Authors

09/10/2024 ნინო სამხარაძე

ვის ირჩევს საქართველო 2024 წელს? საარჩევნო სუბიექტები – უპირატესობები და სისუსტეები

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
09-10-2024

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა უნდა აირჩიოს, არამედ ქვეყნის ეგზისტენციალური საგარეოპოლიტიკური ვექტორიც საბოლოოდ უნდა განსაზღვროს. მმართველმა “ქართულმა ოცნებამ”, ბოლო წლების განმავლობაში, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი და დემოკრატიული განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამ პერიოდში, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც საქართველო საერთაშორისო იზოლაციისა და საშინაო რეპრესიების რისკის წინაშე დააყენა. შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საყოველთაო აღიარებით ერთგვარ რეფერენდუმად აღიქმება (ზურაბიშვილი 2024, Linderman, 2024; Thornton 2024), რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი უნდა გადაწყვიტოს.

ამგვარ მოცემულობაში, კრიტიკულად იზრდება პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელობა -და ბუნებრივია იბადება კითხვა თუ  როგორია ზოგადი სურათი და რამდენად მზად არიან ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები მმართველ პარტიასთან კონკურენციაში შესასვლელად.  განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის არჩევნები ახალი სრულად პროპორციული სისტემით ტარდება და ქართულ ოცნებას, რომლის მხარდაჭერაც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, კლებადია (Caucasus Barometer n.d.), ძალაუფლების მყარად შესანარჩუნებლად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. მიუხედავად მმართველი პარტიის რეიტინგული მოწყვლადობისა, წინასაარჩევნო პერიოდი ამ ეტაპზე არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ოპოზიციურ მოთამაშეებს არჩევნებში თუნდაც ჯამური გამარჯვება გარანტირებული აქვთ. ამ ფონზე, საინტერესოა იმის მიმოხილვა, თუ რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ 2024 წლის ოქტომბრისთვის იმ ძირითად აქტორებს, რომლებსაც ქართველმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთთან უნდა დაუჭირონ მხარი და ანდონ ძალაუფლება, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა პროდასავლურ და დემოკრატიულ რელსებზე უნდა დააბრუნოს.

წარმოდგენილი პოლიტიკის მემორანდუმის ფარგლებში შერჩეულია ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც “ედისონ რისერჩის” ბოლო გამოკითხვების შედეგად (Formula News 2024), ბარიერის გადალახვის შანსებს ფლობენ, ესენია: ქართული ოცნება, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა, გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო, და კოალიცია ცვლილებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი სუბიექტებიდან სამი მათგანი წინასაარჩევნო მობილიზების ფარგლებში გაერთიანებულ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი სამი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. თითოეული მოთამაშე გაანალიზებულია სამი ძირითადი მიმართულებით: ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები და მათი კომბინაცია (ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ერთდროულად დადებითად და უარყოფითად იმოქმედოს პარტიის ელექტორალურ წარმატებაზე). რა თქმა უნდა, შემოთავაზებული ანალიზი არ არის ყოვლისმომცველი, თუმცა, ვთვლით, რომ ტექსტი, შესაძლოა, საინტერესო იყოს როგორც ამომრჩევლისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ქართველი და უცხოელი დამკვირვებლებისთვის.

პოლიტიკის მემორანდუმი #75 | ოქტომბერი 2024

, , , , , ,