2022 წლის 24 ივნისს ELS-ის კურსდამთავრებულთა თემატური სამუშაო ჯგუფის, “ქალთა პოლიტიკური ჩართულობის” წევრებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ჯგუფის წევრებმა დამსწრეებს თავიანთი პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები” წარუდგინეს და ძირითადი მიგნებები განიხილეს.
გაფართოებული შეხვედრა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მას საქართველოს ყველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოსა და გენდერული საბჭოების წევრები. პრეზენტაციას ჯამში დაესწრო 90 საჯარო მოხელე და დარგის პროფესიონალი შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან და ქალაქებიდან: ხაშური, ბაღდათი, ლაგოდეხი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ახმეტა, საჩხერე, ტყიბული, შუახევი, ვანი, ჭიათურა, ქარელი, ახალციხე, ბორჯომი, საგარეჯო, გორი, კასპი, თბილისი, თეთრიწყარო და წყალტუბო.
შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში. თემატური სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამსწრეებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და შეხვედრის დასასრულს ხაზგასმით აღნიშნეს რომ უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობებთან აქტიური კომუნიკაცია, ქალების ჩართულობაზე ინფორმირებულობის გასაზრდელად. Ჯგუფი, ასევე, გეგმავს თავისი აღმოჩენების პოპულარიზაციას ELS კურსდამთავრებულთა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით. მაგალითად, პროექტის ფარგლებში შექმნილი პოდკასტის, Youth Room-ის ერთერთი ეპიზოდი მიეძღვნება ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თემას.
შეხვედრა გაიმართა პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.