© გამოქვეყნებულია Reunir Horizon-ის მიერ
2024 წლის ოქტომბრის, როგორც ამას ბევრი მიიჩნევდა, გადამწყვეტ, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მოსალოდნელი შედეგების შესახებ ორი ჰიპოთეტური სცენარი გამოაქვეყნა: ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ქართული ოცნება ინარჩუნებდა ძალაუფლებას, მეორე შემთხვევაში კი მმართველი პარტია იცვლებოდა. არჩევნების შედეგებმა, რომელთა სამართლიანობა და ლეგიტიმურობა, თავის მხრივ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სადაოა, საშუალება მისცა ქართულ ოცნებას ერთპარტიული უმრავლესობა მოეპოვებინა პარლამენტში და ამით შეენარჩუნებინა საკუთარი ძალაუფლება. სამწუხაროდ, ამგვარად განვითარებული მოვლენები ჩვენს წინა პუბლიკაციაში პირველი ორიდან ყველაზე უარესი ვაირანტის საწყის ეტაპებზე მიუთითებს.
მმართველი პარტიისთვის შიდა და გარე ლეგიტიმაციის ნაკლებობამ და იმ გადაწყვეტილებამ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება სისტემური ძალადობის, დაკავებების და პოლიციელების მიერ პროტესტის მონაწილეთა ცემის ფაქტების (რაც უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ წამებად შეფასდა) შემაშფოთებლად გახშირების პრარალელურად.
14 დეკემბერს, მმართველმა პარტიამ, გააღრმავა რა გაუცხოება საქართველოს მოსახლეობასთან, სისრულეში მოიყვანა გეგმა, სრული კონტროლი დაემყარებინა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ქვეყნის პრეზიდენტად რეჟიმისადმი ყველაზე ლოიალური პირი დაასახელა, რომელსაც არანაირი პოტენციალი არ გააჩნია დააბალანსოს მთვრობა.
მიმდინარე მოვლენები აჩენს შეკითხვას საითკენ აქვს გეზი პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში? რა შეიძლება იყოს მისი მოკლე და გრძელვადიანი შედეგები? რა შეიძლება გააკეთონ დასავლელმა პარტნიორებმა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანა სრულად ავტორიტარულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდეს? ჩვენ გთავაზობთ სამ პოტენციურ სცენარს და სამივე ჰიპოთეტური შემთხვევის შესაძლო შედეგებს.
პირველი სცენარი: საქართველოს ბელორუსიზაცია
იმის გარანტირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა პირმა, რომელსაც არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური რესურსი და წარსული არ გააჩნია, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერ, დამოუკიდებელ მოთამაშედ, ქართულმა ოცნებამ სრულყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამორჩილების პროცესი და de jure სამუდამოდ მიიტაცა სახელმწიფო ძალაუფლება. მომდევნო ნაბიჯი “რუსული კანონის” სრულად ამოქმედებაა იმისათვის, რომ თავს დაესხას სამოქალაქო ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიას და სხვა კრიტიკული აზრის გამჟღერებლებს. იმისათვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სამთავრობო გადაწყვეტილებებისადმი კრიტიკული მოსაზრებების მქონე პირებისგან გაწმინდოს, მმართველი პარტია გააორმაგებს საკუთარ ძალისხმევას, რომ საჯარო სექტორში ინიცირებული ცვლილებების გზით უფრო მარტივად გაათავისუფლოს თანამდებობის პირები და გაამარტივოს საპოლიციო ძალებში პირთა აყვანის შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი ინიციატივა შესაძლოა აქციების დაშლისას უფრო ძალადობრივი მეთოდების გამოსაყენებლად საჭირო ადაიანური რესურსების მობილიზებას ემსახურებოდეს. მსგავსი რეპრესიებია მოსალოდნელი აკადემიური ინსტიტუციების მიმართაც.
თუკი ისე გაგრძელდა, როგორც ზემოთ არის აღწერილი, ეს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისაგან ქვეყნის გარიყვას და იზოლაციას გამოიწვევს.
საქართველო მორიგი პოსტ-საბჭოთა ავტორიტარული “პარია სახელმწიფო” იქნება, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკითა და რუხი ზონით სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას ქმნის.
