2020-06-29 09:03:01
ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში სულ უფრო და უფრო გააქტიურდნენ პოპულისტური ულტრამემარჯვენე ჯგუფები. ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი არაფორმალური სახით არსებობს სოციალურ მედიაში, ხოლო ზოგიერთი მათგანი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიაორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთისგან რიგი ასპექტებით განსხვავდებიან, მათ აერთიანებთ ეთნიკურ-რელიგიური აქცენტები და ანტიგლობალისტური, ანტილიბერალური, ანტიიმიგრაციული და ევროსკეპტიკური განწყობები.
მაშინ, როცა ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები და კონტრდემონსტრაციები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა საქართველოში, მთავრობის რეაქცია, როგორც წესი, პასიურია. ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის პოზიცია ნაციონალისტურად განწყობილი პოპულისტური ჯგუფების ქმედებების მიმართ აღქმულია, როგორც ხელშემწყობი. ნაციონალისტური პოპულიზმის შემდგომმა გაძლიერებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიული განვითარების ნორმატიულ და ფუნქციურ საფუძველს, როგორც ეს ზოგიერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში მოხდა. ამასთან, ამგვარმა ტენდენციამ თეორიულად შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ერთიანი პოზიცია ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და გამოიწვიოს ამ დისკურსის სამთავრობო დონეზე შეღწევა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს:
- რა გავლენას ახდენს ნაციონალისტური და პოპულისტური დისკურსი კანონის უზენაესობასა და უმცირესობის უფლებებზე საქართველოში?
- ნაციონალისტურად განწყობილი პოპულისტური ჯგუფების შემდგომი გაძლიერების შემთხვევაში, რამდენად შეძლებენ ისინი საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე გავლენის მოხდენას?
- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ სულ უფრო და უფრო აქტიური და მნიშვნელოვანი ნაციონალისტურ-პოპულისტური ჯგუფების საპასუხოდ?