პირველ დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატო-ს PDD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში,“ ფარგლებში, საჯარო დისკუსია გაიმართა.
ღონისძიება სახელწოდებით “ნატოს როლი მდგრადობის განვითარებაში: საქართველო და უკრაინა” გახსნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფ. კორნელი კაკაჩიასთან ერთად. საჯარო დისკუსია ფოკუსირებული იყო შემდეგ საკითხებზე:
- როგორია ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და რომელი შეიძლება გაიზიაროს საქართველომ აღნიშნული პრაქტიკებიდან?
- რატომ სჭირდება საქართველოს ეროვნული მედეგობის სტრატეგია და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან ქვეყანას?
- რამდენად მედეგია უკრაინა რუსული აგრესიის მიმართ და რა გაკვეთილი შეიძლება მიიღონ მათგან ნატო-ს წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა?
საჯარო დისკუსიის პირველ ნაწილი NATO-ს სათაო ოფისიდან პირდაპირი ჩართვით გახსნა ექსპერტმა ბენჯამინ ტუფტმა, მოხსენებით “ნატოს როლი მდგრადობის განვითარებაში: პარტნიორი სახელმწიფოები”, რის შემდეგაც ღონისძიება დაეთმო პრეზენტაციებს საქართველოსა და უკრაინის მდგრადობის შესახებ (საქართველო: დოქ. ბიძინა ლებანიძე, GIP; უკრაინა – დოქ. ჰანა შელესტი, Ukrainian Prism)
ღონისძიების ფარგლებში დოქ. ბიძინა ლებანიძემ აუდიტორიას გააცნო საქართველოს ეროვნული მედეგობის შესახებ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი, მისი ძირითადი დასკვნები და შემუშავებული რეკომენდაციები.
საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ უსაფრთხოების ექსპერტები, ანალიტიკოსები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ფართო დისკუსია დამსწრე აუდიტორიის აქტიური მონაწილეობით.