რა გააკეთა აშშ-მ საქართველოსთვის ბოლო პერიოდში?

ჯოზეფ ლარსენი*

მათი უმრავლესობა, ვინც თვალს ადევნებდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, საქართველოში ვიზიტს, ელოდა, რომ იგი მკაცრად გაწერილი სცენარის მიხედვით იმოქმედებდა: ჩამოვიდოდა, ხელახლა დაადასტურებდა აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მიირთმევდა ხინკალს, ხაჭაპურს და ბოლოს, დატოვებდა ქვეყანას.  

უმეტესწილად, პენსი სწორედაც რომ ასე მოიქცა. თუმცა, იგი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგი, როდესაც აშშ-მ და მისმა ნატოს წევრმა მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ სააქართველო და უკრაინა „გახდებიან ნატოს წევრები“. პენსმა თქვა:

Vice President Mike Pence, Tuesday, Aug 1, 2017, Tbilisi, Georgia. (Official White House Photo by D. Myles Cullen)

„პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომელმაც ნათელი გახადა, რომ საქართველო, ერთ დღესაც, გახდება ნატოს წევრი.“

მოგვიანებით კი, მან შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატოს წევრობისკენ. და ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო მუშაობას პრემიერ-მინისტრთან და, ზოგადად, საქართველოს მთავრობასთან, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მოქმედების კურსი, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.“ 

ეს მხოლოდ სიტყვებია, თუმცა მათ რეალური მნიშვნელობა აქვთ. არც ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, და არც მისი კაბინეტის რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს, არასდროს დაუდასტურებია საჯაროდ ბუქარესტის განცხადება. ობამამ ბევრი განარისხა საქართველოში, როდესაც 2014 წელს განაცხადა, რომ ქვეყანა არ ადგა “ამჟამად ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზას.”

პენსის კომენტარი მტკიცე სიგნალია საქართველოს მხარდასაჭერად. ამასთან, მისი სტუმრობა მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა – რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ანექსიის გაღრმავებისა და იმ შეშფოთების ფონზე, რომ პენსის უფროსის, პუტინისადმი კეთილგანწყობილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მიერ მართულმა შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მიატოვოს საქართველო  რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ.

ასეთი სპეკულაცია გასაგებიცაა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის შესახებ მხოლოდ კარგს ამბობს, მან ცოტა ხნის წინ ნატოს „დრომოჭმული“ უწოდა, ხოლო მისი საარჩევნო კამპანია კი იმ ფაბულაზე იყო აგებული, რომ თითქოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ობამას მმართველობის დროს არა რუსეთის მიერ მისი მეზობელი სახელმწიფოების ანექსიის, არამედ  ამერიკის მედიდურობის გამო გაუარესდა.

თუმცა, ყველაზე უარესი შიში ჯერ არ ქცეულა რეალობად, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით კვლავ “ვაშინგტონის სცენარს” მისდევს – გარკვეული მნიშვნელოვანი გამონაკლისების გარდა. უფრო მეტიც, საქართველოს ჯერ კიდევ ჰყავს ბევრი მეგობარი კონგრესში და ისეთი მაღალი რანგის სენატორები, როგორიცაა ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრაჰამი, არწმუნებენ თბილისს, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა გრძელდება.

ზუსტად რომ შევაფასოთ, თუ რამდენად დაეხმარა აშშ საქართველოს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, თვალი გადავავლოთ ყველაფერ იმას, რაც იანვრიდან მოყოლებული – ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ – მოხდა.

 

კარგი ამბები:

აშშ-მ გამოსცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აქტი, რითაც საქარველოსადმი მხარდაჭერა განამტკიცა – 24 ივლისს, აშშ-ს კონგრესმა გამოსცა დოკუმენტი,  ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების მეშვეობით შეწინააღმდეგების თაობაზე. წარმომადგენელთა პალატამ იგი თითქმის ერთსულოვნად მიიღო – 419 ხმით 3-ის წინააღმდეგ.  ხოლო 100 სენატორიდან აქტს 98-მა დაუჭირა მხარი. 2 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღნიშნულ საკანონმდებლო აქტს.

აქტის თანახმად, მოხდება არსებული სანქციების კოდიფიცირება და რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება. დოკუმენტი პირდაპირ მოიხსენიებს რუსეთის მიერ „2014 წელს ყირიმის არალეგალურ ანექსიას, 2008 წელს საქართველოში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაკანონიერ ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დესტაბილიზაციის გამომწვევ ღონისძიებებს“.  აქტი, ასევე, გმობს რუსეთის უარს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. 

სანქციების გარდა, აქტის თანახმად, 250 მილიონი დოლარი დაიხარჯება რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ 2018 და 2019 წლებში. როგორ დაიხარჯება ეს თანხა,  სახელმწიფო დეპარტამენტზეა დამოკიდებული, თუმცა საქართველო ნამდვილად იქნება მისი ბენეფიციარი.

