ძირითადი მიგნებები:
• ქართულ პოლიტიკურ კომპასზე პარტიათა უმეტესობა ან მემარცხენე და კულტურულად კონსერვატიულია ანდა ლიბერალური და მემარჯვენე მიდრეკილების მქონე. ეს ნიშნავს, რომ ორგანზომილებიან იდეოლოგიურ ველზე, რომელსაც წინამდებარე კვლევა ეყრდნობა, ორნაირი იდეოლოგიური ვაკუუმია შექმნილი მემარცხენე-ლიბერალური და მემარჯვენე-კონსერვატიული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ამ ღირებულებების მქონე ამომრჩევლები ქართულ პოლიტიკაში არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი.
• ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობას მკვეთრად გამოხატული სიმპათიები აქვს დასავლეთისა და ევროკავშირისადმი, მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას, დაგროვებითი პენსიის სქემაში ნებაყოფლობით ჩართვას და გადასახადის გაზრდას ბიზნესებისთვის, რომლებიც გარემოს აბინძურებენ.
• „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციური ამომრჩევლები უფრო მეტად კულტურულად ლიბერალური და ეკონომიკურად მემარცხენე ღირებულების არიან, მაშინ, როცა თავად პარტია მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელია: „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა 94,2%-ს გაცილებით უფრო მემარცხენე შეხედულებები აქვს, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამავე ამომრჩევლის 91,5% გაცილებით უფრო კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებელია, ვიდრე პარტია. 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო ახლოს დგას „საშუალო,“ იგივე მედიანურ ამომრჩეველთან. მონაცემები, რომელსაც წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა, არ ადასტურებს საქართველოში უკიდურესი პოლარიზაციის არსებობას. თუკი განვიხილავთ ორ უმსხვილეს პარტიას – „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – მონაცემები ცხადყოფს, რომ 30 პოლიტიკური საკითხიდან ნახევრის შემთხვევაში აღნიშნული ორი პარტია ერთსა და იმავე პოზიციაზეა. ამას როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ნიშანს ვერ განვიხილავთ.
გარდა ამისა, ამომრჩეველთა პრეფერენციები არ ადასტურებს მკვეთრად გამოხატული ორი სოციალური ჯგუფის არსებობას, რომლებსაც ურთიერთგამომრიცხავი პრეფერენციები ექნებათ.
პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ჰოლანდიის სამეფოს მიერ და ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.
კვლევის შედეგებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება, პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები“