ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობა – რას პირდება ის საქართველოს?

თინათინ ახვლედიანი[1]

18 მარტს ევროპულმა კომისიამ გამოსცა ახალი კომუნიკაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) შესახებ 2020 წლის შემდეგ. ამას მოჰყვა „საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში“ რომელიც ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა  აპრილში და „ევროკავშირის საბჭოს დასკვნები“ ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ რომელიც მაისში გამოქვეყნდა. თუმცა Covid-19-ის გავრცელებამ ეს მნიშნელოვანი ამბები ისე დაჩრდილა საქართველოში, რომ მათ დიდი განხილვა არ მოჰყოლია. 

მაშინ, როცა ევროკავშირის ახალ პოლიტიკას საქართველოში თითქმის არანაირი დებატები არ ახლდა თან, კომუნიკაციამ გარკვეული რეაქციები გამოიწვია ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტები ამტკიცებენ, რომ ახალ პოლიტიკაში ამბიციური სიახლეებია, ხოლო კრიტიკოსები “იმედგაცრუებულები“ არიან. კრიტიკის ძირითად ნაწილში იმაზე მიუთითებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ჩარჩო საწყის პოლიტიკასთან შედარებით საკმარისად ამბიციური არ არის და მასში ნაკლებადაა სტრატეგიული პოლიტიკის მიზნები 2020 წლის შემდეგ. კერძოდ, მაშინ, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის თავდაპირველ ჩარჩოში შემოთავაზებული იყო რამდენიმე ამბიციური შეთანხმება (ხელშეკრულება) და ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმები, ახალ კომუნიკაციაში მოცემული არ არის ასეთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიზნები. სხვა იმედგაცრუება შეეხება იმ ფაქტს, რომ ახალი პოლიტიკური კურსი არ პასუხობს ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფოების (AA ქვეყნები ან ტრიო) მოთხოვნას ე.წ. „ოთხმხრივ ფორმატში“ (ევროკავშირს+3) ახალი დიალოგის შესახებ. ეს ხელს უშლის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ერთობლივ ძალისხმევით წინ წამოწიონ ევროკავშირში ინტეგრაციის უფრო ამბიციური დღის წესრიგი. ამის ნაცვლად, ახალი პოლიტიკა გვთავაზობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ახალ პრიორიტეტულ სფეროებში (განხილულია ქვემოთ).

კრიტიკოსებს ეს პოლიტიკა ეჭვებს უჩენს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეძლებს ახალი პოლიტიკა მოიცვას განსხვავებული ამბიციების მქონე ქვეყნები:  ასოცირების შეთანხმების ქვეყნები (საქართველოს ჩათვლით) და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი წევრები, რომლებიც  შეზღუდულები არიან „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ წევრობითა და რუსეთთან მეგობრობით. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა შექმნილია საიმისოდ, რომ ევროინტეგრაციისათვის გემოვნების ასეთი ფართო დიაპაზონი დაიტიოს, მაშინ  რისი შეთავაზება შეუძლია მას ასოცირებული ქვეყნებისათვის, საქართველოს ჩათვლით, რომლებიც ყველაზე პროგრესულები არიან და ენთუზიაზმით სავსე განწყობა გააჩნიათ ევროკავშირის მიმართ? ბოლოს და ბოლოს, საქართველომ უკვე მოახერხა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული მთელი რიგი პასუხისმგებლობების შესრულება და ახლა უკვე  „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ (EEA) გაწევრიანებას ითხოვს.

ამ ეტაპზე ახალი პოლიტიკა შეიძლება არც ევროპის ეკონომიკურ ზონაში და არც ევროკავშირში გაწევრიანებას პირდებოდეს საქართველოს,  როგორც ამას ბევრი ქართველი შეიძლება იმედოვნებდეს, მაგრამ ამ პოლიტიკის სრულად დაწუნება ნამდვილად მცდარი  იქნება. თუ ახალი პოლიტიკის ყველა ასპექტს გადავხედავთ, საქართველოსთვის ისევ არსებობს შესაძლებლობების გარკვეული ნაწილი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს. საბოლოოდ, ეს ისევ ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული თუ რამდენად გამოიყენებენ ახალი პოლიტიკის ჩარჩოს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და მოახერხებენ თუ არა უზრუნველყონ ევროკავშირის მხარდაჭერა ძალზედ აუცილებელი საშინაო რეფორმების გასატარებლად; რეფორმების, რომლებიც ევროინტეგრაციისგან დამოუკიდებლად,  ქვეყნის განვითარებასა და მოდერნიზაციას ემსახურება. 

