11/11/2021 keta

GIP-ის ახალი პროგრამა კოალიციები და კონსენსუსის პოლიტიკა: გაკვეთილები ლიეტუვადან და სკოლა პარტიული პოლიტიკის შესახებ

ოთხ-ხუთ ნოემბერს ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერითა და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით ორდღიანი ღონისძიება გაიმართა. თავდაპირველად მოეწყო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია – „სამთავრობო კოალიციები და კონსენსუსის პოლიტიკა: გაკვეთილები ლიეტუვადან“, შემდეგ კი  პარტიული პოლიტიკის სკოლის შემოდგომის სესია ჩატარდა. შეხვედრები გაიმართა პროექტის „კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ლიეტუვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. „ძალდატანებით თავს მოხვეული არაფერი მუშაობს, ამიტომაც საჭიროა ლიეტუვაში კოალიციების შექმნის კონკრეტული შემთხვევები და მოდელები წარმოვადგინოთ“ – აღნიშნა ელჩმა.

ოთხ ნოემბერს, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა მაჟვიდას იასტრამსკისმა და საჯარო პოლიტიკისა და მართვის ინსტიტუტის მონაცემთა წამყვანმა მეცნიერმა (ვილნიუსი, ლიეტუვა) ლუკას პუკელისიმ, წარადგინეს თავიანთი პოლიტიკის დოკუმენტი „სამთავრობო კოალიციები და კონსენსუსის პოლიტიკა: გაკვეთილები ლიეტუვადან“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ. მან ისაუბრა თუ როგორია კოალიციის მშენებლობის ქართული პერსპექტივა.

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი თითქმის ათი წლის განმავლობაში ხასიათდება ღრმა პოლარიზებით – თუმცა, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანამ განიცადა ყველაზე ღრმა კრიზისი. მაშინ, როდესაც  საქართველოს კონსტიტუცია საპარლამენტო სისტემისკენ გადასვლას ითვალისწინებს, პოლიტიკური პარტიები ჩართულნი არიან რადიკალურ დისკუსიაში და წარმოადგენენ არჩევნებს „ნულოვანი ჯამის თამაშის პრინციპით”.

მიუხედავად ამისა, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა გარდაუვალს ხდის კოალიციური მთავრობების ალბათობას. ლიეტუვა, თავისი შედარებით ძლიერი ინსტიტუტებით და სტაბილური, ამავდროულად, მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოთი, გთავაზობს საინტერესო შემთხვევის შესწავლის მოდელს. დისკუსიამ ერთად შეკრიბა ლიეტუველი და ქართველი ექსპერტები, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა გაეზიარებინათ მაგალითები პოლიტიკური დაპირისპირების და კონკურენტების, რომლებიც იცავენ თამაშის დემოკრატიულ წესებს. მათ ასევე ისაუბრეს პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. მომხსენებლებმა იმსჯელეს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების შესახებ და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქართველოში.

ხუთ ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამართა კიდევ ერთი ღონისძიება – პარტიული პოლიტიკის სკოლის შემოდგომის სესია, სადაც ერთად შეკრიბა 18 ახალგაზრდა პოლიტიკოსი 10 პოლიტიკური პარტიიდან.

ახალგაზრდებმა იმსჯელეს და განიხილეს შიდა დემოკრატიასთან, საარჩევნო კამპანიებთან და სტრატეგიებთან დაკავშირებული საკითხები. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა პარტიული პოლიტიკის, პოლიტიკის შემუშავების, კოალიციის შექმნისა და კონკურენტებთან მუშაობის შესახებ.

პარტიული პოლიტიკის სკოლის შემოდგომის სესიის მომხსენებლები იყვნენ NDI ქვეყნის დირექტორი ალან გილამი, რომელმაც ისაუბრა საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებსა და სოციალურ მედიაზე და GIPA-ს პროფესორი ბაკურ კვაშილავა, რომელმაც წარადგინა თავისი ბოლო კვლევა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის შესახებ. ინტერაქტიული სესიები მოიცავდა სიმულაციური თამაშებს და ოქსფორდის სტილის დებატებს მონაწილეებს შორის.

 

ავტორი

, , , , ,