დასავლეთისაგან გაუცხოება, ლოგიკურად, რუსეთისკენ უბიძგებს საქართველოს, რაც თავის მხრივ, პოტენციურად, სახელმწიფო ინსტიტუტების კრემლის მხრიდან ინფილტრაციას და პოლიტიკურ მორჩილებას გამოიწვევს. დევნის მიუხედავად, აქციები დიდი ალბათობით გაგრძელდება, რაც რუსეთის მზარდ ჩარევას გამოიწვევს და პოტენციურად პირდაპირ მხარდაჭერასაც კი სამხედროების საშუალებით. ამ ვარიანტზე რუსეთის თანამდებობის რამდენიმე პირმა უკვე ისაუბრა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი წარმატებით გამოსცადა ყაზახეთში 2022 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამას სიტუაციის “სტაბილიზაცია” შეუძლია და გარკვეული დროით ქართული ოცნების მმართველობის გაახანგრძლივებაც, მისი შედეგები გაცილებით უფრო საგრძნობი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. დიდი ალბათობით, აჩქარებული ტემპი ექნება საქართველოდან ტვინების გადინებასაც, ეკონომიკურ შოკებს და რუსულ სუბსიდებზე დამოკიდებულებას.
მეორე სცენარი: სტატუს კვო ნარჩუნდება
ამ სცენარის მიხედვით, ქართული ოცნება არ დათმობს მთავრობის ერთპარტიულად დაკომპლექტების შესაძლებლობას, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც მიაღწევს ურთიერთობების დაპირებულ ‘გადატვირთვას’ დასავლეთთან. ტრამპის ადმინისტრაციის შედარებით იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა და მისი ჩინეთით დაინტერესება ქართულ ოცნებას საშუალებას მისცემს, რომ სტატუს კვო დასავლეთისთვისაც მისაღები გახდეს. თუმცა ეს ასევე იგულისხმებდა გარკვეულ დათმობებს მმართველი პარტიის მხრიდანაც, მაგალითად “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის” შესახებ კანონის გადახედვას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღქმა ბრიუსელში სერბეთისას დაემსგავსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებით დაინტერესებული კანდიდატი ქვეყანაა, ოფიციალური პირები ბელგრადიდან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ კრემლთან, მათი არჩევნების სამართლიანობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ამ სცენარში შეგვიძლია საქართველო კონკურენტული ავტორიტარიზმის შემთხვევათაც განვიხილოთ, სადაც ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები კვლავაც არსებობს და ძალაუფლების მოხვეჭვის საშუალებად აღიქმება, თუმცა მმართველ პარტიას, სახელმწიფო რესურსების სათავისოდ გამოყენების გამო, საგრძნობი უპირატესობა აქვს არჩევნებში.
ეს სცენარი არამდგრადია, რამდენადაც აქ მოიაზრება გამუდმებული აქციები და სამოქალაქო უკმაყოფილება. საქართველოში უკვე ვიხილეთ ოფიციალური პირები და ელჩები, ვინც მიმდინარე მოვლენების გამო თანამდებობები დატოვეს. დიდი ალბათობით ეს ტენდეცია, პოლიტიკური კრიზისის გაღმავების კვალად, კვლავ გაგრძელდება. გამუდმებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კი შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს (მესამე სცენარი) ან ავტორიტარიზმისკენ გვიბიძგოს (პირველი სცენარი).
პარალელურად დასავლელი პარტნიორები მოლოდინის რეჟიმში იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან მათი ურთიერთობები გაუარესდება და ტარგეტირებული სანქციებიც იარსებებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცევენ. თუმცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დროებით შეჩერდება.
მესამე სცენარი: ვარდების რევოლუცია 2.0
ამ, მესამე, სცენარის მიხედვით გაუჩერებელ შიდა და გარე ზეწოლას შედეგი აქვს. ქართული ოცნება იძულებულია სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამ დაპირისპირებიდან გამოსავალი იპოვოს. 2003 წლის ვარდების რევოლუციისა თუ უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის მსგავსად, სასამართლო არჩევნების შედეგებეს გაანულებს. დაახლოებით 2025 წლის გაზაფხულზე ახალი არჩევნები ჩატარდება – ერთის მხრივ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციისა და მეორეს მხრივ, პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და დასავლელი პარტნიორების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ალბათობით ქართული ოცნება ქმედით პოლიტიკურ ძალად დარჩებოდა, ხოლო ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებდნენ. საქართველო რეფორმების განახლებას შეძლებდა.
კოალიციური მთავრობა (ის, რისი გამოცდილებაც თანამედროვე საქართველოს საერთოდ არ აქვს) დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის პოლიტიკას ააჩქარებდა, გააცოცხლებდა ასოცირების ტრიოს (საქართველო, მოლდავეთი და ურკაინა), ხელახლა გახსნიდან მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრობაზე და გააღრმავებდა თანამშრომლობას ნატოსთან.