რას გულისხმობს ახალი პრიორიტეტები საქართველოსთვის?

ახალი დღის წესრიგი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მეტწილად შემოიფარგლება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი განხორციელებით. ახალი ელემენტები ამ მიმართულებით მოიცავს ინვესტიციების ხელშეწყობას ახალგაზრდებში, კვლევაში, კოოპერატივებსა და ქალების ხელმძღვანელობით წამოწყებული ინიციატივებში.  ევროკავშირი ასევე იძლევა დაპირებას, რომ მხარდაჭერას გაუწევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციას „ევროთი ანგარიშსწორების ერთიან სივრცეში“ (SEPA). ეს ახალი ელემენტები შეიძლება ძალიან ნაყოფიერი იყოს საქართველოსთვის COVID-19-საგან მიყენებული ეკონომიკური ვარდნისაგან თავის დასაღწევად, მით უფრო, რომ ქვეყანა განიცდის უმუშევრობის მაღალ დონეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში (უმუშევრობის დონე – 11.6%, 29.6% – 20-24 წლის, და 20.8% – 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის). თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს გაცილებით უფრო დიდი ამბიციები აქვს ევროპის ეკონომიკურ ზონასთან გაერთიანების თვალსაზრისით, ეს საკმაოდ მოკრძალებული სიახლეებია, არსებითი ცვლილებების გარეშე.

შეცვლილი დღის წესრიგი კანონის უზენაესობასთან, კორუფციასთან ბრძოლასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ანახლებს არსებულ ვალდებულებებსა და დადგენილ თანამშრომლობას „ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის“ (CPM), „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ (CSDP) და „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ (WPS) არსებული დღის წესრიგის ფარგლებში. თუმცაღა, სამხედრო თანამშრომლობისა და მოუგვარებელი სეპარატისტული კონფლიქტების შესახებ საუბრის გარეშე, ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობა მოცემულ დღის წესრიგს არსებითად არაფერს მატებს. ნაცვლად ამისა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი თავის აღმოსავლეთ სამეზობლოში სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. 

დანარჩენ სფეროებში შემოთავაზებულია ახალი ევროპული კომისიის პოლიტიკური მიზნები, რაც კარგ საფუძველს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის რეალური გაღრმავებისთვის.  

კომუნიკაცია მიუთითებს ევროპულ მწვანე გარიგებაზე რადგან ევროკავშირმა იცის, რომ იმისთვის რომ გლობალურ გარემოსდაცვით და კლიმატურ გამოწვევებს გაუმკლავდეს მას ჭირდება ბევრი მოკავშირის შემოყვანა ასპარეზზე, თავისი აღმოსავლეთ მეზობლების ჩათვლით. საქართველოსთვის „ევროპულ მწვანე გარიგებასთან“ შეერთება გულისხმობს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ენერგეტიკის, გარემოსდაცვით და კლიმატურ და მათთან დაკავშირებულ ყველა სფეროში ეკონომიკური საქმიანობების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ბიომრავალფეროვნების მართვისა და მწვანე ტრანსპორტის სრულყოფის ჩათვლით. ეს რეფორმები ფაქტობრივად ნიშნავს მოდერნიზაციას თუმცა ხანგრძლივი და ძვირადღირებულ პროცესის თანხლებით. ამიტომ ევროკავშირის მხარდაჭერა ამ სფეროებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ საქართველომ დააჩქაროს საჭირო რეფორმების გატარება.

