2020 წლის 14 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დემოკრატიის მე-5 ყოველწლიური კონფერენციის დასკვნით, მესამე პანელს უმასპინძლა თემაზე: ელექტორატის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია.
წლევანდელი კონფერენციის #GEODEM2020 მთავარი თემა იყო არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის?
პირველი პანელი, რომელიც 17 ივნისს გაიმართა შეეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს COVID-19-ის პირობებში. ხოლო, მეორე პანელზე, რომელიც 1 ივლისს გაიმართა, განხილულ იქნა საერთაშორისო აქტორების როლი და არჩევნები.
კონფერენციის ბოლო პანელი კი შეეხებოდა საქართველოში ამომრჩევლების რადიკალიზაციას, მასთან გამკლავების გზებსა და ამ პროცესის შესაძლო გავლენას დემოკრატიზაციაზე.
მესამე პანელის მომხსენებლები იყვნენ:
- თამარ ჩუგოშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი
- შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას” და “ფლანგვის დეტექტორის” თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი; Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი
- მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელი
- თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელი დირექტორი.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლება.
პანელის პირველმა მომხსენებელმა, თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად საზიანოა პოლარიზაცია მომავალი არჩევნების კონტექსტში. მისი მოხსენება ძირითადად იმ სპეციფიკას შეეხო, რომლითაც პოლარიზაცია და რადიკალიზაცია ხასიათდება საქართველოში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პირველი, რაც ამ ტენდენციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, არის პარტიული სისტემის ჩამოუყალიბებლობა. გარკვეულწილად, სწორად ამის შედეგია ისიც, რომ პარტიებს ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ხედვა ქვეყნის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი, რომელიც თამარ ჩუგოშვილმა ახსენა, დაკავშირებულია მედიასთან. ქართულ ტელესივრცეში პოლიტიკური ხაზის გამტარებელი მედია უფრო და უფრო მეტად არის წარმოდგენილი. შედეგად, ამომრჩეველი ვერ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს. აქედან გამოსავალი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და სარეკლამო ბაზრის გაფართოება, ასევე საჭიროა, მეტი ალტერნატიული სივრცე გაჩნდეს, სადაც პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება არ მოხდება. მესამე ფაქტორი, რომელიც მომხსენებლის თქმით, ხელს უწყობს პოლარიზაციასა და რადიკალიზაციას, არის საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემის ის მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ახალისებდა კონფრონტაციას, რადგან მოგებული იღებდა ყველაფერს, ხოლო წაგებული – არაფერს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სწორედ ამიტომაა, რომ მოგებული პარტიის ხელში აღმოჩნდება ხოლმე სასამართლო, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები თუ სხვა.
პანელის მეორე მომხსენებელმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ არ ჩანს პოლარიზაციის შემცირების პოტენციალი 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. მან ასევე ისაუბრა დისკრედიტაციაზე აგებულ კამპანიებსა და ნეგატიურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, პოლიტიკოსებს პოზიტიური არაფერი აქვთ შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის. პოლარიზაცია ნამდვილად სისტემური პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური ველის განახლებას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, როგორც პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის სისტემურ გადაწყვეტაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მოგებულს ყველაფერი არ რჩება და ამგვარი სისტემა ადამიანების მეტ ჩართულობას ახალისებს. შოთა დიღმელაშვილი სოციალური მედიის პრობლემასაც შეეხო და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არ ხდება სიძულვილის ენის, პოლიტიკური რეკლამისა და კონტენტის სპეციალური მარკირება. იქმნება არაავთენტური გვერდები, ხდება დისკუსიის ილუზიის შექმნა და კონფლიქტის წახალისება. ბოლოს, დიღმელაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახდენს ხელისუფლება რადიკალური ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციას და აღნიშნა, რომ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას სჭირდება სისტემური მოგვარება, მაგალითად, საარჩევნო სისტემის ცვლილება და თვითმმართველობის გაძლიერება, რაც ახალ ხალხს გაუხსნიდა გზას პოლიტიკაში მოსასვლელად.
