რატომ ვერ იყენებს საქართველო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობებს სრულად?

ნათია დაღელიშვილი

ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA) გადაჰყავს ქვეყანა საშეღავათო სავაჭრო რეჟიმზე და ქმნის შესაძლებლობას, გაზარდოს ბაზარზე წვდომა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიზებულ რეგულაციებზეა დაფუძნებული. კერძოდ, DCFTA საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს, განათავსონ თავიანთი პროდუქტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სატარიფო ბარიერებისა და კვოტების გარეშე. 2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 20.9%-დან 24%-მდე გაიზარდა, იმის ფონზე რომ დსთ-ს წილი ამავე პერიოდებში შემცირდა 55.5%-დან 43%-მდე.                                    

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ასოცირების შესახებ შეთანხმების ანგარიშის მიხედვით DCFTA-ის ნაწილში შესრულება შეფასდა 100%-ით დადებითად, მისი ძალაში შესვლიდან 4 წლის თავზე საქართველო სრულად ვერ იყენებს DCFTA-ის სიკეთეებს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მოლოდინი უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ანალიზის გასაკეთებლად 4 წელი არ არის საკმარისი დრო, დასკვნების გაკეთება შესაძლებელია შედეგებზე დაყრდნობით. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშის –  „ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და საქართველო“ – მიხედვით, DCFTA-ით მიღებული ეკონომიკური სარგებელი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) დაახლოებით 6.5%-ით გაზრდის; ამასთან, ქვეყნის ექსპორტის მოცულობა 5 წლის განმავლობაში 13.5%-ით გაიზრდება. აგრეთვე, მორიგი კვლევის (ECORYS და CASE, 2012 წ.) თანახმად, გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ექსპორტი 12%-ით, მშპ-ის ზრდა კი 4.3%-ითაა ნავარაუდევი. DCFTA-ის ამოქმედების მიუხედავად,  2017 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზრდა შემცირდა 2.7%-ით, რაც არაეფექტიან სახელმწიფო პოლიტიკაზე მიუთითებს. 1998 წელს თუკი სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2018 წელს 8%-ია (2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით). აქვე აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს გააჩნია ძალზედ მაღალი სოციალური ფუნქცია, ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დასაქმებულია სწორედ სოფლის მეურნეობის სფეროში.

ხელშეკრულების ამოქმედების პერიოდში არც ექსპორტის სტრუქტურაში სასაქონლო პოზიციების მიხედვით მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰქონია ადგილი. ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტირებული საქონლის ძირითად კატეგორიებს კვლავ  ნედლეული, კერძოდ მადნებისა და სპილენძის კონცენტრანტები, სასუქები, ნავთობპროდუქტები და ეთილის სპირტი წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არის სექტორები, რომლებიც ძირითადად მონოპოლიზებული და ოლიგოპოლიზებულია. სოფლის მეურნეობის სექტორიდან ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქციის ათეულში შედის თხილი (HS 0802) და ღვინო (HS 2204), რომელთა წილი მთლიან ექსპორტში საკმაოდ დაბალია. კერძოდ, 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან 646.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, მათ შორის ღვინის ექსპორტი – $170 მილიონი, მთლიან ექსპორტში 6%-იანი წილით, ხოლო თხილი და კაკალი – $83 მილიონი, მთლიან ექსპორტში 3%-იანი წილით. თუ შევადარებთ ამ მაჩვენებლებს ყველაზე მაღალ მოთხოვნად საექსპორტო საქონელს, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, წილი მთლიან ექსპორტში შეადგენს 15%-ს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 419 მილიონი აშშ დოლარს.

 

  • რა ძირითადი ბარიერები ხვდებათ მცირე და საშუალო საწარმოებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის პროცესში?