კომისიის კომუნიკაცია ასევე მოიცავს საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ევროკავშირი იძლევა დაპირებას, რომ მხარს დაუჭერს თავის აღმოსავლელ მეზობლებს სამედიცინო დაწესებულებების, ელექტრონული ჯანდაცვის, ტრეინინგების, იაფი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების მოდერნიზებაში.  ფაქტობრივად, საქართველოსთვის ეს ახალი არ არის, რადგან ასოცირების შეთანხმება უკვე მოიცავს მსგავს თანამშრომლობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.  მაგრამ პანდემიის გავრცელების ფონზე საერთო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოსთვის ეს შეიძლება კარგი საფუძველი იყოს რომ ევროკავშირთან წინ წამოწიოს უფრო ამბიციური დღის წესრიგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ეს იქნება ორმხრივ თუ ოთხმრხრივ ფორმატში.

შემდეგ შესაძლებლობას საქართველოსთვის წარმოადგენს განახლებული თანამშრომლობა ციფრულ სფეროში. ერთი შეხედვით ახალი პოლიტიკა ქვეყანას არ სთავაზობს არსებით განახლებებს, რადგან იგი ეფუძნება ასოცირების შეთანხმების დადგენილებებს, რომელიც საქართველოს უკვე განხორციელებული აქვს (და უფრო მეტიც აქვს გაკეთებული). ასოცირების ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულების გზით, საქართველო წარმოაჩენს ციფრული სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერის ადვილად ათვისების უნარს. ეს შანსს აძლევს ქვეყანას ისარგებლოს ევროკავშირის უფრო მეტი ფონდითა და შესაძლებლობებით ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მაგალითად, ევროკავშირის ახალი პროგრამით EU4Digital-ით, რომელიც საქართველოს მსგავსად წარმატებულ ქვეყნებს სთავაზობს მეტ ფინანსურ სახსრებსა და შესაძლებლობებს. ამ სფეროში თანამშრომლობა ასევე მოიცავს უფასო როუმინგ სივრცის შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ზოგიერთი შეიძლება იმედგაცრუებული იყოს იმით, რომ ამ კუთხით უფრო ამბიციური მიდგომა იქნებოდა როუმინგის შესახებ შეთანხმების გაფართოება თავად ევროკავშირთან. ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო ყოფილიყო საქართველოსთვის, მოლდოვის და უკრაინისათვის, რადგან როუმინგის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან დაემატებოდა და შეავსებდა არსებულ უვიზო რეჟიმებს. თუმცა, ჯერჯერობით ახალი პოლიტიკა არაფერს ამბობს ასეთ შესაძლებლობაზე.

მორიგი მნიშვნელოვანი განახლებაა კიბერუსაფრთხოების სფეროში. რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება არ მოიცავს თანამშრომლობას კიბერ საკითხებზე, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად ისარგებლოს ამ დანამატით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ უკვე გადმოიღო ევროკავშირის კიბერ კანონმდებლობის ძირითადი ჩარჩოები. მას შემდეგ რაც 2008 წელს აგვისტოს ომიდან მოყოლებული საქართველო არაერთხელ გახდა კიბერ-თავდასხმის სამიზნე,  მათ შორის ახლახანს, პანდემიის პერიოდშიც, ცხადია, საქართველოს ინტერესებშია შეუერთდეს ევროკავშირის კიბერ პოლიტიკას და ისარგებლოს ევროკავშირის მხარდაჭერით კიბერ უსაფრთხოების გასაძლიერებლად.  

დასასრულს, კომუნიკაციაში  მოკლედაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა.  მართალია რომ კომუნიკაცია ამ საკითხებიდან არცერთს არ განიხილავს დეტალურად, თუმცა საქართველოსთვის თქმა არ ჭირდება, რომ ეს საკითხები წარმოადგენს ევროკავშირის ფასეულობებს და, მაშასადამე, წინაპირობებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისათვის. ამ სფეროში სიახლეები მოიცავს პირადი სივრცისა და მონაცემების დაცვას. ეს თითქოსდა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოსთვის, წარმოადგენს ცხელ საკითხებს ევროკომისიის დღის წესრიგში, რადგან ეს წესები ასახავს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს და ქმნის ევროკავშირის გლობალურად მარეგულირებელ და რბილი ძალას. მაშასადამე, ამავე წესების დაცვა დიჯიტალიზაციის სარგებელზე შორს მიდის და ქმნის დამატებით სივრცეს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.

