26/11/2018 GIP

როგორ შეიძლება შეიცვალოს ევროპარლამენტის შემადგენლობა და უნდა ღელავდეს თუ არა საქართველო?

Author

ქეთევან გოლეთიანი

ქეთევან გოლეთიანი*

2019 წლის მაისში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოქალაქეები ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. ევროკავშირის შიგნით არსებული დაძაბულობა მოახლოებულ ბრექსიტთან ერთად ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე მიმდინარე ცვლილებები, მიგრაციასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც შიშის, ნაციონალისტური მოძრაობების და პოპულიზმის გააქტიურების საფუძველს ქმნის, გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე. აღნიშნული მოვლენები ევროპული ინტეგრაციის და, უფრო ზოგადად, ევროპული პროექტის მოწინააღმდეგე პოპულისტური და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაისში არჩეული პარლამენტი ახლანდელის მსგავსად დაკომპლექტდეს.

ევროპარლამენტის მომავალს შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროკავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. დღეს საქართველოს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა აქვს, რასაც მიღებული რეზოლუციები/ანგარიშები და ორ მხარეს შორის ძლიერი თანამშრომლობა ადასტურებს. მაგალითად, 14 ნოემბერს ევროკავშირმა მიიღო ანგარიში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საერთო პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. ანგარიში მიესალმება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს, ევროპულ დღის წესრიგთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ კონსენსუსს და კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროპარლამენტის მხარდაჭერას „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“ პოლიტიკის მიმართ დამატებითი პერსპექტივების შეთავაზების მიზნით.[1] საქართველოს მომავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. ამიტომ მაშინ, როცა ევროკავშირი ევროსკეპტიკოსი პარლამენტარების გაზრდის ალბათობის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, ვინ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ინტეგრაციას, და შეუძლია თუ არა ამას გავლენა მოახდინოს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.

ევროპარლამენტის როლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში

პირველი შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის წარმოადგნეს თუ არა პარლამენტი, როგორც სახელმწიფოს მსგავსი გაერთიანების, ევროკავშირის ინსტიტუციური ნაწილი,  საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო სცენაზე რეალურ აქტორს. მარტივად რომ ვუპასუხოთ, დიახ.   

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მთავარი მიმღებები ევროპული საბჭო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიაა.[2] ასევე, ტრადიციულად, საგარეო პოლიტიკა წევრი ქვეყნების დომინირების სფეროს წარმოადგენდა. თუმცა, 2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულებამ საპარლამენტო ლეგიტიმაციისა და ზედამხედველობის გაზრდის გზით საგარეო მოქმედებებში ევროპარლამენტის როლის გაძლიერებას შეუწყო ხელი: ევროკავშირში ახალი წევრის მიღებისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პარლამენტი უფლებამოსილია მხოლოდ დათანხმდეს ან უარყოს ევროკავშირში ახალი წევრის მიღება, ის მაინც დიდ გავლენას ახდენს გაფართოების პროცესის შიდა და გარე პირობებზე. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ეს გავლენა არ ხორციელდება ფორმალურად და არც რაიმე სამართლებრივ პროცესში აისახება, მაგრამ პარლამენტის პოზიციას საბჭო და კომისია არაფორმალურად მაინც ითვალისწინებს.[3] ევროკავშირის მიერ დადებული ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმება ასევე მოითხოვს პარლამენტის თანხმობას. პარლამენტს იშვიათად უარყვია ასეთი ტიპის შეთანხმებები, თუმცა გადაუდია თანხმობის მიცემა იმისთვის, რათა უზრუნველეყო პარლამენტის პოზიციის შეთანხმების საბოლოო ტექსტში ასახვა. საგარეო პოლიტიკაში პარლამენტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საპარლამენტო რეზოლუციები წარმოადგენს, რომლებიც პარლამენტის პოზიციას გამოხატავს და, როგორც წესი, ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კარგი მმართველობა და ა.შ. მაგალითად, ევროკავშირის მიერ რეზოლუციის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემოჭრიდან 10 წლის თავზე“ მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და დაგმო რუსული ოკუპაცია. იგივე შეიძლება ითქვას  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახლახან მიღებულ ანგარიშზე, რომელიც დადებითად აფასებს, საქართველოს მიღწევებს და ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას მისი მეზობელი აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ.[4] რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს, ევროპარლამენტი წამყვანი ინსტიტუტი იყო ევროკავშირის ჩართულობის თვალსაზრისით, როცა მოწინავე პარლამენტარები მიემგზავრებოდნენ კიევში და მოუწოდებდნენ როგორც მიზანმიმართული სანქციების, ასევე უკრაინისთვის ინსტიტუციური მხარდაჭერის უზრუნველყოფისკენ. ევროპარლამენტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია თავადაც ისაუბროს და აიძულოს კიდეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ინსტიტუციები საჭირო სიტუაციაში იმოქმედონ, მაშინაც კი, როცა მათგან ამის მზადყოფნა არ ჩანს.[5] ეროვნული პარლამენტებისგან განსხვავებით, სადაც ტრადიციული სამთავრობო-საპარლამენტო სტრუქტურა იძულებულს ხდის საპარლამენტო უმრავლესობას თავი შეიზღუდოს მხოლოდ მთავრობის გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერით, ევროდეპუტატებს აქვთ საშუალება ღიად გამოხატონ საკუთარი აზრი, მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური ვალდებულება, მხარი დაუჭირონ აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტს შეუძლია საკითხები დღის წესრიგის სათავეში დააყენოს და ევროპული საზოგადოების ყურადღება კონკრეტულ თემებს მიაპყროს, როგორებიცაა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობები. დაბოლოს, ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად კომისიას, ასევე, შეუძლია მისი დაშლა. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტის მომავალს გავლენა ექნება ევროკავშირის სამომავლო ფუნქციონირებასა და მის საგარეო პოზიციებზე. [6]

