Author
გვანცა იჩქითი
გვანცა იჩქითი*
2014 წელს ხელმოწერის შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ქვეყანაში განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენს. ასოცირების შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა, თუმცა მოცულობიდან გამომდინარე (752 გვერდი), მის სრულყოფილ განხორციელებას წლები დასჭირდება. საზოგადოების უმრავლესობა აღფრთოვანებით აპელირებს ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, თუმცა ქვეყნის მომავლისთვის ასოცირების რეალური მნიშვნელობა მხოლოდ ცოტა მათგანისთვისაა ცნობილი.
ხალხის ერთი ნაწილი (შეცდომით) ფიქრობს, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროკავშირის წევრობის გარანტიაა, ხოლო მეორე ნაწილს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ გააჩნია. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79%-მა იცოდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და 69% ამ ქმედებას მხარს უჭერდა. რაც შეეხება შეთანხმების ეკონომიკური ეფექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასოცირების მხარდამჭერთა 58%-ს ჰქონდა მოლოდინი, რომ დოკუმენტი ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
იმისათვის, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მნიშვნელობა კარგად გავიაზროთ, საჭიროა ევროკავშირის ისტორიის მოკლე მიმოხილვა – როდის და რატომ დაიწყო ევროკავშირმა ამგვარი შეთანხმებების დადება – და იმის ანალიზი, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს მსგავს ქვეყნებს გამოიყენონ ეს დოკუმენტები ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
მესამე მხარესთან ურთიერთობისას, ევროკავშირი სოციო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანის უფლებათა რეფორმების განხორციელების სანაცვლოდ, ქვეყნებს სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს, რაც სხვადასხვა შეთანხმებებშია ასახული. ამჟამად, ევროკავშირი ამგვარ შეთანხმებებს ხელს აწერს ორი პოლიტიკის ქვეშ: სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესი (Stabilization and Association Process/SAP) და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (European Neighborhood Policy/ENP). დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობები რეგულირდება პირველი მათგანის შესაბამისად, ხოლო ხმელთაშუაზღვისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების შეთანხმებები მეორე კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება რუსეთს, ის ENP-ში მონაწილეობის მაგივრად, სარგებლობს ევროკავშირი-რუსეთის საერთო სივრცეების (EU-Russia Common Spaces) სპეციალური სტატუსით.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიმართულია ევროკავშირის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან დაახლოებისკენ. დღესდღეობით, ასეთი სულ 16 ქვეყანაა და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. მექანიზმი მარტივია – ქვეყნები გამოხატავენ სურვილს და მზადყოფნას ქმედითი ნაბიჯები გადადგან ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, კარგი მმართველობის, მდგრადი განვითარებისა და საბაზრო ეკონომიკის დანერგვისკენ, სანაცვლოდ კი ევროკავშირი მათ ეხმარება, როგორც ფინანსურად და ტექნიკურად, „მეტი მეტისთვის“ პრინციპის შესაბამისად, ასევე ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და სთავაზობს გამარტივებულ სამოგზაურო რეჟიმს. საქართველომ ეს უკანასკნელი თავის თავზე გამოსცადა, როდესაც ევროკავშირმა 2017 წლის 1 მარტს ქვეყანას უვიზო რეჟიმი დაუწესა. 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრული პასპორტის მფლობელ საქართველოს ყველა მოქალაქეს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობა აქვს.
ასოცირების შეთანხმებები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს. ევროკომისიის ლექსიკონის მიხედვით, ასოცირების შეთანხმება არის ორმხრივი შეთანხმება ევროკავშირსა და კონკრეტულ ქვეყანას შორის, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, ევროკავშირთან დაახლოების პროცესის საფუძველს წარმოადგენს. ამჟამად, ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებები, საქართველოს გარდა, ძალაში აქვს რამდენიმე სხვა ქვეყანასთან, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასა და თურქეთთან.
