30/04/2024 GIP

საქართველოს (არა)თავსებადობა ევროკავშირთან: მრგვალი მაგიდის დისკუსია ბერლინში

30 აპრილს, ბერლინში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანა ორგანიზებითა და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (DGAP) მასპინძლობით გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია,  სახელწოდებით –  „საქართველოს (არა)თავსებადობა ევროკავშირთან.“

პანელურ დისკუსიაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი  ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე,  რომელმაც მზარდი შეშფოთება გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომლის გაცხადებული მიზანიც ევროკავშირის წევრობაა. თუმცა, მმართველი პარტიის, – „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გააჩინა ეჭვები აღნიშნული გზისადმი ქვეყნის ჭეშმარიტ ერთგულებაზე.

„ქართული ოცნების“ მიერ მედიისა და ლგბტ უფლებების შესახებ კანონების შემოღებამ გამოიწვია შიდა და საერთაშორისო დებატები. “უცხოური აგენტების კანონის” მიღების მეორე მცდელობით, იზრდება შიში სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის მიხედვით, ნებისმიერი ორგანიზაცია თუ მედია საშუალება, რომელიც დაფინანსების მინიმუმ 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებს, დასახელდება “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად.” მმართველი პარტიის მხრიდან გადადგმულმა ამ ნაბიჯმა გამოიწვია შეშფოთება საქარველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

რუსეთის გავლენის მიმართ საქართველოს მოწყვლადობა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პანელის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის (CFSP) ტენდენციები. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ დისკუსიის ფარგლებში წარმოადგინა პოლიტიკის დოკუმენტის მიგნებები ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობის შესახებ. დისკუსიას ესწრებოდნენ ექსპერტები: სოფო ვერძეული “კომენტარის” თანადამფუძნებელი და რედაქტორი (ონლაინ); მამუკა ანდღულაძე, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარე. დისკუსიის ფარგლებში ექსპერტული კომენტარი, უკუკავშირთან ერთად გააკეთა რობინ ვაგენერმა, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიასთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და ცენტრალურ აზიასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორმა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა (ონლაინ).

განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, პანელურმა დისკუსიამ კრიტიკულად შეაფასა საქართველოს მიმართულება ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ.  დისკუსია ფოკუსირებული იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა, მედიაზე და აღნიშნული ასპექტების მნიშვნელობაზე საქართველოს მომავლის ფორმირებაში. ღონისძიების მოდერატორი იყო შტეფან მაისტერი, წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში (DGAP).

🔗 ექსპერტ კომენტარი – საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი თავსებადობა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) | სექტემბერი 2023

, , , , , , , , , , , , ,