პირობები ევროკავშირის დახმარების მისაღებად

როგორც ადრე, ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩო იცავს “მეტი – უფრო მეტისათვის პრინციპს“, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკავშირი უფრო მეტად დაუჭერს მხარს თავის მეზობლებს, რომლებიც მეტ რეფორმას გაატარებენ. კომუნიკაციაში ნაკლებად ჩანს, ზუსტად რა „მეტს“  მოელის ევროკავშირი თავისი მეზობლებისაგან, თუმცა კომისია მიუთითებს რომ ფინანსური დახმარების გამოყოფისას გამოიყენებს უკეთეს მექანიზმებს პროგრესისა და სასამართლო რეფორმების გავლენის გასაზომად. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა იღებს ახალ, მაკრო-ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისაგან €150 მილიონის ოდენობით, რაც სრულად მოწოდებული იქნება სესხების სახით და მოხმარდება ქართული ეკონომიკის აღორძინებას ამჟამინდელი რეცესიისაგან. ეს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა სამომავლო დახმარება, საქართველოს  გადაეცემა იმის პირობით რომ ქვეყანა გაატარებს სასამართლო რეფორმებს და განაგრძობს დემოკრატიის მშენებლობას.

ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე?”

მთლიანობაში, საქართველოსთვის ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ძირითადად ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულ განხორციელებას. უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობის შესახებ ხელშესახები დამატებების არარსებობა და დუმილი ოთხმრხივ (ევროკავშირი +3) ფორმატთან დაკავშირებით იმედგაცრუებას ნამდვილად იწვევს.

მიუხედავად ამისა, ახალი დღის წესრიგი მაინც გვთავაზობს გარკვეულ შესაძლებლობებს, რომელიც  ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან სათანადო ყურადღებას იმსახურებს. ეს ძირითადად ეხება ციფრულ, ეკოლოგიურ და კიბერ სფეროებს, რომელიც ასოცირების შეთანხმების პირობებს მიღმაა. ფაქტობრივად, რეფორმები, რომელიც საქართველომ უკვე გაატარა შეთანხმების შესაბამისად, მყარი საფუძვლის ქმნის ამ სფეროებში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირის ფონდების ათვისების უნარისა და მიზნობრივი ვალდებულებების აღებისათვის მზადყოფნის ჩვენებით საქართველომ შეიძლება უზრუნველყოს ევროკავშირის მეტი დახმარების მიღება აუცილებელი რეფორმების გასატარებლად ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კლიმატთან დაკავშირებულ და ციფრულ სფეროებში. ამ რეფორმების განხორციელება ქვეყნისთვის იქნება პროგრესისა და მოდერნიზაციის მომტანი, განსაკუთრებით COVID-19-ის შემდეგ. ამ მიზნით, საქართველოს ინტერესებშია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ ევროკავშირთან დიალოგში აქტიური მონაწილეობა და პანდემიის მიერ ამ მნიშვნელოვანი მოვლენების გადაფარვისათვის ხელის შეშლა.

18 ივნისს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უზრუნველყოფს უფრო მკაფიო მონახაზს ევროკავშირის მიერ თავის აღმოსავლეთ სამეზობლოში ჩართულობის თაობაზე. და მაინც, როგორი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს ივნისის სამიტს, ნათელია, რომ თუკი საქართველოს სურს შორსმიმავალი ურთიერთობის განვითარება ევროკავშირთან, ოთხმრხივ თუ ორმხრივ ფორმატში, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანამ თავისი „საშინაო დავალება“ უნდა შეასრულოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, ადამიანთა უფლებების დაცვის, კორუფციის აღმოფხვრისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზით. ამისათვის, საქართველოსთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ 8 მარტის შეთანხმების დაცვა და საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. 

 


[1]მკვლევარი (CEPS, საგარეო პოლიტიკის განყოფილება)

Related Posts