15/03/2024 GIP

საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPA Hub) გახსნა

14 მარტს, საჯარო პოლიტიკის დისკურსში ახალგაზრდა მკვლევართა ეფექტური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, Public Policy Analysis Hub გახსნა. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას, სტუდენტების, მკვლევრებისა და პოლიტიკის პრაქტიკოსების ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაზრდის გზით. აღნიშნული ინიციატივა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. 

PPA Hub არის ერთობლივი პლატფორმა სწავლისთვის, უნარების განვითარებისა და ცოდნის გაცვლისთვის ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებსა და აკადემიკოსებს შორის. ცენტრი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კვლევასა და ანალიზს მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა გამჭვირვალობა, საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) და კარგი მმართველობა.

PPA Hub-ის საქმიანობაში ცენტრალური ადგილი უკავია საჯარო პოლიტიკის ანალიზის სპეციალიზებულ კურსს, რომელიც პროექტის მონაწილეებს საშუალებას მისცემს უფრო საფუძვლიანად გაეცნონ საჯარო პოლიტიკის დინამიკასა და კვლევის პროცესში საჭირო ანალიტიკურ ინსტრუმენტებს. აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა ოცდახუთი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი 9 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. 

ორი თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეები მონაწილეები დაესწრებიან 16 სესიას, რომლებიც ერთობლივად მოიცავენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. აღნიშნულ სესიებს ქართულ და ინგლისურ ენებზე გაუძღვებიან ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი რიჩარდ ჰეისელვუდმა, USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გახსნა. მან ხაზი გაუსვა PPA Hub-ისა და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის როლზე ისაუბრა, ასევე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ. მისი თქმით, ახალგაზრდებში ანალიტიკური, წერითი და კვლევითი უნარების დახვეწა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის აუცილებელი კომპონენტია. GIP-ის პროექტების მენეჯერმა, სალომე კანდელაკმა გახსნით ღონისძიებაზე PPA Hub-ის მიმოხილვა, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები წარადგინა.

საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPA Hub) გახსნა საფუძველს უყრის ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და სიღრმისეული ანალიტიკის დანერგვას ქვეყნის საჯარო პოლიტიკის სფეროში.

ღონისძიების ფოტო ალბომი 👇

, , , , , , , , , ,