2023-05-05 13:21:21
ქალთა პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია როგორც პარტიების შესაბამისი შიდა სტრუქტურული მოწყობა, ისე გენდერული თანასწორობის სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები. დღესდღეობით საქართველოს 2020 წლის მოწვევის საპარლამენტო პარტიების შიდაპარტიული მექანიზმები მხოლოდ ქალთა საჭიროებების გამოვლენას და მათ რეკრუტირებას უზრუნველყოფს და არა მათ პოლიტიკურ გაძლიერებას. ხოლო რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივ ცვლილებებს, გენდერული კვოტირების საკითხი ფორმალურად ზრდის ქალთა რაოდენობას პოლიტიკაში, თუმცა ჩართულობის ხარისხობრივი თვალსაზრისით წარმომადგენლობით ორგანოებში კვლავ დიდი გამოწვევები დგას საზოგადოებაში გამჯდარი გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული თანასწორობის საკითხის კაცი პოლიტიკოსების მხრიდან არასერიოზულად აღქმის გამო. აღსანიშნავია, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით ინსტიტუციურ მექანიზმები, როგორიცაა პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, მეტად ინკლუზიური და ქმედითია, ვიდრე ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული გენდერული საბჭოები, რაც იმაზე მიუთითებს რომ რეგიონებში გენდერული თანასწორობის საკითხზე ნაკლები ცოდნა და ინტერესი არსებობს.
აღნიშნული პოლიტიკის ნარკვევში გაანალიზებულია, თუ რამდენად და რა ფორმით ხდება 2020 წლის მოწვევის საპარლამენტო პარტიებში ქალების შიდაპარტიული ჩართულობის წახალისება, რა მექანიზმებს მიმართავენ ისინი და რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკის ნარკვევი ეფუძნება ოფიციალური დოკუმენტებისა და პოლიტიკოსების ინტერვიუების ანალიზს. ნაშრომის ბოლოს შემოთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები პარტიებში გენდერული თანასწორობის და ზოგადად ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით.
საკვანძო სიტყვები: ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, შიდაპარტიული სტრუქტურა, გენდერული კვოტირება.