2020-06-30 09:04:07
ნაციონალისტურად განწყობილი არალიბერალური ჯგუფების შესაძლო პოლიტიკური წარმატება ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უმცირესობათა უფლებები და ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო ორიენტაცია. ამგვარი ტენდენცია კიდევ უფრო ყურადსაღებია, თუ საქართველოს მყიფე დემოკრატიზაციის კონტექსტს გავითვალისწინებთ.
ამგვარი ჯგუფები უკვე არიან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წარმოდგენილი, თუმცა არა მნიშვნელოვნად. ულტრაკონსერვატიული პარტია პატრიოტთა ალიანსი, რომელიც პარლამენტში ფრაქციის სახითაა წარმოდგენილი, ხშირად მართავს ქუჩის დემონსტრაციებს და ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო კურსს. არალიბერალური ჯგუფების შესაძლო პოლიტიკური წარმატების პერსპექტივა კიდევ უფრო საინტერესოა იმის ფონზე, რომ ულტრანაციონალისტური საზოგადოებრივი მოძრაობა – „ქართული მარში“ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა და აპირებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ორგანიზაცია, რომელიც ანტილიბერალური კონტრდემონსტრაციებით გამოირჩევა, არაერთ ანგარიშშია მოხსენიებული საფრთხედ საქართველოს დემოკრატიული განვითრებისთვის.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა ქართველმა ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს:
- საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსერვატიული ღირებულებების გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია არალიბერალური ჯგუფების კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური წარმატება ახლო მომავალში?
- თქვენი აზრით, რას შეუძლია ხელი შეუწყოს ამგვარი ჯგუფების გავლენის ზრდას სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში?
- იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო მეტად იქნებიან ამგვარი ჯგუფები პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი, რამდენად და როგორ შეუძლიათ არალიბერალურ ჯგუფებს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე ზეგავლენის მოხდენა?