9 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) პარტნიორობით, გამართა ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია – “საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის”.
ანგარიშის ნახვა შესაძლებელია აქ>>
20 შედეგი 2020 წლისთვის, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, წარმოადგენს ძირითად ჩარჩოსა და გზამკვლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი შედეგის მისაღწევად კვლავ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შიდა მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით. საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური სახელმწიფოსთვის, შედეგების წარმატებულად შესრულება გააღრმავებს რეფორმების პროცესს და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებენ ამ შეფასებას, ვინაიდან ეს არის ის სექტორი, რომელსაც ყოველთვის უფრო კრიტიკული მიდგომა აქვს ხოლმე ხელისუფლების მიერ შესრულებული ვალდებულებების მიმართ. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტს გამოიყენებს როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს იმის განსასაზღვრად თუ რა არის მომავალში გასაკეთებელი და როგორ უნდა მივაღწიოთ მეტ წარმატებას“, – ელენე ნიჟარაძე, ISFED
საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის პროგრესის შესახებ პირველი დამოუკიდებელი მოხსენების მომზადებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 14-მა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. თითოეული შედეგის ანგარიში მიმოიხილავს პროგრესს, მიღწეულ შედეგებსა და იმ გამოწვევებს, რომლებიც 2020 წლისთვის 20 შედეგის შესრულების პროცესს ახლავს თან. ანგარიში, ასევე, წარადგენს რეკომენდაციებს აღნიშნული ჩარჩოდან მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის და მოახდენს აუცილებლად გასატარებელი რეფორმების ადვოკატირებას საქართველოსა და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
„საქართველო, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში განხილულია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო და ამით ამაყობს თვითონ ქვეყანაც და ვამაყობთ ჩვენც – საერთაშორისო საზოგადოება. თუმცა, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ამ წარმატებებით დაკმაყოფილება, რადგან ურფო განგრძობადი პროგრესის საჭიროება არსებობს. ამ მხრივ, სამაგალითოა ქართული სამოქალაქო საზოგადოების როლი თავისი ვოჩდოგურ საქმიანობისა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც პოზიტიურ დამოკიდებულებას“, – ლუს ლამერტსი, ელჩის მოადგილე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
„საქართველოსთან ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ორმხრივი ურთიერთობები ეხება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ მთელს საზოგადოებას. ევროკავშირი-საქართველოს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი საზომი არსებული საერთო ღირებულებების ძალიან ფართო სპექტრია, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე ვიწყებთ მომავლის პრიორიტეტებისა და მისაღწევი შედეგების განხილვას. ევროკავშირის ინსტიტუციებმა უკვე წამოაყენეს დღის წესრიგი ამ მიმართულებით, რომლიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ახალგაზრდების მეტი ჩართულობა, კლიმატის მედეგომა და მეტი დიგიტალიზაცია. სწორად, ეს საკითხები იქნება, რომელზეც მომავალში ვისაუბრებთ“, – ვინსენტ რეი, პროექტების განყოფილების უფროსი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
პრეზენტაცია გაიმართა ხუთი პარალელური სესიის ფორმატში. თითოეულ სესიაზე განხილული იყო ანგარიშში ასახული აღმოსავლეთ პარტნირობის თითო პრიორიტეტული სფერო. კერძოდ:
- კომპლექსური შედეგები – სესიის ჩანაწერი >>
- უფრო ძლიერი ეკონომიკა: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები – სესიის ჩანაწერი >>
- უფრო ძლიერი მმართველობა: ინსტიტუტების გაძლიერება და სათანადო მმართველობა – სესიის ჩანაწერი >>
- უფრო მტკიცე კავშირები: კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება – სესიის ჩანაწერი >>
- უფრო ძლიერი საზოგადოება: მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები – სესიის ჩანაწერი >>
პრეზენტაციის გახსნა/მისალმება >>
ჯგუფის მომხსენებლების პრეზენტაციები/შეჯამება >>
ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის შესრულება 2020 წლისთვის“ მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.