პანელის მესამე მომხსენებელი გახლდათ მიხეილ ბენიძე, რომელმაც თქვა, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უფრო მეტად ბოლო წლებში გახდა დამახასიათებელი ქართული პოლიტიკისთვის. ამგვარი ტენდენციების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი საარჩევნო სისტემაა, რომელიც განაპირობებს ისეთ რეალობას, სადაც პოლიტიკურ ძალას ან ყველაფერი აქვს, ან არაფერი. მომხსენებელმა ამომრჩევლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიული რიტორიკა და რადიკალიზაცია ამომრჩევლებშიც შეინიშნება. მაგალითისთვის მან დაასახელა აგრესიული ქმედებები რეგიონებში, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევები, პოლიტიკოსების საჯარო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები და სხვა. მიხელ ბენიძემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო ცვლილება თამაშის წესებს შეცვლის, რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური კულტურის ამაღლებას გამოიწვევს და პარტიებს აიძულებს, რომ დაპირისპირების ნაცვლად, თანამშრომლობასა და პოზიტიურ დღის წესრიგზე გააკეთონ აქცენტი.
პანელის მეოთხე მომხსენებელმა, თამარ კინწურაშვილმა თავისი გამოსვლა მედიის ინსტრუმენტალიზაციაზე საუბრით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ სოციალური მედიის განვითარება, გარკვეულწილად, რადიკალიზაციასაც უწყობს ხელს. სოციალური მედია, თავისთავად, დემოკრატიული და პლურალიზმის ხელშემწყობია, მაგრამ ზოგიერთი აქტორი ცდილობს, არასწორად გამოიყენოს და დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
თამარ კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკული მედიის მიმართ მტრული დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროსაც შეიმჩნეოდა და ახლაც, მტრად აღიქმება, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით არიან დაკავებულები. კინწურაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს კონსოლიდაცია სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით. მან, ასევე, ისაუბრა ინფორმაციულ ქაოსზე და აღნიშნა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებშიც თესავს ინფორმაციულ ქაოსს. ზოგიერთმა დემოკრატიული გამოცდილების მქონე ქვეყანამაც კი ვერ შეძლო ამის თავიდან აცილება. ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფორმაციული სივრცის დაცვა, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან ეთიკის სტანდარტების დაცვა, რათა საზოგადოებამ მედიის მიმართ ნდობა არ დაკარგოს.
მოხსენებების შემდეგ, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრეების შეკითხვები ძირითადად შემდეგ საკითხებს შეეხებოდა: რამდენად არიან პოლიტიკური პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არალიბერალური ჯგუფების პოლიტიკურ გააქტიურებას საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესზე? რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებაში?
მთავარი საკითხები, რომლებიც კონფერენციის მესამე პანელის მიმდინარეობისას გამოიკვეთა:
- პოლიტიკურ აქტორებს შორის პოლარიზაციასა და რადიკალიზაციას ხელს უწყობს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამარჯვებულს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გატარებული საარჩევნო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
- საზოგადოების რადიკალიზაციას ხელს უწყობს სოციალური ქსელების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, ხდება დეზინფორმაციისა და ამომრჩეველთა რადიკალიზაციაზე გათვლილი მასალის გავრცელება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია დასპონსორებული პოლიტიკური კონტენტის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და არაავთენტური ქმედებების შეზღუდვა.
- საზოგადოებასა და პოლიტიკურ აქტორებს შორის პოლარიზაციასა და რადიკალიზაციას, გარკვეულწილად, ხელს უწყობენ სატელევიზიო სივრცის ყველაზე მსხვილი აქტორები, რომლებიც როგორც წესი, პოლიტიკური ხაზის გამტარებლები არიან. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მედია არ იყოს მხოლოდ დონაციაზე დამოკიდებული, რათა შეძლოს დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხის შენარჩუნება.
- პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზაციის შერბილებისკენ გადადგმული ნაბიჯების მხრივ აღსანიშნავია საერთაშორისო აქტორების როლი. მაშინ, როდესაც შიდაპოლიტიკურ დონეზე ვერ ხდება საკითხების სათანადო გადაწყვეტა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების კონტექსტში.
- აღსანიშნავია სამოქალაქო საზოგადოების როლიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მათ უზრუნველყონ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულების მნიშვნელობის შესახებ და ასევე, მეტი ძალისხმევით განახორციელონ სადამკვირვებლო ფუნქციები 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში.
კონფერენციის სამივე პანელი, რომელიც წელს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა, ტრადიციულად, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური დახმარებით ჩატარდა.