08/07/2024 GIP

საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის შუალედური პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში

8 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPAHub) ფარგლებში კიდევ ერთი პოლიტიკის ნარკვევის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

ავტორმა – თამარ აბულაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში წარადგინა პოლიტიკის ნარკვევი თემაზე: “არაგადამდები დაავადებების მაღალი ტვირთის შემცირების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”. 

არაგადამდები დაავადებები დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. საქართველოში სიკვდილიანობის 93% არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული, ამ დაავადებების ჯამური წლიური ეკონომიკური ზარალი ქვეყნისთვის 3 მილიარდ ლარზე მეტია, რაც ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6.2%-ს შეადგენს. 

ბოლო წლებში ქვეყანაში გადაიდგა ცალკეული ნაბიჯები ამ ტვრითის შესამცირებლად, თუმცა არაგადამადები დაავადებების ტვირთს კვლავ მზარდი ტენდენცია აქვს. ამ დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის, 2018 წელს, საქართველოში მშპ-ს დაახლოებით 0.3% დაიხარჯა, რაც ევროპის რეგიონთან შედარებით უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. ამას ემატება ისიც, რომ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და მათი რისკ-ფაქტორების კონტროლის ეროვნული სტრატეგიების განხორციელების სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების თითქმის 80%-ის შესრულება დამოკიდებულია დონორულ დაფინანსებაზე. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, დღეს განსაკუთრებით ბუნდოვანია ქვეყნის პოლიტიკა ამ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში.  

პოლიტიკის ნარკვევის პრეზენტაციის ფარგლებში პრეზენტატორმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ვითარება არაგადამდები დაავადებების პირველადი პრევენციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით, ისაუბრა პრევენციული ზომებისა და არსებული პროგრამების ხარვეზებზე და წარმოადგინა კონკრეტული შესძლებლობები და ალტერნატივები, რაც არსებობს არაგადამდები დაავადებების ტვირთის შემცირებისთვის ქვეყანაში.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელიც დაეთმო პოლიტიკის ნარკვევში დასმულ ორ ძირითად კითხვაზე მსჯელობას:

  • რა ხარვეზებს მოიცავს არაგადამდები დაავადებების ტვირთის შემცირებისკენ მიმართული პირველადი პრევენციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის არსებული ღონისძიებები საქართველოში?
  • რა გზები არსებობს არსებული პრობლემების მოგვარებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფისთვის?

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო პრეზენტაციაზე დამსწრე 20-მდე სტუდენტი. 

პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის – „საჯარო პოლიტიკის პილოტური ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

, , , , , , , , , , , ,