მეორეს მხრივ, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ინაუგურაციისთნავე ეცდება, რომ უკრაინაში ომის აქტიური ფაზა შეწყდეს, საქართველო შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე დადგეს და ეკონომიკური შოკები დაემუქროს: მაგალითად ჰიბრიდული თავდასხმები რუსეთის მხრიდან, შესაძლო ეკონომიკური და სატრანსპორტო ემბარგო, ასევე სავიზო შეზღუდვები, რაც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთიდან გადმორიცხვების მკვეთრ შემცირებასაც.
პოტენციური საფრთხე: კონფლიქტში გადაზრდა
თუმცა, ვარდების რევოლუცია 2.0-ის ოპტიმისტური სცენარი შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. უკრაინის ღირსების რევოლუციის მსგავსად, საქართველოში არეულობის ესკალაცია შესაძლოა ძალადობრივ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რასაც ფართო სისხლისღვრა მოჰყვება. ასეთმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაცია, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებად სავარაუდოა, კრემლს შეუძლია აქ არსებული ქაოსი ჰიბრიდული ომისა თუ ლოკალიზებული სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად გამოიყენოს, რაც კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს საქართველოს სუვერენიტეტს. ამ მოვლენებმა პოლიტიკური პროცესების შესაძლოა ფოკუსს მიღმა დატოვოს და მოქმედ რეჟიმს ძალაუფლების კონსოლიდაციის შესაძლებლობა მისცეს, ეროვნული უსაფრთხოების საფარქვეშ. საერთაშორისო დონეზე, ასეთი ესკალაცია კიდევ უფრო შელახავს საქართველოს რეპუტაციას, შეასუსტებს მის კავშირებს დასავლეთთან და გაზრდის მის დაუცველობას გარე მანიპულაციის მიმართ.
დასკვნა
ამ ნაშრომზე მუშაოების მომენტისთვის, საქართველოში პოლიტიკური ვითარება უაღრესად არასტაბილური და ცვალებადია. როგორც ზემოთ აღინიშნა, სავარაუდია, რომ ეს კრიზისი მინიმუმ სამი მიმართულებით განვითარდეს: სრული ავტორიტარიზმი, სტატუს კვო ან რეჟიმის ცვლილება.
საქართველო კრიტიკული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოთამაშეა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. თუ ის დაეცემა, მაშინ ევროკავშირი რისკავს წვდომის დაკარგვას მთლიან რეგიონზე, მათ შორის სომხეთთან დაახლოების შანსს და საფრთხეს უქმნის იმ კავშირებსაც, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აქვს. რუსეთისთვის, ასეთი მოვლენები გააძლიერებს მის გავლენას შუა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებზე, რათა მიაღწიოს ირანს, თურქეთს, ყურის ქვეყნებს და მის ფარგლებს გარეთ, რითიც გააძლიერებს მისი სტრატეგიულ გავლენებს რეგიონზე. გარდა ამისა, ავტოკრატულ საქართველოს შეუძლია გააძლიეროს ჩინეთის როლი, ხელი შეუწყოს ინვესტიციებს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის პორტებში, რკინიგზასა და ტელეკომუნიკაციებში.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა, საზოგადოების ზეწოლა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. კოალიციური მთავრობა აღადგენს კონტროლსა და ბალანსს და დეპოლიტიზებას გაუწევს საჯარო ინსტიტუტებს. 2025 წლის გაზაფხულზე ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ამ გარდამავალ პერიოდში ლეგიტიმური პრეზიდენტის ზურაბიშვილის როლი სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და ახალი კრიზისის თავიდან ასაცილებლად. არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და დასავლეთის მხარდაჭერა.
იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს კიდევ ერთი წარუმატებელი სახელმწიფო, რომელიც გახდა ავტორიტარული პარია რეჟიმის მსხვერპლი, დასავლელი პარტნიორები უფრო აქტიურ კავშირზე უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დემოკრატიულ აქტორებთან საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის არაპროგნოზირებადობა, გერმანიის მომავალი არჩევნების შედეგი და უკრაინაში მშვიდობის პირობები საქართველოში მოვლენების განვითარების მთავარი განმსაზღვრელი იქნება, დასავლელმა პარტნიორებმა ის უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩება დღის წესრიგში და რომ თბილისში გადაწყვეტილების მიმღებებზე ზეწოლა განხორციელდება კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად და ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.