07/02/2020 magda

10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყებიდან: GIP-იმ მონაწილეობა მიიღო რომში საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IAI) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში

7 თებერვალს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში. დისკუსია, რომელიც რომში გაიმართა, იტალიური კვლევითი ორგანიზაციის „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა“ (IAI) და „ევროკავშირის უსაფრთხოების სწავლებების ინსტიტუტის“ (EUISS) მიერ იყო ორგანიზებული.

დისკუსიის მიზანი იყო, წვლილი შეეტანა ევროკავშირის ინსტიტუტებში მიმდინარე განხილვებში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მომავალ ათწლეულში სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო რეგიონში არასტაბილური უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები. შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითად მიღწევებს, განსაზღვრეს დაშვებული შეცდომები წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და წარმოადგინეს იდეები იმის შესახებ, თუ რა გზებით არის შესაძლებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გაუმჯობესება მომავალში.

კორნელი კაკაჩიამ თავის მოხსენებაში შეაფასა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და უკრაინის, მოლდოვისა და ბელარუსის მიერ მიღწეული შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულებით და პროგრამის მთავარ გამოწვევებზე მომდევნო ათწლეულისთვის. გარდა ამისა, GIP-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა დაშვებულ შეცდომებს აღნიშნილი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და პრეზენტაცია რამდენიმე რეკომენდაციით დაასრულა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა გახდეს უფრო ეფექტური შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა; კორუფციასთან ბრძოლა და გარემოს დაცვა; სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება; სამოქალაქო მედეგობის გაზრდა ჰიბრიდულ საფთხეებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზით და ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერება რეგიონში არსებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას მოდერირებას უწევდა ნონა მიხელიძე, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში“ (IAI). დისკუსიის მონაწილეთა შორის იყვნენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, EUISS-ისა და ლა საპიენცას უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

, , , ,