თურქეთის ევროკავშირთან ასოცირების ისტორია სრულიად უნიკალური შემთხვევაა. ეს პროცესი 1959 წლიდან იღებს სათავეს და მოიცავს 1963 წლის ანკარის ასოცირების შეთანხმებას. მიუხედავად იმისა, რომ მიერთების მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო, ევროკავშირი და თურქეთი ვერ თანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც ამ პროცესს საგრძნობლად აჭიანურებს და თურქეთი დღემდე ინარჩუნებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თუკი 2017 წლის 16 აპრილს თურქეთში შემდგარი საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს გავითვალისწინებთ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ფაქტობრივად შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს, უფრო და უფრო საეჭვო ხდება, რომ თურქეთი „ევროპული“ გზით სვლას გააგრძელებს. ყოველივე ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ასოცირების შეთანხმება არავითარ შემთხვევაში არ არის ევროკავშირის წევრობის გარანტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანდიდატი სახელმწიფო არ გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას შიდა რეფორმები გაატაროს.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთების პროცესი 1999 წლიდან იწყება, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს (SAP) და შემუშავდა სტაბილურობის შეთანხმება (Stability Pact), რომელიც, თავის მხრივ, 2008 წელს რეგიონული თანამშრომლობის საბჭოთი ჩანაცვლდა. 2003 წელს ყველა SAP ქვეყანა ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატებად გამოცხადნენ და ევროკავშირმა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი დაუწესა მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას. ამჟამად, ალბანეთი (2014), მაკედონია (2005), მონტენეგრო (2010) და სერბეთი (2012) ფლობენ კანდიდატი ქვეყნების სტატუსს, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო პოტენციური კანდიდატი ქვეყნების სტატუსს ინარჩუნებენ. მას შემდეგ, რაც ქვეყნები წევრობის კანდიდატები გახდნენ, მდგომარეობა თითქმის ყველა სექტორში გაუმჯობესდა, თუმცა კიდევ დიდი გამოწვევების გადალახვაა საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოახერხონ. შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, ამ ქვეყნების ევროკავშირის წევრთა რიგებში ყოფნა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.
როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ქვეყანა რომლის გამოცდილებაც ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს საქართველოს არის მოლდოვა. მოლდოვამ, ისევე როგორც საქართველომ, ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა და ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. მოლდოვა დარწმუნებულია, რომ მისი ადგილი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორისაა და ამის დასამტკიცებლად აქტიურად იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, მიისწრაფვის ეკონომიკური განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. საქართველოს მსგავსად, მოლდოვას მთავრობა მუშაობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონთან – დნესტრისპირეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე და სჯერა, რომ შეუძლია ერთდროულად ევროპული ოჯახის წევრიც გახდეს და თან არ გამოხატავდეს ანტი-რუსულ მისწრაფებებს.
მოლდოვა, ისევე როგორც საქართველო, სავაჭრო სფეროში დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე, რის გამოც ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში (DCFTA) გაერთიანებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოლდოვაც და საქართველოც მუშაობენ დემოკრატიული, ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ჩამოყალიბებაზე, რითაც ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას ცდილობენ.
საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა და ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ამჟამად, საქართველოს აქვს განსაზღვრული ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ რეფორმას, რომელიც ქვეყანამ უნდა გაატაროს. რეფორმების ჩამონათვალი იწყება უკეთესი პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების საჭიროების ხაზგასმით, გრძელდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებით და სრულდება თანამშრომლობით ეკონომიკის სფეროში. დღის წესრიგის მიხედვით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკურ სისტემაში ადეკვატური ბალანსი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესშია. ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული დემოკრატიის ხელშეწყობა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დიდი მნიშვნელობის მატარებელია საკანონმდებლო ჩარჩოსა და არჩევნების ადმინისტრირებაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა. რაც შეეხება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მოთხოვნას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელება და ხელი შეუწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის დამყარების გზით. ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანა გააუმჯობესებს და გაამარტივებს საგადასახადო კანონმდებლობას, მოახდენს თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ არსებული პოლიტიკის ევროკავშირთან ჰარმონიზებას და გააძლიერებს საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) დამოუკიდებლობას.
ასოცირების შეთანხმება არ არის იმის გარანტი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ის უბრალოდ კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმრავლესობა უკვე 10 წელზე მეტია კანდიდატების სტატუსს ინარჩუნებენ, რაც თავის მხრივ, იმის მაჩვენებელია თუ რამდენად გრძელი და გაჭიანურებული პროცესი შეიძლება იყოს ევროკავშირთან მიერთება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და უკვე გარკვეულ რეფორმებს ახორციელებს, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ამ პროცესს დასრულებული სახე მიეცეს. ყოველი, თუნდაც მცირე, გადახვევა ევროინტეგრაციის გზიდან, შეიძლება სტაგნაციის რისკის წინაპირობა აღმოჩნდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მთელ ამ პროცესში საკვანძო საკითხი არის კონტექსტი და დინამიკა. ის, რაც მსოფლიოს ერთ ნაწილში ხდება (დასავლეთ ბალკანეთი) არ უნდა განვაზოგადოთ მეორე ნაწილზე (სამხრეთ კავკასია), ვინაიდან თუნდაც ერთი და იმავე რეგიონში, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარება ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება, გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლოა გამოსადეგი იყოს, თუმცა არა გადამწყვეტი. საქართველოს მომავალი მთლიანად საქართველოზეა დამოკიდებული.
*გვანცა იჩქითი არის თბილისში მცხოვრები დამოუკიდებელი მკვლევარი.
*პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.