ბიძინა ლებანიძე*
24 სექტემბერს გერმანიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები შედგება, რომელშიც, წინასწარი პროგნოზების თანახმად, სავარაუდოდ, კვლავ მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი და მისი პარტია – ქრისტიან დემოკრატიული კავშირი (CDU) გაიმარჯვებენ. თუმცა, გერმანიის პოლიტიკური სისტემიდან და საარჩევნო კულტურიდან გამომდინარე, ქრისტიან-დემოკრატებს, სავარაუდოდ, მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად არც ამჯერად ეყოფათ ხმები და კოალიციური მმართველობის გაგრძელება მოუწევთ.
არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად ძალთა გადანაწილება არ შეიცვლება და გერმანიის მთავრობას კვლავ დღეს არსებული ე.წ. „დიდი კოალიცია“ დააკომპლექტებს, რომელიც ორი დიდი პარტიისგან – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან შედგება (SPD). თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სოციალ-დემოკრატებმა ამჯერად ოპოზიციაში წასვლა აირჩიონ, ან CDU-მ მონახოს უკეთესი პარტნიორები, მაგალითად მწვანეების და ლიბერალების სახით. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი წინასაარჩევნო ინტრიგა კვლავაც სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ ვისთან ერთად შექმნის მმართველ კოალიციას მერკელი და მისი პარტია და თუ როგორ შეიცვლება გერმანიის საგარეო პოლიტიკა ახალი სამთავრობო კოალიციის პირობებში.
ზოგადად, საგარეო პოლიტიკა გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად ფიგურირებს. კიდევ უფრო მინიმალურია ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. თუმცა გერმანიის არჩევნების შედეგები საქართველოსთვის და აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან გერმანიის პოზიცია დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ამ უკანასკნელ რეგიონთან დაკავშირებული, ალბათ, ერთადერთი, თემა, რომელიც შედარებით აქტიურად განიხილება, არის ყირიმის ანექსიის ფონზე გერმანიის რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები და მისი გამოსწორების გზები. გერმანია-რუსეთს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების უპირობო დათბობა უარყოფითად აისახება საქართველოზე და პირიქით. ამიტომ, და იმის ფონზე რომ საქართველო გერმანიის არჩევნებში ფაქტობრივად არ ფიგურირებს, ის, თუ რომელი პარტიის გამარჯვება იქნება საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური, არჩევნებში მონაწილე პარტიების რუსეთის მიმართ დამოკიდებულებით შეიძლება განისაზღვროს.
გერმანიის მოქმედი კანცლერი და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი, ანგელა მერკელი, გერმანიის დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის ფონზე ყველაზე ანტი-რუსულ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ზოგადად, საქართველოში ანგელა მერკელს არცთუ ისე დადებითი იმიჯი აქვს. მისი სახელი ასოცირდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან, როდესაც საქართველომ და უკრაინამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს. ისიც ცნობილია, რომ მერკელის მთავრობას ხშირად გართულებული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან პიროვნულ დონეზე (მერკელისა და სააკაშვილის რთულ პიროვნულ ურთიერთობებს რონალდ ასმუსი აღწერს თავის წიგნში). მერკელს ასევე ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ. ერთი მხრივ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და მათი შენარჩუნება სწორედ ანგელა მერკელის უშუალო დირიჟორობით გახდა შესაძლებელი. მეორე მხრივ, გერმანიის ხელისუფლება ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ სანქციების გამკაცრების ინიციატივებს, რომელმაც, შესაძლოა, დააზარალოს გერმანია-რუსეთის პარტნიორობა მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. მერკელის მთავრობას ასევე არ დაუყენებია ეჭვქვეშ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის პოლიტიკური რელევანტურობა, რომელიც რუსეთს და გერმანიას ბალტიის ზღვით აკავშირებს და გერმანიას რუსულ გაზს აღმოსავლეთ ევროპის გვერდის ავლით მიაწვდის. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი დიდი ხანია რაც განხეთქილების ვაშლის როლს თამაშობს გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს, განსაკუთრეებით, პოლონეთს შორის და ევროკავშირის ერთიანი ენერგოპოლიტიკის შემუშავებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მეტიც, 2019 წლამდე იგეგმება „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე გაზსადენის მშენებლობაც, რომელიც ასევე კრიტიკის საგანი გახდა პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან. ახალ გაზსადენს ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებაც, რომელიც მას „პოლიტიკურად მოტივირებულ ენერგო-პროექტს“ უწოდებს. რუსეთ-გერმანიის ენერგოპარტნიორობას ასევე აკრიტიკებენ ევროპარლამენტი და ევროკავშირის ეენერგოკომისარი, რომლის აზრითაც „ჩრდილოეთის გაზსადენი 2“ არ შედის ევროკავშირის ინტერესებში და აფერხებს ევროკავშირის უსაფრთხო გაზმომარაგებას. ამრიგად, მერკელის ხელისუფლება, ერთი მხრივ, გადამწყვეტი როლს თამაშობს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემოღებაში და შენარჩუნებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება სანქციების გაფართოებას და პარალელურად კიდევ უფრო აღრმავებს ენერგო-კავშირებს რუსეთთან.