აშშ-მ ნატოს ეგიდით ჩაატარა საერთო წვრთნები ქართულ ჯარებთან ერთად – ცოტა ხნის წინ საქართველომ უმასპინძლა ნატოს სამხედრო წვრთნებს ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. აშშ-მ ღირსეული პარტნიორისთვის 2000 სამხედროზე მეტი გამოგზავნა, მათ შორის, მთლიანი  აღჭურვილი ეკიპაჟიც.

ღირსეული პარტნიორი საქართველოს ჯარისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს: პროგრამამ შემდეგ საფეხურზე აიყვანა წვრთნები მეორე მსუბუქი ქვეითი ჯარისთვის, რომელიც იღწვის ნატოს რეაგირების ძალებისთვის  (NRF)  სერტიფიცირების მისაღებად. .

აშშ სერიოზულად განიხილავს ლეტალური სამხედრო დახმარების გაგზავნას უკრაინაში – 25 ივლისს ამერიკის საგანგებო დესპანმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა, ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინაში თავდაცვითი ჯარების“ გაგზავნას.

ეს პირდაპირ საქართველოს არ ეხება, მაგრამ მტკიცედ მიანიშნებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აღიარებს რუსეთის მიერ მისი მეზობლების დაპყრობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ  არ გააგზავნის ლეტალურ იარაღს უკრაინაში, ეს მაინც ძლიერი მესიჯი იქნება საქართველოსთვის.  აშშ არ აპირებს, რომ რუსეთს მოქმედების სრული თავისუფლება მისცეს აღმოსავლეთ ევროპაში.

მიუხედავად ამისა, თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს, რომელიც უკრაინას 24 აგვისტოს ეწვია, არანაირი დაპირება არ გაუჟღერებია კიევში განცხადების გაკეთებისას.

აშშ-მ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოვალურ ოფისში უმასპინძლა – 8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს თეთრ სახლში. თეთრ სახლს არ გამოუქვეყნებია შეხვედრის ოფიციალური ანგარიში, მაგრამ პრემიერის ოფისის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპა შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების „მნიშვნელოვან მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორზე“.

ისევ და ისევ, ეს მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ მესიჯი, რომელსაც ისინი გადმოსცემენ, მნიშვნელოვანია.

თუმცაღა, ვაშინგტონიდან წამოსული ყველა სიახლე დადებითად არ მიუღია საქართველოს.

 

აი, ცუდი ამბებიც:

აშშ-მ საქართველოსთვის დახმარების 50%-ზე მეტად შემცირების წინადადება წამოაყენა – 23 მაისს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთლიანი საგარეო დახმარების ხარჯების 28 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.

თუ თეთრი სახლი თავისას გაიტანს, ეს საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნება. ბიუჯეტის დამატებითი დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც იმავე დღეს გამოქვეყნდა, საქართველოსთვის გამოყოფილი უცხოური დახმარება 2017 წელს გათვალისწინებული 80.6 მილიონი დოლარიდან 2018 წელს 34.1 მილიონ დოლარამდე შემცირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ პროგრამა მთლიანად გაუქმდება, ხოლო „სამართლიანი და დემოკრატიული მართვის“ პროგრამა, რაც აშშ-ს მიერ საქართველოში დემოკრატიის ხელშემწყობ ძირითად ინსტრუმენტს წამოადგენს, დაახლოებით 10 მილიონი დოლარით შემცირდება.

ბიუჯეტის პროექტი მოითხოვს კონგრესის თანხმობას. როგორც სანქციების დოკუმენტიდან ჩანს, საქართველოს კვლავ ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში, ასე რომ, შესაძლოა მომავალი წლის საგარეო დახმარების ბიუჯეტი, საბოლოოდ, იმაზე მეტად ხელგაშლილი აღმოჩნდეს,  ვიდრე ეს თეთრ სახლს ამჟამად სურს.

და მაინც, გაუგებარია, როგორ შეიძლება, აშშ-მ ასე მასობრივად შეამციროს შემწეობის ბიუჯეტი და, მიუხედავად ამისა, მაინც ეფექტიანად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და, საბოლოოდ, მის ნატოში გაწევრიანებას (რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე).

კვლავ აქვს თუ არა  საქართველოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან?

პრეზიდენტმა ტრამპმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს ევროპაში ამერიკის მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს, აღელვება. მის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ გაუკიცხავს უშუალოდ შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევა – რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთთან ურთიერთობისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებაზე.

ყველა კრიტიკა ლეგიტიმურია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. შესაძლოა პრეზიდენტი ტრამპი ამ ხედვას არ იზიარებდეს – არასდროს იცი, რას ფიქრობს იგი – მაგრამ მას ბევრი არაფერი გაუკეთები ამ სტატუს ქვოს შესაცვლელად. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, ვაშინგტონის სცენარი კვლავ ბატონობს ტრამპის ამერიკაში.


*ჯოზეფ ლარსენი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

 

Related Posts