30/05/2022 GIP

ინტერპარტიული მანიფესტი – რას ითხოვს ქართველი ამომრჩეველი: გზავნილი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2022-05-30 16:37:38

პოლიტიკურ პარტიებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ საქართველოს მსგავს შედარებით ახლაგაზრდა დემოკრატიებში, სადაც პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობის ტრადიცია ნაკლებადაა განვითარებული. წარმატებული დემოკრატიზაციის პროცესში პოლიტიკური პარტიების გამართულად ფუნქციონირება უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმტკიცებასა და გაძლიერებას [1]. ხოლო მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში ანტიესტაბლიშ-მენტური და პოპულისტური პოლიტიკური ჯგუფების პოპულარობის ზრდა შეინიშნება, სწორედ ტრადიციული პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას შეუძლია ლიბერალური დემოკრატიების წინაშე მდგარ ამ საფრთხესთან გამკლავება [2].

ამ კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მოვალეობაა, გარკვეულწილად, მოქალაქესა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულონ. ისინი უზრუნველყოფენ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების წინ წამოწევასა და გაჟღერებას. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება შესულია ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში პოლარიზაცია თანდათან ღრმავდება, რაც ხელს უშლის როგორც ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას, ასევე, ართულებს პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის პროცესს. ძირითადი პოლიტიკური აქტორების მიერ პოლიტიკა აღიქმება, როგორც ნულოვანი ჯამის თამაში, სადაც გამარჯვებულს რჩება ყველაფერი. მოვლენების მსგავსი განვითარება კი საქართველოს მდგრადი პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის მნიშნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია [3].

არადა, სწორედ პოლიტიკურ პარტიებს აკისრიათ გადამწყვეტი როლი ქვეყანაში მდგრადი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში. მმართველი პარტია, ისევე, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ვალდებული არიან ამომრჩეველს შესთავაზონ საგნობრივი დისკუსია და პოლიტიკის პოზიტიური დღის წესრიგი, რაც ხელს შეუწყობს უკიდურესი პოლარიზაციის შემცირებას და პოლიტიკურ აქტორებს შორის თანამშრომლობის ცივილურ ჩარჩოებში გადასვლას.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები და დასავლეთის ქვეყნების გაერთიანება ევროპის აღმოსავლეთში რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, აჩენს შესაძლებლობების ფანჯარას საქართველოსთვის განიმტკიცოს თავისი ევროპული პერსპექტივა და დაადგეს ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას და დემოკრატიზაციის პროცესისადმი ერთგულებას.

წინამდებარე მანიფესტის მიზანია, დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს ქართველ ამომრჩეველში არსებული მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ ამ რთულ შიდაპოლიტიკური თუ რეგიონული კრიზისების ფონზე, და გასცეს რეკომენდაციები პარტიების შესაძლო სტრატეგიების შესახებ, რათა მოხდეს საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტორების ინტერესების მაქსიმალური თანხვედრა.

იმის დასადგენად, თუ რა არის ამომრჩევლის მოლოდინი და რას ელის ის პოლიტიკური პარტიებისგან, ამ უკანასკნელის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა განახორციელეს 19 საველე გასვლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კვლევის ფარგლებში, დაიფარა 16 მუნიციპალიტეტი, აქედან 3 დიდი ქალაქი (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აღნიშნულ არეალებში, ანონიმურობისა და ყველა შესაბამისი წესის დაცვით, პარტიების პოტენციურ თუ უკვე არსებულ ამომრჩეველთან ჩატარდა ფოკუს ჯგუფის ფორმატის დისკუსიები და სიღრმისეული ინტერვიუები. შედეგად, მოხდა ამომრჩეველში არსებული 10 ძირითადი მოლოდინის იდენტიფიცირება პოლიტიკური პარტიების მიმართ. თითოეული მოლოდინისთვის შეთავაზებულია პოლიტიკური პარტიების რეაგირების სავარაუდო სტრატეგიები (საშუალოდ 4-6 რეაგირება ამომრჩევლის თითოეული მოლოდინისთვის).

___________________

ინტერპარტიული მანიფესტი „რას ითხოვს ამომრჩეველი: გზავნილი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის“ მომზადდა პროექტ „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება საქართველოში ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ ფარგლებში. შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ფასილიტაცია გაუწია საქართველოში მოქმედი 10 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივ მუშაობას. დოკუმენტი შეიქმნა მცირე სამუშაო ჯგუფების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საველე სამუშაოების მიგნებებზე დაყრდნობით. ორდღიანი ვორკშოპის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს შორის მცირე ჯგუფური და, შემდგომ, საერთო განხილვების საფუძველზე, შეიქმნა წარმოდგენილი ინტერპარტიული მანიფესტი. დოკუმენტი მოიცავს პარტიების ახალგაზრდა წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ათ მთავარ მიგნებას, თუ რას ელის ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისგან საქართველოში. თითოეული მიგნებისთვის პროექტის მონაწილეების მიერვე შემუშავებულია პოლიტიკური პარტიების რეაგირების სავარაუდო სტრატეგიები.

იმედი გვაქვს, რომ ინტერპარტიულ მანიფესტზე ერთობლივი მუშაობის პრეცედენტი, როგორც პარტიების საგნობრივი თანამშრომლობის გამოცდილება, ხელს შეუწყობს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში, რაც აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ხოლო პროექტის შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიზანია საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის ისეთი სამოქმედო სტრატეგიის შეთავაზება, რომელიც დაეხმარება მათ არჩევნებს შორის პერიოდში სწორად დაგეგმონ საკუთარი აქტივობა, რათა მეტად დაუახლოვდნენ ამომრჩევლის ინტერესებსა და საჭიროებებს. ამ მიზნის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საველე მოკვლევა ჩატარდა თავად პარტიების ახალგაზრდა წევრების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, რაც განაპირობებს მანიფესტში ჩამოყალიბებული მთავარი მიგნებების და სამოქმედო გეგმის სანდოობას საკუთრივ პარტიებისთვის. მანიფესტი უცვლელად ასახავს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციისა და სამუშაო ჯგუფების ერთობლივი მსჯელობის შედეგებს – მოლოდინებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

 

[1] Nodia Ghia & Scholbach Alvaro Pinto, Introduction. The political landscape of Georgia. eds. Nodia Ghia & Scholbach Alvaro Pinto, (The Netherlands: Eburon Academic Publishers, 2006), 1.
[2] Bértoa Fernando Casal & Rama José, The antiestablishment challenge. Journal of Democracy (John Hopkins University Press, 32, no. 1, 2021), 37-51.
[3] Bértoa Fernando Casal, Political parties or party systems? Assessing the ‘myth of institutionalization and democracy. West European Politics. (Taylor & Francis Online, volume 40, 2017), 402-429.

, , , , , ,