ქრისტიან-დემოკრატების გარდა, კიდევ ხუთ პარტიას აქვს რეალური შანსი მოხვდეს პარლამენტში – ამ ხუთიდან ოთხი მათგანი გერმანია-რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობით უკმაყოფილოა და ღიად ლობირებს კრემლთან მიმართებაში ურთიერთობის დათბობას. ქრისტიან-დემოკრატების მთავარი კონკურენტი სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ცივი ომის პერიოდშიც და მას შემდეგაც რუსეთის მიმართ რბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. გერჰარდ შრიოდერის კანცლერობის დროს რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების დათბობამ პიკს მიაღწია. მართალია დღეს შრიოდერი აქტიურ პოლიტიკას აღარ მისდევს, მაგრამ მისი გავლენა პარტიაზე მაინც იგრძნობა და ყოფილი კანცლერი ეფექტურად ახერხებებს პრორუსული ინტერესების ლობირებას. მაგალითად SPD-ს ერთ-ერთ ბოლო ყრილობაზე შრიოდერმა ღიად გააკრიტიკა აშშ-ს ხელისუფლება, ხოლო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები და განტვირთვის პოლიტიკა გერმანული სოციალდემოკრატიის განუყოფელ ნაწილად მოიხსენია. შრიოდერი წლების მანძილზე „ჩრდილოეთის ნაკადის“ აქციონერთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო სექტემბრის ბოლომდე იგეგმება მისი ასევე რუსული ენერგოკომპანიის როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა. შრიოდერის ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების ლობირება კრიტიკის ხშირი საგანი ხდება თვით სოციალ-დემოკრატების რიგებშიც. თუმცა შრიოდერი ერთადერთი პოლიტიკოსი როდია, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ინტერესები აკავშირებს. რუსეთის გავლენა გერმანიის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და მედია სივრცეში ბოლო 10-15 წელია საკმაოდ გაიზარდა, რასაც ზოგი მიმომხილველი „გერმანიის შრიოდერიზაციას“ უწოდებს. რუსეთის მიმართ რბილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან SPD-ს სხვა ლიდერებიც. SPD-ს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზიგმარ გაბრიელი – ღიად ითხოვს რუსეთთან მიმართებაში „ახალი განტვირთვის პოლიტიკის“ წამოწყებას და მის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას უკვე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ზავი არსებულ დონეზე შენარჩუნდებოდა და მხარეები ფრონტის ხაზიდან მძიმე არტილერიას გაიყვანდნენ – ანუ კრემლისთვის გაცილებით უფრო მისაღები პირობებით, ვიდრე ეს მინსკის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. გაბრიელის განცხადებებს ნეგატიური რეაქცია მოჰყვა როგორც უკრაინის ხელისუფლებისგან, ისე ბერლინში კოალიციური პარტნიორებისგან – ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტიებისგან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიმართ შედარებით უფრო მოზომილი პოზიცია უჭირავს SPD-ს კანცლერობის კანდიდატს მარტინ შულცს. თუმცა შულცი თავად პარტიის შიგნით ერთგვარად გარედან მოსული ფიგურაა პარტიული ბაზისის გარეშე – იგი პარტიულ პოლიტიკაში ბრიუსელიდან დაბრუნდა, სადაც მანამდე ევროპარლამენტის თავმჯდომარე იყო და, შესაბამისად, შრიოდერის პრორუსული ფრთის გავლენის ქვეშ ნაკლებად არის, თუმცა უწევს მათი აზრის გათვალისწინებაც.
