20/07/2022 GIP

მრგვალი მაგიდის დისკუსია – უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე

19 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე – “უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველოს შემთხვევა.” ღონისძიება ჩატარდა პროექტის „შავი ზღვის თანამშრომლობა უფრო ძლიერი უსაფრთხოებისთვის: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Black Sea Trust Regional Cooperation პროგრამის ფარგლებში.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მკვლევარებს საქართველოდან, უკრაინიდან აზერბაიჯანიდან, იმისთვის რომ მათ ერთობლივად იმუშავეს თემაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა რეგიონზე“ და  გასული თვის განმავლობაში კვლევის წინასწარი შედეგებიც წარადგინეს. პროფესორმა კაკაჩიამ ხაზი გაუსვა თემის მნიშვნელობას და მის რეზონანსს როგორც კავკასიის რეგიონში, ასევე, უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონსა და დასავლეთის ქვეყნებში.

დისკუსიის მომხსენებელი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი, სალომე კანდელაკი. მან დამსწრეებს გააცნო მიმდინარე საავტორო კვლევა „შავი ზღვის ფართო უსაფრთხოების გამოწვევებზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ: საქართველოს შემთხვევა“ და მისი წინასწარი შედეგები. სალომე კანდელაკმა წარმოადგინა კვლევის მეთოდოლოგია და განიხილა ის სამი მნიშვნელოვანი სფერო, რომელზეც რუსულ-უკრაინულმა ომმა ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა საქართველოს შემთხვევაში: საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების გარემო. კვლევის ავტორმა ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, მთავარ აქტორებსა და მათ როლებზე რეგიონული უსაფრთხოების მოწყობაში. მომხსენებელმა პრეზენტაცია ნაშრომის ძირითადი ვარაუდებისა და მიგნებების წარდგენით დაასრულა.

პრეზენტაციას მოჰყვა მრგვალი მაგიდის დისკუსიის მონაწილეთა კომენტარები. პირველი დისკუსანტი იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია. მან სამხრეთ კავკასიის პერსპექტივიდან შეაფასა შავი ზღვის უსაფრთხოების უფრო ფართო დილემა. თეონა აქუბარდიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ომმა არა მხოლოდ საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე იმოქმედა, არამედ შეცვალა რუსეთზე წარმოდგენები მთელ ცივილიზებულ სამყაროში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ასევე, განიხილა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ინიციატივები და აქვე გამოკვეთა შავი ზღვის როლი ქართულ პერსპექტივაში; თუ ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა; რა შესაძლებლობებს სთავაზობს აშშ-ის კანონპროექტი შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ უკრაინასა და საქართველოს.

ღონისძიების მეორე დისკუსანტი და ბოლო მომხსენებელი იყო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ნატოს წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინაში, ალექსანდრე ვინიკოვი, რომელმაც ისაუბრა ნატოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოებაში. მან განიხილა სამი მნიშვნელოვანი საკითხი: რატომ აღიქვამს ნატო შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად? რა გააკეთა ალიანსმა რეგიონში ამ დრომდე? და რას ეხება ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია?; ალექსანდრე ვინიკოვმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ კონცეფციაში განხორციელებულ საკვანძო ცვლილებებს, 2010 წელს დამტკიცებულ წინა კონცეფციასთან შედარებით: რუსეთის აღიარება მთავარ საფრთხედ, ჩინეთის აღიარება ერთ-ერთ გამოწვევად და, ასევე, ძირითადი ცვლილება სტრატეგიულ დოკუმენტში – მეტი ფოკუსირება შავი ზღვის რეგიონზე. საბოლოოდ, დისკუსტანმა თავის გამოსვლაში აღიარა, რომ ნატოს  სტრატეგიული ინტერესი შავი ზღვის რეგიონის მიმართ გაიზარდა.

მოხსენების შემდეგ დისკუსიის დამსწრეებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები. კითხვები დაისვა დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერისგან მოსალოდნელ რიტორიკაზე, ნატოს მიზანსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო სისტემაში, ნატოს მხრიდან საჯარო დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობასა და ევროკავშირ-ნატოს ურთიერთობებზე. პირველ კითხვაზე პასუხად თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის პრიორიტეტები დიდი ალბათობით უცვლელი დარჩება ახალი პრემიერის დროსაც კი. ნატოსა და ევროკავშირ-ნატოს ურთიერთობების როლთან დაკავშირებით, ალექსანდრე ვინიკოვმა აღიარა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობა და საქართველოში მათი ხილვადობის გაზრდის აუცილებლობა. მან გააზიარა ნატოს სამოკავშირეო ოფისის გეგმები საქართველოს ყველა რეგიონში ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეებთან მჭიდრო კავშირის დამყარების მიმართულებებით. გარდა ამისა, ალექსანდრე ვინიკოვმა ხაზი გაუსვა მადრიდის სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა ალიანსის ერთიანობა, რომელიც დაკავშირებულია ისტორიით, საერთო ღირებულებებით და მიზნად ისახავს ერთმანეთის დაცვას. ბოლოს მან დაამატა, რომ ევროკავშირი-ნატოს ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მეტად გაძლიერდა, განსაკუთრებით კი რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

დღის წესრიგი

, , , , , , , , ,