საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და ექსპერტები 6-7 სექტემბერს ლოპოტაში შეიკრიბნენ, რათა აღნიშნული სამი ქვეყნის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე ემსჯელათ. საერთაშორისო სემინარის იდეის ინიციატორი და ორგანიზატორი, ღია საზოგადოების ფონდების ქსელის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი იყო.
ღია საზოგადოების ფონდების ქსელის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა კორუფციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხები მიმოიხილეს. ამასთანავე, ევროკავშირის ინსტიტუტებში მონიტორინგისა და ადვოკატირებისთვის, ექსპერტებმა გაიარეს ტრენინგი პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებასა და ადვოკატირების საკითხებში. ლოპოტაში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მათთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და საინფორმაციო მიმართულების ხელმღძვანელი ქ-ნ დოროტა დლუჩი-სულიგა.
ღია საზოგადოების ფონდების ადგილობრივი კოორდინატორების დახმარებით, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი – კორნელი კაკაჩია – უხელმძღვანელებს სამივე ქვეყნის რეგიონული ანგარიშის შედგენის პროცესს, რომლის პრეზენტაცია მოხდება ბრიუსელში.
2016 წელს ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სოროსის ფონდი-მოლდოვა, საერთაშორისო რენესანსის ფონდი, ევრაზიის პროგრამა და ფონდი ღია საზოგადოება ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებენ კვლევისა და ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ეროვნული ფონდების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები შეაფასებენ მიმდინარე რეფორმებს სამართლის, ანტიკორუფციისა და ანტიდისკრიმინაციის სფეროებში, ასევე კონკრეტული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სპეციფიკურ საკითხებს.
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის პროექტს 2014 წლიდან წარმატებით ახორციელებს.
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ჩვენი რეკომენდაციები ყურადღებით განიხილება.“ – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი. გასულ წლებში საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დამოუკიდებლად მუშაობდა ამ საკითხის ირგვლივ, ჩხიკვაძის თქმით, „ერთად მუშაობა გამოცდილების გაზიარების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენს საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის“.