ევროპარლამენტის ამჟამინდელი და სავარაუდო მომავალი შემადგენლობა

დღეს ევროკავშირის 28 ქვეყანაში მცხოვრებ 500 მილიონ მოქალაქეს ევროპარლამენტში 751 დეპუტატი წარმოადგენს. ეს რიცხვი გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ 705-მდე შემცირდება. [7]

ამჟამად, მემარჯვენე-ცენტრისტული, პროევროპული „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP Group) ევროპის პარლამენტში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს 219 დეპუტატით. „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D) მეორეა 187 დეპუტატით, მემარჯვენე ევროსკეპტიკურ „ევროპის კონსერვატორებს და რეფორმისტებს“ (ECR) 73 დეპუტატი ჰყავთ, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE), როგორც პოლიტიკური ჯგუფი, ევროპარლამენტში 68 ადგილს იკავებს, „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი“ პარლამენტში 52-დეპუტატიანი ჯგუფითაა წარმოდგენილი, სოციალისტურ „ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანებას“ (GUE/NGL) 51 დეპუტატი ჰყავს, ჯგუფი „თავისუფლების და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა“ (EFDD) (რომელშიც „ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ შედიან) 45 პარლამენტარს აერთიანებს, „ერების და თავისუფლების ევროპა“ (რომელშიც მარი ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ და მატეო სალვინის ნაციონალისტური პარტია ერთიანდებიან) ევროპარლამენტში ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს 35 დეპუტატით. 21 პარლამენტარი ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

