25/07/2023 GIP

რიგით მე-9 შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი BSSU 2023 დასრულდა

14-18 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, საფრანგეთის ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრთან CIFE-ესთან (Centre International de Formation Européenne), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თბილისში შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2023 გაიმართა, თემაზე – შავი ზღვის რეგიონის ცვალებადი გეოპოლიტიკა. 

საზაფხულო უნივერსიტეტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ, ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, მარი ფრანს პერდიგონმა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა,  ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი ქობალიამ, გახსნეს.

საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობას იღებდა პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების 29 სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან, ასევე, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რათა მათთან ერთად ემსჯელათ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიმართულებით.

საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეებისთვის ლექციებს კითხულობდნენ ასოცირებული პროფ. ივანა მაჩიტიძე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველო); პროფ. გვანცა დავითაშვილი (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველო); პროფ. მადელინ ჰუბინი (ლიეჟეს უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა, ბელგია); გიორგი შაიშმელაშვილი (კვლევების ხელმძღვანელი / Civic IDEA, მიწვეული პროფესორი/შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი); გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე (გენერალური დირექტორის მოადგილე/სამხედრო მოწინავე ტექნოლოგიების კვლევის, განვითარებისა და წარმოების ცენტრი FDI – DELTA, მკვლევარი/ანალიტიკური ცენტრი “ჯეოქეისი”); დოქტ. დესპინა აფენტიული (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, ათენი, საბერძნეთი (IDIS)); ივანე მაჭავარიანი (საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) აღმასრულებელი საბჭოს თანათავმჯდომარე); პროფ. კორნელი კაკაჩია (პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი/ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი).

საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა მრგვალი მაგიდის დისკუსიით დასრულდა, თემით – საქართველოს ურთიერთობა ნატო-სა და ევროკავშირთან, წევრობის პერსპექტივები და წინსვლისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განხილეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საერთო მიდგომა შემდგომი გაფართოებასთან დაკავშირებით. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკურმა ოფიცერმა, ოლიკო შერმადინმა წარმოადგინა ევროკავშირის პერსპექტივა, ხოლო არკადიუშ ლეგიეჩმა, ნატოს სამხრეთ კავკასიის სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკურმა ოფიცერმა საქართველოში, განიხილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ნატოს პერსპექტივიდან. დისკუსიას უძღვებოდა დოქტ. დესპინა აფენტიული (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, ათენი, საბერძნეთი).

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ფრანგული აკადემიური ინსტიტუტის CIFE-ესა (Centre International de Formation Européenne) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით 2015 წლიდან ტარდება.  

საინფორმაციო ბუკლეტი

, , , , , , , , , , , ,