25 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა მე-9 ყოველწლიურ დემოკრატიის კონფერენციას „საქართველოს სვლა ავტორიტარიზმისკენ: როგორ გავუმკლავდეთ ანტიდემოკრატიულ წნეხს.“
#GEODEM2024, რომელიც განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოსა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით, მოიცავდა ორ პანელს:
- პანელი I: საუბარი პარტიებთან – წუხილები და პერსპექტივები არეულობის შემდეგ
- პანელი II: ქართული დემოკრატიის მომავალი და საერთაშორისო საზოგადოების როლი
კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსია დაფუძნებული იყო პოლიტიკის ნარკვევების კომპენდიუმზე, რომელიც გამოქვეყნდა და წარედგინათ #GEODEM2024 დამსწრეებს.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მელინე არაქელიანმა გახსნეს კონფერენცია გახსნითი სიტყვით. პროფესორმა კაკაჩიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელობას ტურბულენტურ დროს, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია გამოწვევების წინაშე დადგა. როგორც ელჩმა მელინე არაქელიანმა აღნიშნა, მისი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში ევროკავშირის ძლიერი ფოკუსი ფარგლებში საქართველოს მიმართ და ქვეყნის ევროინტეგრაციული ამოცანების მიმართ. ნიდერლანდები რჩება ერთგული საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის მიმართ.
პანელი I
მოდერატორმა ნინო გელაშვილმა, რადიო თავისუფლების უფროსმა რედაქტორმა გახსნა პირველი ინტერპარტიული დისკუსია სახელად „საუბარი პარტიებთან – წუხილები და პერსპექტივები არეულობის შემდეგ“. დოქტ. ნინო ჯაფარიძემ, ედისონ რისერჩის უფროსმა მრჩეველმა თავის მოხსენებაში გააკეთა აქცენტები ქართველი ამომრჩევლის მოლოდინებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ. მისი თქმით, ამომრჩეველი ელის ერთიანობას პარტიებისგან მიმდინარე კონტექსტის გათვალისწინებით. პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაგეგმონ საკუთარი სტრატეგიები საკუთარივე კომფორტის ზონის გათვალისწინებით, არამედ მათ მაქსიმალურად უნდა სცადონ, გაიაზრონ თუ რა დაკვეთა არსებობს ქართულ საზოგადოებაში პარტიების მიმართ. მაშინ, როდესაც საზოგადოების 30% მხარს უჭერს მმართველ ქართულ ოცნებას, ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 70% მხარს ოპოზიციას დაუჭერს. დოქტ. ჯაფარიძის თქმით, ეს იყო ერთგვარი არასწორი გათვლა ოპოზიციის მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და მოსალოდნელი არჩევნებისთვისაც მათ ეს უნდა გაითვალისწინონ და იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვან.
ამომრჩევლის მოლოდინების კონტექსტუალიზაციის შემდეგ, ხუთი ქართული პარტიის წევრებმა აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა რას ელის ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? როგორ ხედავენ ქართული პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო გარემოს და მრავალპარტიული დემოკრატიის პერსპექტივას 2024 წლის წინასაარჩევნო სამზადისში? როგორ უპასუხებენ პოლიტიკური პარტიები საზოგადოების მოთხოვნებსა და მოლოდინებს დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით? რა ძირითადმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესების შეფერხება არჩევნებამდე და არჩევნების დროს? მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ქართული პოლიტიკური პარტიები?
პანელზე წარმოდგენილი ყველა პოლიტიკოსი საუბრობს მოსალოდნელი არჩევნების კონტექსტში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, ზრდადი ძალადობრივი ატმოსფეროსა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. მათ ხაზი გაუსვეს ასევე იმას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ამომრჩევლის ხმები განურჩევლად პარტიული კონფიგურაციებისა, რაზეც ისინი შეთანხმდებიან არჩევნების წინ. ირაკლი კუპრაძემ, ლელოს გენერალურმა მდივანმა წარადგინა თავისი პარტიის ხედვა, რომლის მიხედვითაც, ლელო განიხილავს სხვადასხვა კონფიგურაციებს არჩევნების წინ, რამაც შესაძლოა მეტი ამომრჩეველი მოიზიდოს, ვიდრე განიზიდოს. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთო სტრატეგიების შექმნის საჭიროებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით დაძაბული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ქართული ოცნება ქმნის ქვეყანაში, რითაც მმართველი პარტია პოლიტიკური პროცესის ერთგვარ მიტაცებას ცდილობს. ბორის ჩელე ყურუამ პარტიიდან გირჩი მეტი თავისუფლება ისაუბრა იმის შესახებ, რომ ძალადობისა და დაპირისპირების გაზრდილი დინამიკა პირველ რიგში იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ოცნება მზადაა ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ კონტექსტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების მიერ ელექტორატისთვის განახლებული პოლიტიკური სისტემის შეთავაზება. ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ხაზი გაუსვა თავისი პარტიის ძლიერ პოზიციას იმის შესახებ, რომ შესაძლებელი კონფიგურაციები პარტიებს შორის დაფუძნებული უნდა იყოს რეალურ ფუნდამენტურ კავშირებზე ისე, რომ პარტიებმა არჩევნების შემდეგაც შეძლონ თანამშრომლობის გაგრძელება. მისი თქმით, აუცილებელია, დავრწმუნდეთ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც ექნება არჩევანის საშუალება ისე, რომ კამპანიებიც შესაბამისად საგნობრივად განსხვავებული იყოს. თეიმურაზ პაპასქირმა, პარტია ახალის წარმომადგენელმა აუდიტორიას გაუზიარა თავისი ხედვა იმ უნიკალური კონტექსტის შესახებ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტია ახალი აქტიურად გადის კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან რადგან ნებისმიერი ხმის დაკარგვა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს არჩევნებისთვის. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, თუ რომელიმე პარტია მაინც ხედავს საფრთხეს, რომ ის ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, მათ უნდა გამოიჩინონ თავმდაბლობა და განიხილონ პარტიული სიების გაერთიანება, რათა გადაარჩინონ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობის ხმები. ბოლოს, დიმიტრი შაშკინმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქცენტები დასვა გეოპოლიტიკური ცვლილებების მნიშვნელობაზე, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს გარშემო და აჩენს ახალ გამოწვევებს არალიბერალური ძალების მობილიზების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტი აძლიერებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.