პარლამენტში უმრავლესობას ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები ქმნიან. ორი უმსხვილესი ძალა სტაბილურ მემარჯვენე-ცენტრისტულ უმრავლესობას ეკონომიკური, მემარცხენე-ცენტრისტულ უმრავლესობას კი სოციალური საკითხების გარშემო ქმნის, ლიბერალებსა და მწვანეებთან ცვალებადი ალიანსებით. ევროპარლამენტარების უმრავლესობა EPP და S&D-დან, ისევე, როგორც ALDE-დან, პროევროპულ იდეებს იზიარებს და მხარს უჭერს როგორც უფრო ძლიერ ევროკავშირს, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უფრო ახლო თანამშრომლობას. ევროინტეგრაციის მიმართ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მოდის EFDD-დან, ENF-დან და დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან, ისევე, როგორც GUE/NGL-დან, თუმცა ეს უკანასკნელი თავს ევროინტეგრაციის მხარდამჭერად მოიაზრებს. თუკი ხმის მიცემის ტენდენციებს გადავხედავთ, EPP-დან საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას 171-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არავინ წასულა, შეთანხმებამ მხარდაჭერა მიიღო S&D-ს 161 და ALDE-ს 59 წევრისგან. რაც შეეხება GUE/NGL-ს, 19-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 26-მა თავი შეიკავა, მხარი კი არც ერთმა პარლამენტარმა არ დაუჭირა. დამოუკიდებელი დეპუტატებიდან მხოლოდ 2-მა დაუჭირა მხარი შეთანხმებას, EFDD-დან კი 21-მა დეპუტატმა მისცა ხმა შეთანხმების წინააღმდეგ. [8] ოქტომბერში, როცა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავდაპირველი ანგარიში მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, იმ 7 დეპუტატიდან, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, 4 GUE/NGL-დან იყო, 2 ENF-დან, 2 კი – დამოუკიდებელი. [9]

ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე ძალების ზრდა შეშფოთების საგანია. ბრექსიტისა და ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. იტალიასა და ავსტრიაში) ეროვნულ დონეზე მოპოვებული საარჩევნო წარმატებების ფონზე, შესაძლოა ეს პერიოდი რადიკალურ ჯგუფებს ევროპულ დონეზე ძალაუფლების მოპოვების ყველაზე კარგ შანსს აძლევდეს, თუმცა მათი წარმატება მაინც ნაკლებად სავარაუდოა. პირველ რიგში, ამომრჩეველთა ძლიერი მხარდაჭერის გამო, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში კვლავ დომინანტურ ძალად დარჩება. მეორე, ბრიტანელი ევროპარლამენტარების მიერ კონსერვატორული პარტიების, ხოლო „ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის“ (UKIP) მიერ პარლამენტის დატოვება ნაციონალისტთა ბანაკს დაასუსტებს, იმის მიუხედავად, რომ ისინი შესაძლოა ჩაანაცვლოს დეპუტატების დიდმა რაოდენობამ იტალიის „ჩრდილოეთის ლიგიდან“ (ამჟამად 28 დეპუტატი) და  გერმანიის პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) (ამჟამად 15 დეპუტატი).[10] ECR-სთვის 18 ბრიტანელი დეპუტატის დაკარგვა მნიშვნელოვნად შეცვლის პარტიის სტრატეგიას და შესაძლოა მის არსებობასაც კი დაემუქროს. ამას გარდა, ნაკლებად სავარაუდოა მტკიცე გაერთიანების შექმნა იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებსაც განსხვავებული პოზიციები აქვთ ევროსთან, მიგრაციასთან, შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პარტიებს შორის ბევრად მეტი განსხვავებაა, ვიდრე საერთო.[11] მაგალითად, დღეს ENF დასავლეთ ევროპელი წევრების დიდი რიცხვის გამო უფრო მეტად პრორუსულია, შედეგად, დასავლელი მემარჯვენეები ცდილობენ პუტინის მომხრე მოკავშირეები იპოვონ, მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპელი მემარჯვენეები ზოგადად ანტირუსული განწყობების მატარებლები არიან. თუმცა მათ შეუძლიათ შექმნან ე.წ. „მოწინააღმდეგეთა“ ბლოკი, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებს ხშირად კოალიციების შექმნას აიძულებდათ 2014 წლიდან.  ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გართულებული პროცესი და სავარაუდო „მძიმე“ ბრექსიტი ევროპელი ამომრჩევლისთვის ევროპული კლუბის დატოვების იდეას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. მართალია სტივ ბენონმა, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ევროპულ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნა „მოძრაობა“, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების ალიანსი, თუმცა ჯერჯერობით მასთან კავშირზე უარი განაცხადეს პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“[12], ავსტრიის „თავისუფლების პარტიამ“ და “ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიამ“.[13][14]

ბრიუსელში არსებულმა წამყვანმა საკონსულტაციო სააგენტომ ევროკავშირის მმართველობის, საზოგადოებასთან ურთიერთობების და კომუნიკაციის მიმართულებით, Fleishman Hilllard-მა განსაზღვრა მანდატების სავარაუდო გადანაწილება მომავალ ევროპარლამენტში. ანალიზი ეყრდნობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნული პარტიების შესახებ საჯარო აზრის შეფასებას.[15] შედეგების მიხედვით, ცენტრისტული პარტიები, მიუხედავად მანდატების ნაწილის დაკარგვისა, პარლამენტში კვლავ დომინანტური ძალა იქნება. ENF-ს შეუძლია დეპუტატების რაოდენობა 35-დან 59-მდე გაზარდოს, EFDD-ს 45-დან 53-მდე, მაშინ როცა ECR-ის ევროპარლამენტართა რიცხვი შესაძლოა 71-დან 48-მდე შემცირდეს. შედეგად, თუ დღეს სამივე ჯგუფს ერთად 151 დეპუტატი ჰყავს, ეს რიცხვი 160-მდე გაიზრდება.

წყარო:  http://fleishmanhillard.eu/2018/06/countdown-to-the-2019-european-elections-the-outlook-so-far/

თუ დღეს ევროპელი მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირს იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე ოდესმე, კონტინენტის ტრადიციული ცენტრისტული პარტიების მიმართ მათი მხარდაჭერა უფრო დაბალია, ვიდრე ეს მანამდე ყოფილა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სოციალისტები არიან: მხარდაჭერის დაბალი მაჩვენებლები ევროკავშირის თითქმის ყველა დიდ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში, მიანიშნებს, რომ შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს სოციალისტთა ათობით ადგილი პარლამენტში და მასთან ერთად – პარლამენტის პროევროპული უმრავლესობაც.[16] სოციალისტთა პოტენციური ჩანაცვლება პოლიტიკურ ცენტრში ემანუელ მაკრონის პარტიით ‘’En Marche“, ჯერჯერობით არ მომხდარა. ჯერ კიდევ არის საუბრები მაკრონის პარტიის ALDE-სთან შეერთებაზე, თუმცა უფრო მოსალოდნელია რომ En Marche ეცდება იმ პროევროპული ცენტრისტებისგან ახალი საპარლამენტო ჯგუფის შექმნას, რომლებიც მხარს დაუჭერენ ევროპული ინსტიტუტების რეფორმირების მაკრონისეულ გეგმას, შედეგად, პარლამენტართა ნაწილმა შესაძლოა სწორედ ALDE, EPP და S&D დატოვონ. აღნიშნული ფრაგმენტაცია და არასტაბილურობა მომავალ პარლამენტში პოლიტიკის კეთებასთან დაკავშირებით რიგ გაურკვევლობებს ქმნის, შესაბამისად, ხმების მისაღებად გაძლიერებული ძალისხმევა იქნება საჭირო, განსაკუთრებით, პროევროპული პოლიტიკური აქტორების მხრიდან.

რას შეიძლება ველოდოთ?

ევროპული პროექტი მისი არსებობის პირველივე დღიდან სხვადასხვა ტიპის საფრთხის ქვეშ იყო და გასაკვირი არ არის, რომ ეს დღესაც ასეა. პოპულისტური და რადიკალური პარტიები, სავარაუდოდ, მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე 2014 წელს, თუმცა ამის მიუხედავად, ნაკლებად მოსალოდნელია, მათი გეგმა, რადიკალურად შეცვალონ ასამბლეის პოლიტიკა, გახადონ ევროკავშირი ნაკლებად ინტეგრირებული და მეტად იზოლირებული, განხორციელდეს. ევრობარომეტრის უკანასკნელი გამოკითხვის შედეგები იმედისმომცემია მომავალი არჩევნების სამზადისში მყოფი ევროკრატებისა და პოლიტიკოსებისთვის: ევროპელების 62%-ს სჯერა, რომ მათი ქვეყნის ევროკავშირში ყოფნა კარგია, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევასა და 1992 წელს მაასტრიხის ხელშეკრულების ხელმოწერას შორის პერიოდის შემდეგ დაფიქსირებულა.[17]

პოპულისტები, სავარაუდოდ, მანდატების 20-25% მიიღებენ (დღეს ეს რიცხვი 20%-ია) და გაუჭირდებათ თანმიმდევრული, მტკიცე ჯგუფის შექმნა, გარდა ე.წ.  მოწინააღმდეგეთა გუნდის ჩამოყალიბებისა. სინამდვილეში, პოპულისტების ყოფნა ხმის მიცემის წესების გამო არის და იქნება უფრო შესამჩნევი  საბჭოში, ვიდრე პარლამენტში. ბევრ სფეროში, რომელიც საბჭოსა და პარლამენტს შორის გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების პროცედურის არეალს სცილდება, გადაწყვეტილებას მხოლოდ საბჭო იღებს, ხშირად ერთსულოვნად. ეს უფრო მეტ სივრცეს ქმნის რადიკალური ჯგუფების გავლენისთვის, საბჭო მთავრობის მეთაურებისა და სექტორული მინისტრებისგან შედგება, რომლებსაც მჭიდრო კავშირი შეიძლება ჰქონდეთ პოპულისტურ ან ექსტრემისტულ ჯგუფებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას ბლოკავენ. ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის ზოგად სტრატეგიულ პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს, გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კი პარლამენტს შეუძლია მიაღწიოს პროგრესს და/ან კომპრომისს შესაბამისი ხმის მიცემის წესების გამოყენებით, რომლებიც ნაკლებ შანსს უტოვებს ან საერთოდ გამორიცხავს პოპულისტურ და ექსტრემისტულ ელემენტებს.

თუკი საქართველოს პერსპექტივიდან შევხედავთ, ევროპარლამენტის არჩევნებს არ ექნება არც პირდაპირი და არც მკვეთრი გავლენა ქვეყანაზე და ევროკავშირთან მის არსებულ და მომავალ ურთიერთობებზე. პირველ რიგში, ევროპის პარლამენტის ერთი ვადა ძალიან მოკლე დროა იმისთვის, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მყისიერად იმოქმედოს. ასოცირების შეთანხმების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მეტი დრო სჭირდება, პროცესის შეფასება კი გრძელვადიან პერსპექტივას მოითხოვს. მეორეც, EPP და S&D ლიბერალებთან ერთად ევროპარლამენტში კვლავ უფრო გავლენიანი და ძლიერი ძალები იქნებიან, ვიდრე პოპულისტები, სავარაუდოა, რომ სწორედ EPP და S&D გაინაწილებენ უმაღლესი რანგის პოსტებს, როგორიცაა პარლამენტის და კომისიის პრეზიდენტობები. შესაბამისად, საქართველოს შეეძლება მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს კი ექნებათ საშუალება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობები პარლამენტის დღის წესრიგში დატოვონ, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2018 წლის ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, EPP-სა და S&D-ის პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოსა და ამ უკანასკნელის ევროპული კურსის მიმართ. გარდა ამისა, პოპულისტური პარტიების ზრდა პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობისთვის – ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი რომელიმე ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რასაც რადიკალური ჯგუფები ღიად დაუპირისპირდებოდნენ. მეორე მხრივ, S&D და EPP-ის მანდატების რაოდენობის მოსალოდნელმა შემცირებამ შესაძლოა წამყვანი ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის დაასუსტოს პოზიციები ევროპულ არენაზე, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სოციალისტების და დემოკრატების[18], წამყვანი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი „ევროპის სახალხო პარტიის“ პარტნიორები არიან. შედეგად, ქართულ პარტიებს შესაძლოა ევროკავშირის დედაქალაქში ადვოკატირებისა და ლობისტური საქმიანობის გაძლიერება მოუწიოთ. დაბოლოს, „მკაცრი მოსამართლის“ ფაქტორი შეიძლება კარგი წინაპირობაც იყოს იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეთოდური და ზუსტი გახდეს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯების და რეფორმების განხორციელების პროცესში.


