თემატური ჯგუფების III კვარტალური შეხვედრა

პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნასა და სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაზე მუშაობას გულისხმობს. სულ 4 თემატურ სამუშაო ჯგუფში “მომავალ ლიდერთა სკოლის” #ELS2020 კურსდამთავრებულები ერთიანდებიან და ერთი წლის განმავლობაში ისინი მცირემასშტაბიანი პროექტების განახორციელებას გეგმავენ. მათ მენტორობას შესაბამისი დარგის ექსპერტები უწევენ. ყოველკვირეული შეხვედრების საშუალებით მენტორები მჭიდრო კავშირში არიან მონაწილეებთან და ეხმარებიან ჯგუფის წევრებს ცოდნა გაიღრმავონ სხვადასხვა მიმართულებით.

1718 აპრილს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართა რიგით მესამე კვარტალური შეხვედრა შემდეგი ორი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით: გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიური პრობლემები – ნარჩენების მართვა და ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა.

თითოეული ჯგუფის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად შეაჯამეს მეორე კვარტალში გაწეული სამუშაოები, არჩეული თემატიკის გამოწვევები, ძირითადი მიგნებები და მომდევნო აქტივობებიც დაგეგმეს. 

დარჩენილ ორ სამუშაო ჯგუფთან (მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება საქართველოში: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება) შეხვედრა კი 24-25 აპრილს არის დაგეგმილი.

მიმდინარე მესამე კვარტალური შეხვედრა ყველა თემატური სამუშაო ჯგუფისთვის, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ორ სატრენინგო სესიას მოიცავს: ამბების თხრობა ციფრულად  – ტრენერი სოფო დათიშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი; სტრატეგიული კომუნიკაცია – ტრენერი ელდარ პირმისაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი.

შეთავაზებული ტრენინგები თითოეულ სამუშაო ჯგუფს დაეხმარება, ეფექტურად მოახდინონ პროექტით გათვალისწინებული აქტივობების კომუნიკაცია, შედეგების მიზნობრივ აუდიტორიამდე მიტანა და საბოლოო ჯამში, თავიანთი ინიციატივების წარმატებით განხორციელება.

სამუშაო ჯგუფებმა მათ მიერვე არჩეულ თემებზე მუშაობა 2020 წლის ოქტომბერი/ნოემბრიდან დაიწყეს და 2021 წლის სექტემბერში დაასრულებენ. 

პროექტს „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

 

Related Posts