ინტერვიუ “მომავალ ლიდერთა სკოლის” ტრენერთან

თემა: ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობა

რესპოდენტი: ლიზა სოფრომაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.

ავტორი: მარიამ ლომიძე, მომავალ ლიდერთა სკოლა (#ELS2021) | გორი

 

თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში და რა არის ჩართულობის გაძლიერების მთავარი მიზანი?


პირველ რიგში ახალგაზრდების ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს გარკვეული ჩვევები, ღირებულებები და ფასეულობები ჩამოუყალიბდეს ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან, რათა ფუნდამენტური ღირებულება და პასუხისმგებლობა გაინაწილო შენი ქვეყნის განვითარებაზე. თუ ეს შენი ცხოვრების წესია, მაშინ არ გიჩნდება კითხვა, რატომ უნდა ჩავერთო?!

თქვენ რა მიგაჩნიათ ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად, რაც ზღუდავს ან ხელს უშლის მათ ჩართვას დემოკრატიულ პროცესებში?

მთავარი გამოწვევა არის „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ – როდესაც ახალგაზრდას ვასწავლით, რომ მონაწილეობა და პასუხისმგებლობის გაზიარება კარგია, პარალელურად კი ხედავს, რომ ჩვენ უფროსი თაობა ამას არ ვაკეთებთ, მას ჩვენი არ სჯერა. რთული გარემო მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი თაობა მყარად არ დგას გარკვეულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, თან მივტირით საბჭოთა პერიოდს, თან ახალიც მოგვწონს, ესეც აბნევს ახალგაზრდას. ასევე ახალგაზრდები ხედავენ პოლიტიკოსების დაპირებებსა და ფაქტებს შორის სხვაობას, ხედავენ, როგორი დაკნინებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საფუძველი მორყეულია, რაც შენობის აშენებისთვის გვჭირდება. ჩვენ მათ ვუნგრევთ ამ საფუძველს, იდენტობას. ამიტომ, პირველ რიგში, მათ უნდა დავახვედროთ ჯანსაღი გარემო, რასაც არ ვაკეთებთ.

“რთული გარემო მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი თაობა მყარად არ დგას გარკვეულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, თან მივტირით საბჭოთა პერიოდს, თან ახალიც მოგვწონს, ესეც აბნევს ახალგაზრდას”. 

თუ არსებობს რაიმე სახის შეფასება ან სტატისტიკა, რომელიც ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას ასახავს?

არსებობს სხვადასხვა კვლევები. ჩვენს ორგანიზაციასაც გაუკეთებია ფოკუს ჯგუფები. არსებობს ახალგაზრდობის სააგენტო, რომელსაც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება. მაგალითად, UNICEF-ს 2014 წელში ჰქონდა კვლევა, სადაც კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოში ძალიან დაბალია. ეს თემა შემოვიდა ევროკავშირიდან, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ჩვენს ქვეყანას გარკვეული ფოკუსი უნდა გაეკეთებინა. წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა ახალგაზრდობის სამინისტრო, მაგრამ სათანადოდ ვერ იმუშავა. როდესაც შინაარსის გარეშე და გაუაზრებლად აკეთებ რაიმეს, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელშემწყობი გარემო და თანაბარი პირობებია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რათა შეძლონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა?

ჩვენ თუ შევხედავთ კვლევებს, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სერვისების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ადგილას ძალიან განსხვავებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ვერ იღებს ხარისხიან განათლებას, მას ინტერნეტთან და ინფორმაციასთან წვდომა აქვს შეზღუდული. ახალგაზრდას ავითარებს სკოლა, სკოლის გარეთ აქტივობები, გარემო. რეგიონში ახალგაზრდები ტრეფიკინგის მსხვერპლნიც არიან, მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდები სკოლის ნაცვლად მიჰყავთ სამუშაოდ, რადგან ოჯახს სჭირდება. ცხოვრების დონეც განსხვავებულია. თუმცა, თუ ავიღებთ თბილისსა და სხვა რომელიმე რეგიონს სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით, რეგიონში უფრო მეტი აქტივობებია. მობრუნდები თბილისში, თითქოდა თბილისის ახალგაზრდას ყველაფერი აქვს, მაგრამ ამ დროს არც მას არ აქვს რაღაც. ამიტომ ის სულიერება, ღირებულებითი  და ფასეული ნაწილი ორივეს აკლია. არათანაბარ მდგომარეობას სტატისტიკაც მიუთითებს, სოციალური სერვისების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ახალგაზრდას თუ რაღაც აწუხებს და თბილისში მიღებულია ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რეგიონში ეს პრობლემაა.

“ჩვენს საჯარო პოლიტიკას აკლია შეფასების ნაწილი – რას მივაღწიეთ, რით ვზომავთ, რომ მივაღწიეთ, რას გვეუბნებიან ეს ახალგაზრდები უკუკავშირად, როგორ ვკრებთ ამ ინფორმაციას”. 

თქვენი აზრით, რა არის მთავარი მექანიზმები, რომლებიც მოტიავაციას გაზრდის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დიდი ნაწილის ჩართვას დემოკრატიულ პროცესებში?

პირველ რიგში, ჩვენმა პოლიტიკოსებმა და ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს სწორი კოორდინაცია. კი შეიქმნა ჩვენთან ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით, გარკვეულწილად დღის წესრიგში დგას, რომ რაღაც გვინდა, მაგრამ ზუსტად რა და როგორ, ესაა მნიშვნელოვანი. ეს პოლიტიკის დოკუმენტები არ უნდა იყოს რეალობას აცდენილი. ჩვენს საჯარო პოლიტიკას აკლია შეფასების ნაწილი – რას მივაღწიეთ, რით ვზომავთ, რომ მივაღწიეთ, რას გვეუბნებიან ეს ახალგაზრდები უკუკავშირად, როგორ ვკრებთ ამ ინფორმაციას. პოლიტიკური არასტაბილურობა, ინფანტილურობა, რომლის გამოც პასუხისმგებლობას ვერ იღებენ თავიანთ საქციელზე, ვერ გადაუწყვეტიათ სად არიან, ეს ყველაფერი ახალგაზრდას ანგრევს და მიდიან ისეთ ქვეყანაში, სადაც რაღაც მაინც არის სტაბილური. რაც არ უნდა კარგად ვწეროთ დოკუმენტი, შედეგი არის ეს.

 

ავტორი: მარიამ ლომიძე


მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia -ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

Related Posts