11/04/2022 keta

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრები გამართა

4-6 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საქმიანი შეხვედრები სტრასბურგსა და ბრიუსელში, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ინტერესების დაცვის მიზნით. ქართული დელეგაციის მიზანი იყო ევროპარლამენტარებისთვის და გავლენიანი სამოქალაქო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ  თავიანთი ხედვები საქართველოს პერსპექტივებზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. დელეგაციამ ევროპულ მხარესთან ასევე განიხილა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა გადაწყვეტილების მიმღებებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე მათთან, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთვის წევრობის კითხვარის მომზადებაზე. სტრასბურგში მიმდინარე ევროპარლამენტის სესიის შემდეგ, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს (EPP), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს (მწვანეები/EFA) და პეტრას აუშტრევიჩიუსს (განახლებული ევროპა). ბრიუსელში სამუშაო დღის წესრიგი მოიცავდა ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრში (CEPS) გამართულ არაფორმალურ დისკუსიას თემაზე „საქართველოს სტრატეგიული დილემები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: ქართული თინქ-თენქებისა და სამოქალაქო საზოგადოებისა ხედვები“. CEPS-ისა და DG Near-ის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი. ბრიუსელში გამართული ვიზიტის ფარგლებში GIP ასევე შეხვდა საგარეო მოქმედებების სამსახურს, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმსა და ევროპის ფონდს დემოკრატიისთვის.

ევროპულ დაინტერესებულ მხარეებთან გამართული დისკუსიის ფარგლებში, ქართული ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  მათ გაუზიარეს თავიანთი ხედვები საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებლად უნდა გადაიდგას და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზე.

დელეგაცია შედგებოდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, თინქ-თენქებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან:

  • პროფ. კორნელი კაკაჩია, დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
  • რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, დირექტორის მოადგილე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
  • ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • ლევან ცუცქირიძე, აღმასრულებელი დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD);
  • ზურაბ მენაღარიშვილი, ჟურნალისტი, ნეტგაზეთი.

აღნიშნული მივლინება განხორციელდა პროექტ „საქართველოს ევროპეიზაცია: 2020 წლის შემდგომი პროგრესის შეფასება“ ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით.

, , , , , ,