რუსეთთან მიმართებაში სოციალ-დემოკრატების მსგავსი პოზიცია უჭირავს, მერკელის კიდევ ერთ სავარაუდო მოკავშირეს მომავალ მთავრობაში – თავისუფალ-დემოკრატიულ პარტიას (FDP), რომელიც ცნობილია, როგორც ლიბერალური პარტია. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ქრისტიან ლინდნერი რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ღიად უჭერს მხარს და რუსეთ-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში ყირიმის ანექსიის ერთგვარი მიჩქმალვის მომხრეა. ერთადერთი პარტია, რომელიც ანგელა მერკელის შედარებით ხისტ პოზიციას იზიარებს, გერმანელი მწვანეები არიან. მწვანეთა ლიდერი, ქემ იოზდემირი პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკოსად ითვლება. იგი რეგულარულად აკრიტიკებს როგორც პუტინის შიდა და საგარეო პოლიტიკას, ასევე თვით გერმანელი პოლიტიკოსების ლმობიერ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მწვანეები სავარაუდოდ პარლამენტში მოხვდებიან, თუმცა რამდენად ექნებათ კოალიციურ მთავრობაში მოხვედრის შანსი და რამდენად დიდი იქნება მათი გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მხოლოდ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. თუ მწვანეები საკმარის ხმებს დააგროვებენ, იმისთვის რომ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად ორ-პარტიული კოალიცია შექმნან, მაშინ გერმანული ტრადიციის მიხედვით, ისინი მთავარი უმცროსი პარტნიორის სტატუსს მიიღებენ, და ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად საგარეო-პოლიტიკურ კომპეტენციებს თანაბრად გაინაწილებენ: კანცლერი კვლავ მერკელი იქნება, საგარეო მინისტრის პორტფელი კი მწვანეებს ექნებათ. თუმცა, უფრო მოსალოდნელია რომ მწვანეებს და ქრისტიან-დემოკრატებს ხმები არ ეყოთ. ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთი ვარიანტი იქნება, ქრისტიან-დემოკრატების, მწვანეების და ლიბერალების სამპარტიული კოალიცია, რომელშიც მწვანეებს საგარეო-პოლიტიკურ სფეროში გავლენის და თანამდებობების მოსაპოვებლად ლიბერალებთან მოუწევთ კონკურენცია.
გერმანიის ბუნდესტაგში არჩევნების შედეგად სავარაუდოდ კიდევ ორი პარტია – მემარცხენეები და ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) შევლენ. მემარცხენეები – ღირებულებით შკალაზე უკიდერუს მარცხენა პოლუსს იკავებენ, ხოლო ალტერნატივა ულტრამემარჯვენე სპექტრს განეკუთვნება. ორივე პარტია, მსგავსად სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალებისა, რუსეთსა და გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს. მათი ხელისუფლებაში მოსვლა ნაკლებსავარუდოა, თუმცა პარლამენტში შესვლით რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მხარდამჭერთა გავლენა გაიზრდება. AFD-ისთვის, რომელიც არჩევნებში ულტრამემარჯვენე ანტიიმიგრაციული პლატფორმით გამოდის, ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე პარტიების მსგავსად, რუსეთი ბუნებრივ მოკავშირეს წარმოადგენს. პარტიის ლიდერის თქმით, რუსეთი „ისლამური შემოსევის წინააღმდეგ ქრისტიანულ ბასტიონს“ წარმოადგენს და ლტოლვილთა ნაკადის შეჩერება მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.
