCF)) განიხილა კომპლექსური ენერგეტიკული პოლიტიკა და ინტენსიური კონკურენცია რესურსებისთვის შავი ზღვის რეგიონში. დოქტორმა პარმენტიემ ხაზი გაუსვა აღნიშნული სფეროს სტრატეგიულ მნიშვნელობას, სადაც რუსეთის დომინირება, თურქეთის მზარდი გავლენა და ევროკავშირის ენერგეტიკული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ის ასევე შეეხო რეგიონში მილსადენის პროექტებისა და სამხედრო განლაგების გეოპოლიტიკურ შედეგებს. გარდა ამისა, დოქტორმა პარმენტიემ მიმოიხილა გაჭიანურებული რეგიონული კონფლიქტების გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. კერძოდ, მან ისაუბრა მილიტარიზაციის, დეზინფორმაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის ნაკლებობაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი რუსეთის საინფორმაციო ომის ტაქტიკასა და რეგიონში მათ ეფექტებზე გაამახვილა.

საბოლოოდ, სესიების ბოლო დღეს, პროფ. კორნელი კაკაჩიამ (პოლიტიკის მეცნიერებისა და ჟან მონეს პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი) ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის გზაზე არსებულ მნიშვნელოვან შიდა რეფორმებზე და ასევე ისაუბრა ერთგვარ საზოგადოებრივი ხიდჩატეხილობაზე ამ მიმართულებით. პროფესორმა კაკაჩიამ ყოვლისმომცველი მიმოხილვა წარმოადგინა საქართველოს წინაშე არსებული პერსპექტივებსა და გამოწვევების გარშემო მისი საგარეო პოლიტიკური ლანდშაფტის კონტექსტში. პროგრამა დასრულდა დოქტ. ფლორენტ მარკიაკის სესიით, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პროფესორმა მარკიაკმა, ფასილიტაცია გაუწია დისკუსიას წევრი ქვეყნების მიდგომების შესახებ გაფართოების პოლიტიკის პროცესის რეფორმებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოების ვეროინტეგრაციის სტრატეგიების შესახებ. სესია ასევე მოიცავდა ჯგუფურ სამუშაო დისკუსიებს ევროკავშირის მომავლის შესახებ. 

ყოველი სესია ინტერაქციული ხასიათის იყო და მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიებში სხვადასხვა თემებზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. პროგრამა დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა .

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ფრანგული აკადემიური ინსტიტუტის CIFE-ესა (Centre International de Formation Européenne) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით 2015 წლიდან ტარდება. შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2024 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა ორგანიზებული იყო პროექტის „საქართველოს მდგრადობის რისკების განსაზღვრა და შერბილება“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ნატოს სახალხო დიპლომატიის სამმართველოსა და თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

ბროშურა

 

, , , , , , , , , , , , , ,