თეონა გიუაშვილი
მოწვეული მეცნიერ-მუშაკი, ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის ტრანსნაციონალური მმართველობის სკოლა
ევროპულმა პოლიტიკურმა თანამეგობრობამ, რომელსაც 2022 წლის ოქტომბერში პრაღის სამიტზე დაედო საფუძველი, უკვე იპოვა საკუთარი ნიშა ევროპული მმართველობის პეიზაჟში. ის აღმოცენდა როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროპის ერთ-ერთი პასუხი – დღეს წარმოადგენს პანკონტინენტურ ფორუმს, რომელიც ემსახურება რუსეთის ომის წინააღმდეგ ერთიანობის დემონსტრირებასა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული დაახლოების განმტკიცებას.
ევროპულმა პოლიტიკურმა თანამეგობრობამ მიიღო არაფორმალური მთავრობათაშორისი ფორუმის სახე, რომელიც 47-ვე მონაწილე ქვეყანას თანაბარ პირობებში აყენებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ევროკავშირის ან ნატო-ს წევრები. დაუწერელი წესის შესაბამისად, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტებს მონაცვლეობით მასპინძლობენ ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოები. მასპინძელ ქვეყნებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ სამიტების დღის წესრიგზე; სამიტები იმართება პლენარული შეხვედრების, სექტორული მრგვალი მაგიდების და ორმხრივი გაცვლის ფორმით.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მეორე სამიტი გაიმართა მოლდოვაში 2023 წლის ივნისში, ხოლო მესამე სამიტს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გრანადაში უმასპინძლებს ესპანეთი – ქვეყანა, რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს. გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა განზრახვა, უმასპინძლოს მომდევნო სამიტს 2024 წელს, რაც მისი ფართო ძალისხმევის ნაწილია, აღადგინოს საკუთარი როლი ევროპულ საქმეებში ბრექსიტის და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. გრანადაში დაგეგმილ სამიტზე სავარაუდოდ იმსჯელებენ 2024 წლის შემდგომ სამიტების გამართვის გეგმებზე. საქართველომ უნდა გამოიყენოს აღნიშნული შესაძლებლობა და გამოთქვას მზადყოფნა, უმასპინძლოს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს 2025 წელს.
საქართველოსთვის ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ორგანიზებას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყანას, ხაზი გაუსვას და განამტკიცოს საკუთარი ევროპული იდენტობა. სიმბოლურ დატვირთვას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით.
პოლიტიკურმა კრიზისმა და ხელისუფლების შეცდომებმა ბრიუსელში და ევროპის სხვა დედაქალაქებში გააჩინა ეჭვი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. საქართველო, რომელიც უკანასკნელ ხანებამდე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის „ფავორიტად“ მიიჩნეოდა, დღეს მაღალ საფასურს იხდის შიდა პოლიტიკური კრიზისებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს შელახული რეპუტაცია, მწყობრში მოიყვანოს სტრატეგიული კომპასი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ევროპულ გზაზე.
გარდა ამისა, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის საქართველოში ჩატარება დიპლომატიურ დივიდენდებსაც მოიტანს. ეს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის წევრებთან და სტიმულს მისცემს სამინისტროებს, წამოიწყონ ან დააჩქარონ კონკრეტული ორმხრივი ან მრავალმხრივი ინიციატივები. გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობას მიეცემა საშუალება, გააუმჯობესოს პირადი კავშირები სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს შეუძლია, სამიტი გამოიყენოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის არაფორმალურად წინ წაწევისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა და ევროკავშირის გაფართოება ნამდვილად განსხვავებული პროცესებია. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ორგანიზება ასევე წარმოაჩენდა საქართველოს ინსტიტუციურ და ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს. აღნიშნული მიღწევა, მოსახლეობის მტკიცე პროევროპულ პოზიციასთან ერთად, საქართველოს უქმნის საფუძველს, ნაბიჯები გადადგას და გადაინაცლოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ფაზებისკენ.
