2016-09-24 05:02:41
მიხეილ სარჯველაძე
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
კომენტარი / 2016 წლის სექტემბერი
რუსეთის სახელმწიფო დუმის 18 სექტემბრის არჩევნები მრავალი დამკვირვებლის აზრით წარმოადგენდა არჩევნებს არჩევნებისთვის და უპირველეს ყოვლისა ვლიდიმერ პუტინის და მისი პარტიის ,,ერთიანი რუსეთის“ ერთპიროვნული მმართველობის ფორმალურ ლეგიტიმაციას. სიმართლე ითქვას, არც არსებობდა მოლოდინი, რომ 2016 წლის არჩევნები რუსულ პოლიტიკაში ცვლილებებს შეიტანდა. თუმცა, რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაინც დაფიქსირდა. მიუხედავად ჩვენი საზოგადოების მხრიდან შედარებით ნაკლები ინტერესისა რუსეთის არჩევნებისა და წინასაარჩევნო გარემოსადმი, ამ მოვლენის შეფასება ქართული პერსპექტივიდან საინტერესოა, რადგან ამ პროცესებში იკვეთება რუსული პოლიტიკის უახლოესი მომავლის კონტურები. რუსეთის, როგორც სახელმწიფოს განვითარების პროცესი, ასევე მნიშვნელოვანია მისი უშუალო მეზობლებისთვისაც და განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონში შექმნილი იმ რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფონზე, რომელიც ძირითადად რუსეთის ნეოიმპერიული ამბიციებით არის განპირობებული.