15 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPAHub) ფარგლებში კიდევ ერთი პოლიტიკის ნარკვევის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.
ანანო არველაძემ წარადგინა თავისი პოლიტიკის ნარკვევი სახელწოდებით „ქართველი თავშესაფრის მაძიებლები ევროპაში: მზარდი საფრთხე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის.” მისმა ანალიზმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში ქართველი თავშესაფრის მაძიებლების მნიშვნელოვან ზრდას 2017 წელს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ. აღსანიშნავია, ამ განაცხადების უმეტესობა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გერმანიამ და საფრანგეთმა მიიღო. თავშესაფრის მისაღების მოთხოვნის დამტკიცების მაჩვენებელი მხოლოდ 3-4%-ია. აღნიშნული განაცხადები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ხშირად განიხილება როგორც „ყალბი”, რაც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოსთან უვიზო რეჟიმს. არველაძის კვლევა ასახავს საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის ძირითად მიზეზებს, მათ შორის ჯანდაცვის საკითხებს, ეკონომიკურ გაჭირვებას, ქალთა მიმართ ძალადობას და სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას. ავტორის პოლიტიკის ნარკვევის მოკლე შინაარსი მთავრდება რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და ამ ემიგრაციის გამომწვევი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის შესახებ.
ლუკა ქილიფთარმა წარმოადგინა ნაშრომი „რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში: მიმდინარე პრაქტიკა და ალტერნატიული მოდელები.” ქილიფთარმა შეისწავლა სახელმწიფოს მიერ ხუთი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება, თითქოსდა საბჭოთა პერიოდის ზარალის კომპენსაციის მიზნით. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ არსებული მოდელი უფრო მეტად ფუნქციონირებს, როგორც საბიუჯეტო სუბსიდია, რაც დისკრიმინაციულია და საშუალებას აძლევს მთავრობას, გავლენა მოახდინოს დაფინანსებულ ორგანიზაციებზე. მისი ანალიზი, რომელიც ეყრდნობა უამრავ წყაროს, მათ შორის მოხსენებებს, ოფიციალურ დოკუმენტებს და ინტერვიუებს საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე იკვლევს დასავლეთის ქვეყნებში გამოყენებულ დაფინანსების ალტერნატიულ მოდელებს. ქილიფთარის პოლიტიკის ბრიფი გვთავაზობს რეკომენდაციებს საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, სადაც ხაზგასმულია სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები.
პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის – „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.