დაბოლოს, სიმბოლურ და დიპლომატიურ დივიდენდებთან ერთად, სამიტს პრაქტიკული სარგებლობის მოტანაც შეუძლია, რადგან იგი საშუალებას მისცემს საქართველოს, დღის წესრიგში შეიტანოს და უმაღლეს დონეზე განიხილოს ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება – უსაფრთხოება და კავშირგაბმულობა.
წესებზე დამყარებული ევროპული წესრიგის უზრუნველყოფა ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მთავარი მიზანი და საქართველოს სტაბილურობის აუცილებელი პირობაა. საქართველოს ესაჭიროება პარტნიორების მხარდაჭერის განმტკიცება, რათა წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს, მიმართულს ქვეყნის უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რუსეთის შეჭრა უკრაინაში პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოებაზე და დამოუკიდებლობაზე. ქვეყანა უაღრესად დაუცველია მიმდინარე ომის ნებისმიერი შედეგის წინაშე. იძულების შემდგომი ზომების რისკის გარდა, მოსკოვი მიმართავს სხვა არაერთ ინსტრუმენტს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დათრგუნვის მიზნით, მათ შორის, ეკონომიკური დამოკიდებულებით მანიპულირებას, მავნე ჰიბრიდულ და კიბერ საქმიანობას, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას. შეუძლებელია იმ რისკის უგულებელყოფა, რომ რუსეთი იარაღად გამოიყენებს საქართველოსთან მზარდ ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შესაშლელად. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს საქართველოში და სხვა ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა, რომლებიც რუსეთთან ჰიბრიდული ომის წინა ხაზზე დგანან, ინსტიტუციებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება. ეს ფორმატი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ნიადაგის მოსასინჯად კონკრეტული ინიციატივების გარშემო, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს მედეგობის განსამტკიცებლად, და ბიძგს მისცემს ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებას.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა კიდევ ერთი მიმართულებაა, სადაც ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის განცხადებული პრიორიტეტები ემთხვევა საქართველოს ინტერესს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით. სამიტი დააწესებს ახალ ვადას ევროკავშირის უფასო როუმინგის ზონაში საქართველოს გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნების დივერსიფიცირების აუცილებლობა რუსეთის გვერდის ავლით მარშრუტებზე გადასვლის გზით ევროპის კონტინენტზე თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ კონკრეტულ ნაბიჯს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დაწყება. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირში განახლებადი ენერგიის წყაროების უზრუნველყოფას კასპიის ზღვის რეგიონის, კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაკავშირების გზით. ასევე, შავ ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ახალი ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს ციფრულ კავშირს რეგიონში. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის, გეოსტრატეგიული მდებარეობის ათვისებას. ევროკავშირის მიერ „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივის განხორციელების კვალდაკვალ, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა თავს უყრის ყველა შესაბამისი მონაწილეს, რაც შესაძლებელს ხდის კომუნიკაციებთან დაკავშირებული არსებული და პოტენციური პროექტების განხილვასა და მათ შორის კავშირების განვითარებას.
2025 წელს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის საქართველოში გამართვა ქვეყნისადმი ევროპის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მძლავრი გზავნილი იქნება. ეს ხელს შეუწყობს ევროპასთან საქართველოს გეოპოლიტიკურ მიბმას და ორმხრივი კავშირების სტრუქტურის გაძლიერებას.
მიუხედავად ამისა, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მასპინძლობა ვერ ჩაანაცვლებს ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის საჭიროებას. თუ საქართველოს მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ზიანის გამოსასწორებლად, სამიტის საქართველოში ჩატარება დიდ ღირებულებას ვერ მოუტანს ქვეყანას. გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს დიდი ხნის წინ განსახორციელებელი რეფორმების განახლება და ევროპისადმი სკეპტიკური ნარატივის შეცვლა. მხოლოდ აღნიშნულ შემთხვევაში, და ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პროცესის პარალელურად, ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობაში აქტიურმა მონაწილეობამ შეიძლება შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე.