„აღმოსავლეთ პარტნიორობა 2030 სცენარების კვირეული“ – საქართველოს ინკლუზიური ევროპეიზაცია: ეთნიკური უმცირესობები ადვოკატირებას უწევენ ცვლილებებს

19 მარტს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან და სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებთან ჩაატარა ონლაინ სემინარი ინკლუზიური ევროპეიზაციისა და მისი მიღწევის გზების შესახებ.

დაარსების დღიდან (2009), აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) ფუნდამენტურ ფასეულობებზე დგას, მათ შორის დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემაზე. მისმა ამ ღირებულებებზე დაფუძნებულმა მიდგომამ  განაპირობა ევროკავშირის პოლიტიკა მის სამეზობლოში, რაც მდგრად კეთილდღეობასა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას გულისხმობს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე ათწლეულის დაწყებისთანავე, ევროკავშირი, სავარაუდოდ, ახალ სტიმულს მისცემს მის ნორმატიულ მისწრაფებებს, რათა გლობალური ჩართულობის სტრატეგია გააძლიეროს რეგიონში. ანგარიში “აღმოსავლეთ პარტნიორობის 2030 წლის სცენარები” ხაზს უსვამს სამოქალაქო ემანსიპაციას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ სცენარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის: “სამოქალაქო საზოგადოების განმანთავისუფლებელი ძალა, რომელიც საზოგადოებაში ცვლილებების განსაზღვრის, დაცვისა და მოთხოვნისკენაა მიმართული, ხდება აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის მომავლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი”.

ისეთი მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკური ჩართულობა, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. ევროპეიზაცია არის ტრანსფორმაციული ძალა, რომელიც უბიძგებს საქართველოს მთავრობას რეფორმებისა და სოციალური ცვლილებებისკენ. უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ეთნიკურ უმცირესობები კარგად ვერ ხედავენ/აღიქვამენ ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებელს, რაც განპირობებულია სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით,  შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობითა და ინფორმაციაზე ნაკლები ხელმისაწვდომობით.

ონლაინ სემინარი მიზნად ისახავდა, მონაწილეებს ემსჯელათ ეთნიკური უმცირესობების როლზე საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში და იმ გზებზე, რომლებიც პროცესს უფრო მეტად ინკლუზიურს გახდის, ასევე, – ეთნიკური უმცირესობების, როგორც მოწყვლადი ჯგუფების მიერ ცვლილებების ადვოკატირების შესახებ.

ღონისძიება “აღმოსავლეთ პარტნიორობა 2030 სცენარების” კვირეულის ნაწილია, რომელიც ორგანიზებულია Res Publica Foundation/Visegrad Insight-ის მიერ, Black Sea Trust-ის მხარდაჭერით. კვირეულის მიზანია ანგარიშის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2030 წლის სცენარები” განხილვა, რომელიც ერთობლივად შემუშავდა Visegrad Insight-ისა და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის მიერ. ანგარიშის მომზადებაში, ასევე, მიუძღვის წვლილი ჩატარებულ ვორქშოფებსა და 30-ზე მეტ ანალიტიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტიკის შემქმნელს, სამოქალაქო აქტივისტს, ციფრულ საზოგადოებასა (digital community) და ბიზნეს ლიდერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან.


 

 

 

 

 

Related Posts