საქართველოს ევროპეიზაცია 2020 წლის შემდეგ: პროგრესის შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება

2021 წლის 14 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჩაატარა დისკუსია თემაზე “საქართველოს ევროპეიზაცია 2020 წლის შემდეგ: პროგრესის შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება”.  დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, აკადემიური და საჯარო სფეროს წარმომადგენლებმა  აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი ჩარჩოსა და საქართველოს ევროპიზაციის საკითხის განსახილველად.

აღმოსავლეთ პარტნიორობამ გარდამტეხ წერტილს მიაღწია – 2020 წლის დღის წესრიგი დასრულებულია. სამიტი კი, რომელზეც ახალი მიზნების დასახვაზე უნდა ემსჯელათ, 2021 წლის ოქტომბრამდე გადაიდო და სამომავლო საქმიანობის მიმართულებებიც მხოლოდ ახლა იკვეთება. ონლაინ დისკუსიის მიზანი იყო, უფრო ღრმად განეხილათ, როგორია საქართველოს პროგრესი ამ კონტექსტში, რა გავლენას ახდენს საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის იმპლემენტაცია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებაზე, მათ შორის გაწევრიანების პერსპექტივაზე. 

დისკუსიის მთავარი მომხსენებლი იყო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ასუნსიონ სანჩეს-რუიზ, რომელმაც დამსწრეებს გააცნო, რას შეიძლება ველოდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისგან და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩო, პრიორიტეტული მიმართულებები და ევროკომისიის შემდეგი ნაბიჯები.

დისკუსიაზე წარმოდგენილი სამი პოლიტიკის დოკუმენტი ხაზს უსვამს გამოწვევებს ევროპეიზაციის გზაზე:

დოქტ. შალვა ძებისაშვილი თავის პოლიტიკის დოკუმენტში “ერთი ნაბიჯი წინ – ერთი უკან: სახელმწიფო მედეგობის დილემა კოორდინირებული პოლიტიკის ნაკლებობის ფონზე“  საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ნატოსა და ევროკავშირის მიმართ ვალდებულებას, გაზარდოს მედეგობა, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება საქართველოს სურვილსა და შესაძლებლობას დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასევე, ევროკავშირისა და ნატოს პასუხი ამ მცდელობებზე.

პოლიტიკის ნარკვევში „სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის“ დოქტ. ბიძინა ლებანიძე და დოქტ. თინათინ ერქვანია აანალიზებენ სასამართლო რეფორმის გავლენას საქართველოს ევროპეიზაციის პროცესზე.

ნარკვევის გამოქვეყნების დროს, ევროკავშირის მხრიდან პირობითობა ჯერ არ განიხილებოდა, თუმცა ახლახანს ეს საკითხი  ვროკავშირის მედიატორმა, კრისტიან დანიელსონმა  გააჟღერა და   ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებაზე ევროპარლამენტარების განცხადებაშიც გამეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით, არ იყენებს მკაცრ პირობითობას, ამ გამოწვევებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

დოქტ. თინათინ ახვლედიანმა შეაფასა საქართველოს წინსვლა ეკონომიკური განვითარების კუთხით და დასვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა უშლის ხელს საქართველოს იმაში, რომ თავისი კანონები ევროკავშირის კანონებთან თანხვედრაში მოიყვანოს. თინათინ ახვლედიანის პოლიტიკის დოკუმენტი “ევროკავშირისა და საქართველოს მიერ დასახული 20 მიზანი 2020 წლისთვის: რამდენად უფრო ძლიერია ქართული ეკონომიკა დღეს?” მიმოიხილავს  საქართველოს მიერ ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, როგორც ეს „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით არის გათვალისწინებული და წარადგენს ქმედით რეკომენდაციებს  საქართველოსა და ევროკავშირისთვის .

ღონისძიებამ შეაჯამა პროექტი „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება“, რომელიც GIP-იმ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით 2019 წლის ოქტომბერში განახორციელა. პროექტის ფარგლებში:

  • 14 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გამოქვეყნდა ანგარიში “საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის”
  • მოეწყო დახურული დისკუსია საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც შეაჯამეს 2020 წლისთვის 20 შედეგის იმპლემენტაცია და განიხილეს წინადადებები სამომავლო ჩარჩოსა და მის მონიტორინგთან დაკავშირებით.
  • ჩატარდა ორი დისკუსია რეგიონებში იმ შედეგების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური იყო ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებისთვის, კერძოდ: გარემოს დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში მონაწილეობა და უნარების განვითარება ახალგაზრდებისთვის.
  • შემუშავდა 3 პოლიტიკის ნარკვევი ეკონომიკურ განვითარებაზე, უსაფრთხოებისა და მდგრადობის განვითარებაზე, ასევე, სასამართლო რეფორმასა და მის გავლენაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

Event agenda >>

 

 

 

Related Posts