სხვა პარტიების ფონზე, ყველაზე კრიტიკული პოზიცია რუსეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, ამ ეტაპზე, ისევ ანგელა მერკელსა და ქრისტიან-დემოკრატებს უჭირავთ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მერკელმა კვლავ გაიმეორა თავის პოზიცია რომ, ყირიმის ანექსიაზე თვალის დახუჭვა იმის ტოლფასი იქნებოდა, დასავლეთს რომ ცივი ომის დროს ორად გაყოფილი გერმანია მიეტოვებინა. მერკელის ხისტი პოზიცია არ ნიშნავს, რომ მისი კანცლერად ხელახლა არჩევის შემთხვევაში გერმანიის და ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლება. გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთი მხრივ, მერკელს მოუწევს ანგარიშის გაწევა ქვეყნის შიგნით კოალიციურ პარტნიორთან, რომელიც სავარაუდოდ ან SPD, ან FDP და მწვანეები ერთად იქნებიან, და საპარლამენტო უმცირესობასთან. მეორე მხრივ, მერკელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების ინტერესებიც, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის უპირობოდ გაუმჯობესების მომხრენი არიან.
სტატიის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, „კარგი“ კანდიდატი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის და საქართველოსთვის ბოლომდე მისაღებ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, ბუნებრივია არ არსებობს. არსებული კანცლერობის კანდიდატებიდან, მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი, თავისი პოლიტიკური წონით, გამოცდილებით და მორალური კომპასით, ალბათ, მაინც საუკეთესო კანდიდატად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, იმის ფონზე რომ მერკელის პარტიის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, უფრო საინტერესო იქნება, ვინ იქნება „უმცროსი პარტნიორი“ ახალ კოალიციურ მთავრობაში. ამ მხრივ, საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სცენარი ქრისტიან-დემოკრატების და მწვანეების კოალიცია იქნება, მერკელის კანცლერობით და მწვანე საგარეო საქმეთა მინისტრით. შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი იქნება ლიბერალებისა და ქრისტიან-დემოკრატების ან ლიბერალების, ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეების კოალიცია – ორივე შემთხვევაში ლიბერალები შეეცდებიან რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოლიტიკა აწარმოონ, თუმცა მათი გავლენა კოალიციაში არცთუ ისე დიდი იქნება. კიდევ უფრო ნაკლებად მომგებიანი, თუმცა ყველაზე რეალურია დღეს არსებული „დიდი კოალიციის“ გაგრძელება, რომელშიც მეტნაკლებად ორი თანაბარი ძალის პარტია ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები არიან წარმოდგენილი. დიდ კოალიციაშიც, მართალია მერკელი კვლავ მთავარ მოქმედ საგარეო-პოლიტიკურ ფიგურად დარჩება, მაგრამ მას მუდმივად მოუწევს სოციალ-დემოკრატი პარტნიორების აზრის გათვალისწინება. მოვლენები „ცუდი“ სცენარით განვითარდება, თუ სოციალ-დემოკრატები არჩევნებში პირველ ადგილზე გავლენ და მომავალ მთავრობაში კანცლერის პოსტს გაინაღდებენ – ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მათი პარტნიორი, სოციალ-დემოკრატების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ყველაზე „უარესი“, თუმცა ამ ეტაპზე საბედნიეროდ გამორიცხული ვარიანტია მემარცხენე კოალიციის შექმნა სოციალ-დემოკრატების და მემარცხენე პარტიის მონაწილეობით. ასეთი კოალიცია არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე უფრო პრო-რუსულ პოლიტიკას გაატარებდა.
რომ შევაჯამოთ, ანგელა მერკელი ნამდვილად არ არის საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის გერმანიის კანცლერობის იდეალური კანდიდატი და გერმანიის მხრიდან რაიმე არსებით ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში ან რუსეთის მიმართ მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ. თუმცა დანარჩენი კანდიდატების ფონზე მერკელი საქართველოსთვის, ალბათ, მაინც ყველაზე მისაღებ კანდიდატად რჩება. ყველა სხვა ალტერნატივა, მასზე ბევრად უარესი იქნება.
*ბიძინა ლებანიძე – არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ლექტორი.
**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.