ქართული პროდუქციის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის ძირითადი გამოწვევები ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებთან შეუსაბამობა და გაუმართავი წარმოების ჯაჭვია, რაც არასატარიფო ბარიერების გათვალისწინებით აძვირებს ქართული წარმოშობის პროდუქტს და არ ქმნის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის სურათს.  ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტი, რომელიც ხასიათდება მაღალი მსყიდველობითი უნარით, რამაც მოიცვა 502 მლნ-ზე მეტი პოტენციური მყიდველი, გულისხმობს შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილებას: DCFTA-ის ძალაში შესვლის მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარი ღიაა მხოლოდ იმ პროდუქციისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის ბაზრისთვის განსაზღვრულ შიდა რეგულაციებს.  რეალურად, სატარიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიღმა ე.წ. არასატარიფო ბარიერები რთული გადასალახია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (SME-ებისთვის). უფრო კონკრეტულად კი, ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ბარიერებად[1] შესაძლოა შემდეგი ფაქტორები დასახელდეს:

  • პროდუქციის ხარისხი და არაერთგვაროვნება – ქართული წარმოშობის პროდუქტის ხარისხი შეუსაბამოა ევროკავშირის სტანდარტებთან. მათ შორის, პრობლემატურ საკითხად რჩება ხარისხის საერთაშორისო სერტიფიცირების სისტემის დანერგვა, რაც მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული; აგრეთვე ლაბორატორიების სიმცირე/ნაკლები ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რეგიონებში.
  • მიწის ფრაგმენტაციამცირემიწიანობა და აგრეთვე დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემა წარმოების მცირე მასშტაბების განმაპირობებელია. აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მასშტაბის ეფექტის მიღებას და ერთეულის წარმოების თვითღირებულების შემცირებას, შესაბამისად კონკურენტული ფასის დაწესებას წარმოებულ პროდუქტზე.
  • ინფრასტრუქტურა – ცენტრალური სარწყავი სისტემის ნაკლოვანებები, სამაცივრე და სასაწყობე ობიექტების ნაკლებობა, დამაკავშირებელი გზების გაუმართაობა, ასევე ინტერნეტის დაბალი ხელმისაწვდომობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ საკითხებს წარმოადგენს.
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა – მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკებში არსებული საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. ამასთან, ის გარანტია, რომლებსაც ბანკები ითხოვენ მცირე სესხებისთვისაც  ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია. არ არსებობს ქვესექტორებზე ორიენტირებული სესხები და მეწარმეებს შეზღუდული წვდომა აქვთ სამუშაო კაპიტალისთვის აუცილებელ სესხებზე. გარდა ამისა,  საკრედიტო პროდუქტების რაოდენობა საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის შეზღუდულია. 
  • ცნობიერების დაბალი დონე DCFTA-ის შესაძლო სიკეთეების შესახებ – დაბალია ცნობიერების დონე, განსაკუთრებით რეგიონებში.

ყოველივე ზემოთ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის DCFTA-ის შეღავათების სრულად გამოყენება და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სწორი პოზიციონირება. გამოსავალი მდგომარეობს ცნობიერების დონის ამაღლებაში (სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა, განსაკუთრებით რეგიონებში); სახელმწიფო პროგრამების მორგებაში რეგიონების სპეციფიკასთან ფინანსების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის გათვალისწინებით; მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში; დუალური განათლებისა და პროფესიული სწავლების მხარდაჭერაში; ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში; საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების განვითარებაში, რაც გაწერილია სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ეფექტიანი კომუნიკაცია ფერმერებთან.

DCFTA-ის ამოქმედებას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყოლია არც მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში, არც ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. არსებული გამოწვევები ქმნის სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის საჭიროებას, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში რთული ამოცანაა. ეს პროცესი მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებსა და  მაღალ პროფესიონალიზმს. მხოლოდ ამის შემდგომ, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება DCFTA საფუძველი, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა დააკმაყოფილონ ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხის მოთხოვნები და დასძლიონ არასატარიფო ბარიერები; შედეგად გაიზრდება წარმოების მოცულობა და მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, უზრუნველყონ ევროკავშირის ბაზარზე უწყვეტი მიწოდება.


[1] იდენტიფიცირებული ბარიერები ეფუძნება საქართველოს რეგიონებში ჩატარებულ შეხვედრებს მცირე და საშუალო ბიზნესის, სამოქალაქო სექტორისა და საჯარო მოხელეებთან (ჯამში ჩატარდა შეხვედრების 2 ციკლი საქართველოს 10 რეგიონში).

 

 


  • ნათია დაღელიშვილი – პროექტის ოფიცერი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  • წინამდებარე ბლოგი მომზადებულია პროექტის – “ევროპეიზაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის ხელშეწყობა” – ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ საქართველოში ლიეტუვის საელჩო ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და საქართველოში ლიეტუვის საელჩო შეხედულებებს. 

Related Posts