14/12/2021 GIP

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2021

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-12-14 00:50:02

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) სწავლობს საქართველოს შედეგებს მმართველობის ოთხი მიმართულებით: დემოკრატიული მმართველობა, ეფექტიანი მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა და საგარეო მმართველობა. წინამდებარე კვლევის მიზანია მმართველობის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მთავარი გამოწვევების და ჩავარდნების და ასევე, მიღწევების განსაზღვრა და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება, თუ როგორ მოხდეს რისკების შემცირება და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება.

მოცემული ინდექსის სამიზნე ჯგუფია ფართო აუდიტორია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, მასმედიის წარმომადგენლები, კვლევითი და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო და შიდა დამკვირვებლები და ექსპერტები; ისევე, როგორც ფართო საზოგადოება, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს მმართველობის დინამიკით.

ინდექსი წარმოდგენილი იქნება თბილისში საქართველოს მმართველობისა და დემოკრატიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების უკეთ ინფორმირების, ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების შედგენის პროცესში ჩართვის, საქართველოს რეფორმების საერთაშორისო კონტექსტში განხილვის და საქართველოს ევროატლანატიკური ინტეგრაციის ადვოკატირების მიზნით. იმედი გვაქვს ინდექსი გააძლიერებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე და ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების დანერგვას საქართველოში. გარდა ამისა, იგი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს კონსტრუქციული უკუკავშირი მის მიერ გატარებული პოლიტიკისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისგან, ისევე როგორც ქართული კვლევითი და ექსპერტთა საზოგადოებისგან.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არცერთ შემთხვევაში არ ასახავს USAID-ის პოზიციას.

, , , ,