პანელს მოჰყვა დისკუსია აუდიტორიასთან, სადაც დამსწრეებმა წინ წამოსწიეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სიღარიბის გავლენა არჩევნების შედეგებზე, პარტიების თანამშრომლობა ევროპულ პარტიულ ჯგუფებთან და რუსეთის გავლენა შიდაპოლიტიკურ კონკურენციაზე საქართველოში.
პანელი II
მეორე პანელი მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიის მომავალს და საერთაშორისო საზოგადოების როლს. მოდერატორი რეიჰან დემიტრიე, BBC_ის კორესპონდენტმა გახსნა დისკუსია პირველ რიგში პროფესორ ჯული ჯორჯთან, რომელიც არის პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ნიუ იორკის სიტი უნივერსიტეტსა და ადიუნკტ ასოცირებული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში. საუბარი შეეხო საერთაშორისო საზოგადოების სტრატეგიებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ საქართველოს დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებაში, როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით რთულ კონტექსტში, და წვლილის შეტანა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში საქართველოში.
საქართველოში დანიის ელჩმა ანნე ტოფტ სორენსენმა განაცხადა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში მოცემულ გართულებულ კონტექსტში, რომელიც შექმნა ახალმა კანონმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. „ჩვენ არსად მივდივართ“, შენიშნა ელჩმა, და დაამატა, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ქვეყნებიდან მომავალ სოციალურ, აგრარულ პროგრამების მხარდამჭერ ფინანსებს უწოდო „გავლენა“.
საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის, რიინა კალიურანდის თქმით, „საქართველომ უკვე გააკეთა არჩევანი დემოკრატიზაციის სასარგებლოდ, ამიტომაცაა, რომ ესტონეთი მთელი ეს წლები მხარს უჭერდა ქვეყანას ამ გზაზე“. მისი თქმით, მას არ სჭირდება, დაარწმუნოს ესტონეთი საქართველოს მნიშვნელობაში ახლა, რადგან ის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ესტონეთისთვის. „ახლა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები“ – დაამატა ელჩმა.
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ აღიარა, რომ „საქართველოს რეპუტაცია მნიშვნელოვნად შესუსტდა [უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ“] რაც ქვეყნის პროგრესს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ პოლიტიკური კულტურის და ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიან გზებზე, წაახალისონ მეტი ქალი პოლიტიკაში და ორიენტირდნენ მეტად მომავალზე, ვიდრე წარსულზე.
ნორვეგიის სამეფოს ელჩის ბერგლიოტ ჰოვლანდის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მისი ქვეყანა თავსებადია საერთო ევროპულ მიდგომასთან, როცა საქმე ეხება დემოკრატიას საქართველოში, შესაბამისად, ნორვეგია აქტიურად უჭერს მხარს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ქვეყანაში.
პროფ. ჯული ჯორჯის ფინალური კომენტარის მიხედვით, არ შეიძლება „გლობალური ომის პარტიის“ საკითხი გავიგოთ, როგორც პროპაგანდა ან დეზინფორმაცია. არამედ ეს არის ხელსაწყო ქართულ საზოგადოებაში შიშის გავრცელებისთვის. პანელის მთავარი გზავნილი ის არის, რომ მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული მისი დემოკრატიული არჩევანი, რომელიც არ შეიძლება გაკეთდეს დასავლეთის მიერ. როგორც კი თბილისი დადგება დემოკრატიის მხარეს, ევროკავშირი აუცილებლად იქვე იქნება ამ გზაზე საქართველოს დასახმარებლად.
დემოკრატიის კონფერენცია GEODEM2024 განხორციელდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ (GIP) საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.