2022-07-11 12:25:41
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რადიკალურად შეცვალა დიდი და პატარა ძალების უსაფრთხოების დღის წესრიგი დასავლეთში. შედეგად, მივიღეთ ძირეული ცვლილებები აშშ-ის, ევროკავშირის და უფრო ფართო ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიებში, რაც, დიდი ალბათობით, ახალ მსოფლიო წესრიგს შექმნის. ნატო აქტიურად განიხილავს ნორდიკულ გაფართოებას, ხოლო ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები ინტენსიურ მოლაპარაკებებში არიან, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი თავდაცვა რუსული საფრთხის პირისპირ. ეს ახალი სიტუაცია აჩენს შესაძლებლობებს და, ამავდროულად, დამატებით რისკებს პატარა სახელმწიფოებისთვის რუსეთის მახლობლად, ნატოში გაწევრების მსურველი საქართველოს ჩათვლით.
არაერთი მოსაზრებით, პუტინის ამბიცია, განევრცო რუსეთის გავლენა პრო-დასავლურ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებზე, კრახით დასრულდა. კრემლის მარცხმა უკრაინაში აჩვენა, რომ რუსეთს არ შეუძლია საკუთარი იმპერიის აღდგენა. თუმცა, საქართველოსთვის, რომელსაც აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება, მოსკოვის მარცხი უკრაინაში არ ნიშნავს აუცილებლად შემცირებულ საფრთხეს კრემლიდან. პირიქით, რამდენიმე სცენარის მიხედვით, ეს პროცესი თბილისისთვის უსაფრთხოების ახალი რისკების შემცველიც შეიძლება იყოს. საქართველოს პოლიტიკის თხოვნით, შერჩეული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან პასუხობენ შემდეგ კითხვებს:
- რა არის ის უმთავრესი რისკები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც, შეიძლება, საქართველო დადგეს სწრაფად ცვალებად გლობალური უსაფრთხოების გარემოში?
- რა არჩევანი აქვს საქართველოს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ? შესაძლებელია თუ არა, რომ პატარა ალიანსების სტრატეგია იყოს ის, რაც გაზრდის საქართველოს თავდაცვით პოტენციალს რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად?