22/12/2016 GIP

მიგრანტთა კრიზისი ევროკავშირში – ჯერი ამომრჩევლებზეა

Author

შოთა გელოვანი

შოთა გელოვანი
პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტი
მანჰაიმის უნივერსიტეტი

სირიის კონფლიქტიდან მომდინარე მიგრაციის პრობლემა ევროპისთვის ახალი ნამდვილად არ არის. ყოველი ახალი ამბავი, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ლტოლვილებთან თუ თავშესაფრის მაძიებლებთან ხელახლა წარმოშობს დებატს ამ ოდნავ მივიწყებულ თემაზე. თემის წამოჭრასთან ერთად ჩნდება კითხვებიც, მაგალითად, მზად არის თუ არა ევროპა ამ გამოწვევისთვის. პასუხი ცალსახაა – არა. ასოცირების დღის წესრიგმა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენები მჭიდროდ დაუკავშირა ქართულ რეალობას. ევროკავშირის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოზე, როგორც პარტნიორ ქვეყანაზე გავლენას, რაღა თქმა უნდა, ახდეს. გამონაკლისს არც მიგრანტთა კრიზისი წარმოადგენს. საინტერესოა, განვსაზღვროთ მიგრანტთა კრიზისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და დავინახოთ აღნიშნული პრობლემა სხვადასხვა კუთხით.

Photo: UNHCR/J. Akkash

მიუხედავად, იმისა რომ მიგრანტთა კრიზისის მოგვარებაზე გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს მიგრანტთა კრიზისის გადატანას და დაიშლება. მისი მოუმზადებლობა უფრო იმაში გამოიხატება, რომ მან არ იცის, როდემდე გაგრძელდება სირიაში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი ვითარება იქნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მას შემდეგ, რაც ასადი და რუსეთი საბოლოოდ ჩაახშობენ აჯანყებას (რაც, თითქმის გარდაუვალია ალეპოს მოვლენების შემდეგ). ასე რომც მოხდეს  კვლავ ღია რჩება ტერორისტების საკითხი. ასევე უცნობია, როგორ გადაჯგუფდება და რა სტრატეგიას აირჩევს მარცხის შემთხვევაში სირიული აჯანყების წიაღში წარმოქმნილი უამრავი ჯიჰადისტური დაჯგუფება, რომელიც, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ევროპის სამეზობლოში არსებული პრობლემა.

გარდა ამისა, ევროკავშირი დამოკიდებულია თურქეთის კეთილ ნებაზე, გააგრძელოს ლტოლვილების მიღება. თურქეთი კი ისედაც მსოფლიო რეკორდსმენია ლტოლვილების რაოდენობით – 2016 წლის ივნისის მონაცემებით იქ უკვე 2.5 მლნ ლტოლვილი ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი გადაწყვეტს შეასუსტოს სასაზღვრო კონტროლი და არ მიიღოს საბერძნეთიდან უკან გამობრუნებული ლტოლვილები, რომელთაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, ევროკავშირში უკიდურესად გამწვავდება არალეგალურად მყოფი მიგრანტების საკითხი. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ საბერძნეთში საბაჟო ექსპერტების საკმარისი რაოდენობის გაგზავნა, რათა მოხდეს საიმედო სისტემის ამუშავება, რომელიც იოლად და დანამდვილებით აღმოაჩენს გაყალბებულ დოკუმენტებსა თუ პიროვნების იდენტიფიკაციის გაყალბების სხვა საშუალებებს. ის ფაქტორი, რომ თურქეთს შეუძლია მიგრანტების ნაკადზე მარყუჟის შესუსტება, ერდოღანისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში სერიოზულ არგუმენტს წარმოადგენს და აძლევს მას იმის საშუალებას, მოითხოვოს, ერთ მხრივ, ევროპისგან თურქეთის შიდა პოლიტიკაში არცთუ ისე დემოკრატიული მეთოდების გამოყენებაზე თვალის დახუჭვა, მეორე მხრივ კი უვიზო მიმოსვლა თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში. ერთგვარი 2 vs 1 გაცვლა.

დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებს არ აქვთ მკვეთრად გამოხატული საერთო პოზიცია ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით. არსებობს მხოლოდ კვოტა, რომელიც წევრმა ქვეყნებმა 2015 წლის სექტემბერში გამოყვეს საბერძნეთიდან და იტალიიდან მიგრანტების გადასანაწილებლად. ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებები ამ ფაქტს პროტესტით შეხვდნენ. გადაწყვეტილებამ ასევე გამოიწვია პროტესტი რიგ ქვეყნებში ულტრამემერჯვენე პარტიების მხრიდან.

მოცემული განხეთქილება მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით და მუდმივი კრიტიკა განსაკუთრებით მტკივნეულია იმ ქვეყნების ხელისუფლებებისთვის, რომელსაც ამჟამად ცენტრისტული ძალები მართავენ და 2017 წელს მმართველი ორგანოს არჩევნებია დანიშნული – გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ სამივე ზემოხსენებულ ქვეყანაში მმართველი ძალა მხარდაჭერას კარგავს:

  • მარტი: ნიდერლანდების მემარჯვენე-ცენტრისტული „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია“, გამოკითხვების თანახმად, 40%-ით ნაკლებ მანდატს მოიპოვებს მარტში ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე. იგივე გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, მომავალ პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი გერტ ვილდერსის მემარჯვენე პოპულისტურ „თავისუფლების პარტიას“ ექნება, რომელიც მკვეთრად გამოხატულ ანტი-იმიგრაციულ პოლიტიკაზე აგებს საკუთარ კამპანიას.
  • აპრილი – მაისი: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რომ მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, ეს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ოლანდმაც კარგად იცის და სწორედ ამიტომ უარი თქვა მონაწილეობაზე. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, მთავარი პრეტენდენტები პრეზიდენტის პოსტზე იქნებიან რესპუბლიკელების კანდიდატი – ფრანსუა ფიიონი (საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში) და ეროვნული ფრონტის ლიდერი – მარინ ლე პენი. გამოკითხვები ორივე კანდიდატს დაახლოებით თანაბარ დონეზე აყენებს, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, მიეცემა თუ არა საფრანგეთი პოპულიზმით მოგვრილ თრობას, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად.
  • აგვისტო-ოქტომბერი: გერმანიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პროგნოზირებულია ანგელა მერკელის პარტიის ხმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირება 5%-დან დაახლოებით 32%-მდე, ხოლო ყველაზე დიდი პროგრესი ხმების ოდენობის მხრივ, კვლევების მიხედვით, ექნება მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“. აღსანიშნავია, რომ მთავარი განსხვავება ამ ორ პარტიას შორის სწორედ იმიგრაციის საკითხთანაა დაკავშირებული (რომ არაფერი ვთქვათ ევროინტეგრაციის მხარდაჭერაზე და პოლიტიკურ სპექტრზე მათ განლაგებაზე): ანგელა მერკელის გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული გერმანიაში ლტოლვილების მიღების მაღალი მაჩვენებელი. სწორედ კანცლერს ეკუთვნის ფრაზა: „თუკი ჩვენ მოგვიწევს გასაჭირში მეგობრობის ხელი გაწვდის გამო ბოდიშის მოხდა, მაშინ ეს ჩემი ქვეყანა არაა“. 19 დეკემბერს, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიიდან (რომელზეც მომდევნო დღეს ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა) ერთი საათიც არ იყო გასული, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ტვიტერზე გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი: „როდის დაბრუნდება სამართლიანი გერმანული სახელმწიფო? როდის დასრულდება ეს დაწყევლილი პირფერობა? ეს მერკელის გარდაცვლილები არიან! #ნიცა #ბერლინი“.

ზემოთ ნახსენები სამი არჩევნების შედეგები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის პოზიციას მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით 2017 წლის ბოლოსთვის. არჩევნების შედეგებზე კი, გარდა რიგი შიდაპოლიტიკური ფაქტორებისა, იმოქმედებს ის, თუ რამდენი ხანი იქნება სირიის კონფლიქტი აქტიურ ფაზაში, როგორ განვითარდება თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები და როგორ გაუმკლავდება ევროკავშირი ტერორიზმის საფრთხეს.

, , , , , ,