*ქეთევან გოლეთიანი – საჯარო ადმინისტრირების მაგისტრანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 

**წინამდებარე ბლოგი მომზადებულია პროექტის – “ევროპეიზაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის ხელშეწყობა” – ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ საქართველოში ლიეტუვის საელჩო ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და საქართველოში ლიეტუვის საელჩო შეხედულებებს. 


[1] Report on the Implementation of the EU Association Agreement with Georgia. Committee on Foreign Affairs of the European Parliament. Available at – http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//NONSGML+REPORT+A8-2018-0320+0+DOC+PDF+V0//EN Accessed on 14.11.2018

[2] Foreign & Security Policy. European Union. Available at – https://europa.eu/european-union/topics/foreign-security-policy_en Accessed on 05.11.2018

[3]  Shaping and Controlling Foreign Policy. Directorate-General for External Policies. July 2015. Available at – http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2015/549045/EXPO_STU(2015)549045_EN.pdf Accessed on 04.11.2018

[4] Report on the Implementation of the EU Association Agreement with Georgia. Committee on Foreign Affairs of the European Parliament. Available at – http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//NONSGML+REPORT+A8-2018-0320+0+DOC+PDF+V0//EN Accessed on 14.11.2018

[5] Dempsey, Judy. April, 2014. “Judy Asks: How Can the European Parliament Strengthen EU Foreign Policy?”. Carnegie Europe. Available at – http://carnegieeurope.eu/strategiceurope/55470 Accessed on 06.11.2018

[6] “European Parliament 2019: The Parliament and Europe To Come”. November 2018. Jacques Delors Institute. Available at http://institutdelors.eu/wp-content/uploads/2018/10/EuropeanParliament2019-WorkinggroupEuropeanelections-Nov18.pdf Accessed on 08.11.2018

[7] See:http://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20180202IPR97025/size-of-parliament-to-shrink-after-brexit

[8]See: https://www.votewatch.eu/en/term8-political-groups-votes.html#/#13/8/2014-07-01/2018-08-01

[9]  See:http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+REPORT+A8-2018-0320+0+DOC+XML+V0//EN&language=EN#title4 

[10] See 6.

[11] Baume, Maia D.L. April, 2018. “Populist Plan for 2019 Election Puts EU in Crosshairs”. Available at – https://www.politico.eu/article/populist-plan-for-2019-election-puts-eu-in-cross-hairs/ Accessed on 08.11.2018

[12] France-Presse, Agence. August 2018. “German far Right rebuffs Steve Bannon’s effort to forge Europe – wide populist movement”. Available at –  https://www.telegraph.co.uk/news/2018/08/11/german-far-right-rebuffs-steve-bannons-effort-forge-europe-wide/ Accessed on 09.11.20198

[13] The Times of Israel. September, 2018. “Austria’s far-right unwilling to collaborate with Bannon”. Available at – https://www.timesofisrael.com/austrias-far-right-unwilling-to-collaborate-with-bannon/ Accessed on 09.11.2018

[14] James, William. September, 2018. “UKIP will not join Steve Bannon’s anti-EU movement, says leader”. Available at – https://www.reuters.com/article/us-britain-eu-ukip/ukip-will-not-join-steve-bannons-anti-eu-movement-says-leader-idUSKCN1M10Q8 Accessed on 09.11.2018

[15] Griffin, Niamh & Totterdell, Cillian. June, 2018. “Countdown to the 2019 European Elections – the outlook so far”. Available at –  http://fleishmanhillard.eu/2018/06/countdown-to-the-2019-european-elections-the-outlook-so-far/Accessed 10.11.2018

[16] Heath, Ryan. May, 2018. “4 Biggest risks to Europe’s 2019 election”. Available at –  https://www.politico.eu/article/european-election-2019-brussels-risks/ Accessed on 09.11.2018

[17] See: Parlemeter 2018. Eurobarometer Survey 90 of the European Parliament. Available at – http://www.europarl.europa.eu/at-your-service/files/be-heard/eurobarometer/2018/parlemeter-2018/report/en-parlemeter-2018.pdf Accessed on 11.11.2018

[18] See: https://www.socialistsanddemocrats.eu/newsroom/sd-group-competitive-free-and-fair-elections-are-victory-georgian-people

, , , , , , , , , , , , , , , , , ,