01/02/2022 keta

მრგვალი მაგიდის დისკუსია – „დაძაბულობა უკრაინის ირგვლივ: გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებზე“

27 იანვარს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებით გამართა მრგვალი მაგიდის დისკუსია სახელწოდებით – „დაძაბულობა უკრაინის ირგვლივ: გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებზე“.

დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და უკრაინაში განვითარებულ სცენარზე, ასევე, ექსპერტებმა რეგიონული პერსპექტივიდან შეაფასეს შექმნილი კრიზისი და მისი კონტექსტი.

GIP-ის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში განსახილველი თემის ძირითადი საკითხები გამოკვეთა: რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და რას შეიძლება ველოდოთ შექმნილ ვითარებაში? რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდასაჭერად? Როგორი უნდა იყოს იმ ქვეყნების რეაქცია, რომელთა მდგომარეობასაც უკრაინის კრიზისი აზარალებს?

მრგვალი მაგიდის დისკუსიას უძღვებოდა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი შტეფან მაისტერი:

“ჩემი აზრით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების წესრიგსა და მასში შემავალი სახელმწიფოების სუვერენიტეტს. Საკითხები, რომლებსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ სასწორზე ბევრ რამეს აყენებს და რისკი მაღალია.

კრემლის პერსპექტივიდან გერმანიის ახალი მთავრობა სუსტი წერტილია ევროპაში. რუსეთის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ მმართველ პარტიებშიც. 

…ახლა საკითხი დგას ასე – მზად არის დასავლეთი გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის ფასი?”

როგორც ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვოლოდიმირ დუბოვიკმა აღნიშნა, უკრაინა უდავოდ ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ საზოგადოება სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, იმ იმედით, რომ არსებული ესკალაცია უახლოეს კვირებსა და თვეებში შენელდებ:

“მიმდინარე პროცესი შეგვიძლია ორგვარად ავხსნათ; პირველი არის ვითარების რუსული პერსპექტივა, რომ დასავლეთი მათ ძალაუფლებას ზღუდავს, გარშემო საზღვრებთან უახლოვდება, უგულებელყოფს მათ უსაფრთხოებას საკითხებს და ნატოსკენ უბიძგებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინაა.

…მეორე საპირისპირო პერსპექტივას ვფიქრობ უმრავლესობა ვიზიარებთ – რა თქმა უნდა, რუსეთი ახორციელებს ზეწოლას უკრაინაზე და ამით სიგნალებს უგზავნის ბერლინს, ბრიუსელსა და ვაშინგტონს. თუმცა, აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია თავად უკრაინაც. თუ ვინმე იტყვის, რომ რუსეთის განზრახვა ცალკეულად მხოლოდ უკრაინას ან დასავლეთისთვის მესიჯების გაგზავნას ეხება, ეს ორივე მოსაზრება მცდარი იქნება. Რუსეთის ქმედებებში ეს ორი მოტივი გაერთიანებულია”.  

დოქტ. სტანისლავ სექრიერუ, ევროპის საბჭოს უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტი:

“რუსეთი ცდილობს გადაწეროს უსაფრთხოების არსებული წყობა და ნორმები ევროპაში. Რუსეთის მიზანია ნორმები თავად, ერთპიროვნული წესით დაადგინოს, იმის მაგივრად რომ მიიღოს უკვე აღიარებული წესები.

როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ესკალაციაზე ვფიქრობ, მოლდოვასთან მიმართებაში მაშინვე ე.წ. “გადაცემის” ეფექტი მახსენდება. მოლდოვა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვთ. უკრაინა ჩვენთვის არის უსაფრთხო ტერიტორია, ერთგვარი ბუფერული ზონა.

…თუ რუსული ჯარები მოახერხებენ ამ ბუფერული ზონის აღებას, მოლდოვისთვის სამხედრო საფრთხეები მკვეთრად გაიზრდება”.

პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:

“რეაქციები არ არის იმ საფრთხის ადეკვატური, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანად კონტინენტურ უსაფრთხოებას ემუქრება. უკრაინა კი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც ევროპისთვის, ისე საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვისაც.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გრძელდება. Ჩვენ ვაფასებთ უკრაინას. [საქართველოს] ხელისუფლების ოფიციალური რეაქციები არ შეესაბამება იმ საყოველთაო განწყობას რომელიც ქართულ საზოგადოებაშია და რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.

Საქართველო, ასე რომ ვთქვათ, ერთ ნავში ზის უკრაინასთან ერთად, იქნება ეს ნატოში გაწევრიანებისა თუ ასოცირებული ტრიოს ფორმატის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ყველამ ვიცით, რომ თუ მოსკოვი მიაღწევს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს უკრაინაში, შემდეგი სამიზნე იქნება საქართველო, სადაც კრემლს დაუმთავრებელი საქმეები დარჩა”. 

Პროფ. ანდრეი მაკარიჩევი, რეგიონული პოლიტიკის კვლევის პროფესორი, ტარტუს უნივერსიტეტი:

“ჩემი აზრით, ლოგიკა რომელიც რუსეთში დომინირებს და რუსულ პოლიტიკას საკმაოდ ირაციონალურს ხდის, არის “ანალოგიური მსჯელობა”. ეს არის ცნობილი ფენომენი საერთაშორისო ურთიერთობებში და გულისხმობს შემდეგს – რისი გაკეთებაც ადრე შევძელი, იმავეს შემდეგშიც აუცილებლად გავაკეთებ. Მსგავსი აზროვნება თავად რუსეთს აქცევს ჩიხში, ასე რომ, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რაციონალიზაცია საკმაოდ რთული ამოცანაა.

…რეალურად პუტინმა დაიწყო „თამაში დროის მანქანასთან“ როცა საპრეზიდენტო ვადა გაანულა და ახლა მას იმავეს გააკეთება სურს საერთაშორისო დონეზე. პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი უბრუნდება 1997 წლის მდგომარეობას, მაგრამ რუსეთი რჩება იქ, სადაც ახლაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ირაციონალურია, ამ ტიპის აზროვნება დომინირებს კრემლში.”

Მრგვალი მაგიდის დისკუსია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა (DGAP) და ევროპის საბჭოს უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტთან (EUISS) თანამშრომლობით. 

Agenda

 

, , , , , , , , , , , , ,